სწორედ 70-იანი წლების დასაწყისში მოვიდა ”დინამოში” ნიჭიერ ფეხბურთელთა ის თაობა, რომლებმაც კლუბი უდიდეს გამარჯვებამდე მიიყვანა - დავით ყიფიანი, ვლადიმერ გუცაევი, შოთა ხინჩაგაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე...
1972 წლის 13 სექტემბერს დინამოელები ევროტურნირში ერთვებიან. სადებიუტო სეზონში ”დინამომ” უეფას თასზე იასპარეზა - პირველი შეხვედრა ჰოლანდიის ქალაქ ენსხედეს კლუბ ”ტვენტესთან” ქართველმა ფეხბურთელებმა 3:2 მოიგეს.
ორი ბურთი გივი ნოდიამ გაიტანა, ერთიც ტრაგიკულად დაღუპულმა ლეგენდარულმა გამთამაშებელმა დავით ყიფიანმა.
გუნდის შემადგენლობა ასეთი გახლდათ: დავით გოგია, რევაზ ძოძუაშვილი, ვახტანგ ჭელიძე, მურთაზ ხურცილავა, შოთა ხინჩაგაშვილი, გურამ პეტრიაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, კახი ასათიანი, ვლადიმერ გუცაევი (ლევან ნოდია), გივი ნოდია, დავით ყიფიანი.
1973 წელს თბილისის ”დინამო” პირველ დიდ საერთაშორისო ტურნირს იგებს - ესპანეთის ქალაქ უელვაში თბილისელები ჯერ მადრიდის ”ატლეტიკოს” ამარცხებენ, მერე კი თვით ლისაბონის ”ბენფიკას” და მთავარ პრიზს - კოლუმბის კარაველას ეუფლებიან!
1976 წელს გუნდის მთავარ მწვრთნელად ნოდარ ახალკაცი ინიშნება, კაცი, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული ”დინამოს” ყველაზე წარმატებული პერიოდი.
ახალკაცის გამოჩენის პირველსავე წელს ”დინამო” ორჯერ ხდება ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1976 წელს ჩემპიონატი ორჯერ ჩატარდა) და რაც მთავარია, ისტორიაში პირველად სსრკ-ს თასს იგებს!
1976 წლის 3 სექტემბერს ფინალი მოსკოვში შედგა. თბილისელებმა 3:0 სძლიეს წინა გათამაშების გამარჯვებულ ერევნის ”არარატს” - დავით ყიფიანის, ფირუზ კანთელაძის (პენალტი) და რევაზ ჩელებაძის გოლებმა ”დინამოს” პირველად არგუნა ბროლის თასი!
1977 წელს თბილისის ”დინამო” ჩემპიონატში ერთი საფეხურით მაღლა იწევს - გუნდი ვიცე-ჩემპიონია.
1978 წელს კი ”დინამო” მეორედ ხდება საბჭოთა კავშირის ჩემპიონი - ნოდარ ახალკაცის გაწვრთნილმა გუნდმა ტიტული პირველობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა! იმ დროს ”დინამოში” ბრწყინვალე ფეხბურთელები თამაშობდნენ - დავით ყიფიანი, ძმები მაჩაიძეები, ალექსანდრე ჩივაძე, შოთა ხინჩაგაშვილი, თამაზ კოსტავა, დავით გოგია, ვახტანგ ქორიძე, რამაზ შენგელია, ფირუზ კანთელაძე, ვიტალი დარასელია, ვლადიმერ გუცაევი, თენგიზ სულაქველიძე, რევაზ ჩელებაძე, ოთარ გაბელია, ნოდარ ხიზანიშვილი...
1979 წელს ჩვენი გუნდი მეორედ ხდება ბროლის თასის მფლობელი. ფინალში თბილისელების მეტოქე მოსკოველი თანაკლუბელები იყვნენ. 11 აგვისტოს მოსკოვში გამათული შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა. პენალტების სერიაში კი მტკვრისპირელებმა მეტოქეს 5:4 აჯობეს. ჩივაძემ, დარასელიამ, შენგელიამ, მაჩაიძემ და სულაქველიძემ ზუსტად შეასრულეს 11 მეტრიანი დარტყმები, გაბელიამ კი სამჯერ მოახერხა მოსკოველთა დარტყმულის მოგერიება.