• Geo
  • Eng
27.06.2014
ჩვენი მეტოქე - აქტობე

დინამო თბილისის მეტოქე ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთის ჩემპიონი- აქტობე იქნება. ჩვენი მომავალი მეტოქე 17 ტურის შემდეგაც 35 ქულით ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია და უახლოეს მდევრებთან 5 ქულიანი ჰანდიკაპი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ პირველობის ბოლო 4 მატჩში გუნდმა მხოლოდ 3 ქულის მოპოვება შეძლო. თბილისში ჩამოსვლამდე ისინი ჩემპიონატის 3 შეხვედრას გამართავენ, მათ შორის უშუალო კონკურენტებთან- ასტანასთან და კაირათთან.

ქალაქ აქტობეს 1999 წლამდე აქტიუბინსკი ერქვა. იგი დასავლეთ ყაზახეთში მდებარეობს. 2012 წლის აღწერის მიხედვით ქალაქში 367 ათასი მოსახლეა. მათი უმრავლესობა დაახლოვებით 69 პროცენტი ყაზახი ეროვნებისაა.

აქტობე საშინაო მატჩებს კობლანდი ბატირის სახელობის არენაზე მართავს, რომელიც 1975 წელს გახლავთ აგებული და რამდენიმე რეკონსტრუქციის შემდეგ 13 ათას 500 მაყურებელს იტევს.

კლუბი 1967 წელსაა დაარსებული და დაარსების დღიდან რამდენჯერმე შეიცვალა სახელწოდება. ამჟამინდელ სახელს 2005 წლიდან ატარებს.

გუნდი ყაზახეთის პრემიერლიგის გამარჯვებული 5-ჯერ იყო. ერთხელ ფლობდა თასს. 2-2-ჯერ ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორი გახლდათ.

2005 წლიდან აქტობე ყოველთვის სამეულშია და უეფას ტურნირებშიც რეგულარულად მონაწილეობს. აქტობე უეფას ტურნირებზე 2-ჯერ გადაეყარა ქართულ კლუბებს და ორივე შემთხვევაში გამარჯვებული გამოვიდა. 2010 წელს რუსთავის ოლიმპს აჯობა 2:0 და 1:1.  2012-ში კი ქუთაისის ტორპედოს სძლია 1:0 და 1:1. გუნდმა 3-ჯერ უწია ევროპის ლიგის ფლეი-ოფს და სამივეჯერ ხელი მოეცარა. ჯგუფური ეტაპისკენ გზა ყაზახებს ჯერ ვერდერმა და ალკმაარმა, გასულ წელს კი კიევის დინამომ გადაუღობა.

გუნდს წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ვლადიმერ ნიკიტენკო ავარჯიშებს, რომელიც 10 წლის მანძილზე იცავდა ალმა-ათის კაირათის ღირსებას და საბჭოთა კავშირის პირველობაზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით კლუბის აბსოლუტური რეკორდსმენია- 257 შეხვედრა. 57 წლის ნიკიტენკო 2013 წლიდან მუშაობს გუნდში.

აქტობეს რამდენიმე ფეხბურთელს სისტემატურად იძახებენ ყაზახეთის ნაკრებში. გუნდის ახალწვეულია უკრაინელი ფორვარდი ანტონოვი, რომელიც ასევე მონაწილეობდა საკუთარი ქვეყნის ნაკრების ერთ-ერთ უკანასკნელ მატჩში. ტრინიდადისა და ტობაგოს ნაკრებში გამოდის მცველი პრიმუსი, სომხეთის ნაკრებში თამაშობენ მცველი არზუმანიანი და ნატურალიზებული ბრაზილიელი პიცელი. აქტობეს რიგებში ორი ბრაზილიელი ირიხცება, მცველი ანდერსონ სანტანა და ფორვარდი დანილო ნეკუ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024