• Geo
  • Eng
26.10.2013
დინამო VS ტორპედო – მატჩამდე

საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის X ტურის შეხვედრას დინამო თბილისი საკუთარ მოედანზე, ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს. ქართულ კლასიკოდ წოდებული დინამოსა და ტორპედოს დაპირისპირება დინამო არენაზე 17:00 საათზე დაიწყება. დაპირისპირების პირდაპირ ეთერს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი გადასცემს. ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი ტრადიციულად მატჩის როგორც ტექსტურ, ასევე ვიდეო რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.

 

 

ჩვენი მეტოქე

 

ქუთაისის საფეხბურთო კლუბი ტორპედო 1946 წელს დაარსდა. ტორპედო საშინაო შეხვედრებს ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე მართავს, რომელიც 19 400 მაყურებელს იტევს. ქუთაისურ კლუბში მომხდარი რებრენდინგის შემდეგ, გუნდის სიმბოლიკა ძირითადად ყვითელ და მწვანე ფერებში არის გადაწყვეტილი. ქუთაისის ტორპედომ პირველ სერიოზულ წარმატებას დაარსებიდან სამი წლის თავზე მიაღწია, ტორპედო იმჟამინდელი საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ჩვენი მომავალი მეტოქე 1960 წლიდან – 1962 წლამდე სსრკ ჩემპიონატის ბ ლიგაში ასპარეზობდნენ. სსრკ პირველობის უმაღლეს ლიგაში ტორპედომ პირველი ოფიციალური მატჩი 1962 წლის 2 მაისს საკუთარ მოედანზე გამართა. სადებიუტო შეხვედრაში ქუთაისელმა ფეხბურთელებმა მოსკოველი თანაკლუბელები ანგარიშით – 5:1 დაამარცხეს. 1963 წლის 15 აპრილი ქუთაისის ცენტრალური სტადიონისთვის ისტორიული თარიღია, ამ დღეს ერთმანეთს ქუთაისის ტორპედო და დინამო თბილისი დაუპირისპირდნენ, შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, ფრედ – 0:0 დასრულდა. აღნიშნულ მატჩს 40 000 მაყურებელი დაესწრო და ეს მაჩვენებელი ქუთაისის ცენტრალური სტადიონისთვის დღემდე სარეკორდო მაჩვენებლად ითვლება. 1970 წლის სეზონი ქუთაისის ტორპედოსთვის წარუმატებელი გამოდგა, გუნდი სსრკ პირველობის უმაღლესი ლიგიდან პირველ ლიგაში დაქვეითდა და შესაბამისად მომდევნო სეზონი I ლიგაში დაიწყო. 1988 წელს სსრკ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში კიდევ ერთხელ დაბრუნდა ტორპედო, თუმცა ამ პერიოდში საქართველო სსრკ–ს ოფიციალურად გამოეყო და გუნდმა საქართველოს ჩემპიონატში განაგრძო ასპარეზობა. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ქუთაისის ტორპედო დინამო თბილისის შემდეგ, ყველაზე მეტჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. ქუთაისურმა გუნდმა 1999-00 2000-01, 2001-02 წლებში ზედიზედ სამჯერ იმარჯვა ეროვნულ პირველობაზე. ამავე პერიოდს უკავშირდება ტორპედოს წარმატებული ასპარეზობა საქართველოს თასზეც, გუნდმა 1998–99, 2000–01 წლების სეზონში ოქროს მედლების მოპოვება შეძლო.

 

 

მწვრთნელი და ტორპედო

 

მიმდინარე წლის ივნისში, ახალი სეზონის სტარტზე ქუთაისურ კლუბის მთავარი მწვთნელი ხერარდ მულეტ სარაგოსა დაინიშნა, რომელიც ქუთაისურ კლუბში მისვლამდე თბილისის ლოკომოტივში მუშაობდა. მოსამზადებელი პერიოდის დასრულების შემდეგ ხერარდ მულეტ სარაგოსას თაოსნობით ქუთაისის ტორპედო უეფას ევროპის ლიგის გათამაშებაში ჩაერთო, სადაც გუნდმა სლოვაკური ჟილინას ბარიერის დაძლევა ვერ შეძლოდა ორი მატჩის ჯამში 3:6 დამარცხდა. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში სარაგოსას გაწვთნილი ტორპედო ამჟამად მოეორე პოზიციას იკავებს. 9 ჩატარებული შეხვედრიდან ტორპედომ 5 მატჩი მოიგო, 4 კი ფრედ დაასრულა. უმაღლესი ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ტორპედო ერთადერთი გუნდია, რომელიც სეზონის სტარტიდან 9 ტურის შემდეგ წაუგებელად აგრძელებს ასპარეზობას.

 

 

დინამომდე

 

მიმდინარე სეზონში ტორპედომ ეროვნულ სარბიელზე 10 ოფიციალური მატჩი (9 უმაღლეს ლიგაში, 1 საქართველოს თასზე) გამართა, საიდანაც გუნდმა 5 მატჩი (ზესტაფონი 2:3 ტორპედო, სპარტაკი 0:1 ტორპედო, ტორპედო 1:0 გურია, ტორპედო 4:1 ვიტ ჯორჯია და მერანი 0:3 ტორპედო) გამარჯვებით დაასრულა, 5 შეხვედრა კი – (ტორპედო 1:1 მეტალურგი, ტორპედო 0:0 დილა, ზუგდიდი 0:0 ტორპედო, ტორპედო 2:2 სპარტაკი და ტორპედო 1:1 სიონი) ფრედ.

 

დინამო VS ტორპედო – ურთიერთშხვედრები

 

საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 55 მატჩიდან,  26-ჯერ გამარჯვება მტკვრისპირელებმა იზეიმეს, 14 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 15 დაპირისპირებიდან რიონისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. ბურთების შეფარდება 90:54 თბილისელთა სასარგებლოდ არის. ბოლო შეხვედრა, რომელიც თბილისში 4 მაისს გაიმართა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 4:0 დასრულდა. ქუთაისელთა კარში ორი გოლი გაიტანა ჯაბა დვალმა, თითო ბურთი კი მიკელ ალვარომ და პეტერ გრაიციარმა გაიტანეს. ტორპედოსთან მოგებული მატჩის შემდეგ დინამომ 2012/2013 წლების სეზონის ჩემპიონის ტიტული გაინაღდა.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

 

დისკვალიფიკაციის გამო ხვალინდელ მატჩში ჩვენი გუნდის მსგავსად, არც ქუთაისური ტორპედო მოისაკლისებს ფეხბურთელებს. გუნდები რიგით 56–ე კლასიკოს ფაქტობრივად ოპტიმალური შემადგენლობებით ეგებებიან.

 

დინამო VS ტორპედომსაჯი

 

დინამო თბილისისა და ტორპედო ქუთაისის დაპირისპირებას ექვსკაციანი მსაჯთა ბრიგადა განსჯის. შეხვედრის მთავარი მსაჯი გიორგი ვადაჭკორია იქნება, რომელსაც ასისტენტობას ზაზა ფიფია და დავით ჩიგოგიძე გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები კი ჯენერი ხორავა და გიორგი ყრუაშვილი იქნებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი არსენ ნონიკაშვილი შეასრულებს.

 

ტორპედოს სავარაუდო შემადგენლობა

 

ჩვენი ვარაუდით, დღევანდელ მატჩში ქუთაისელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

ქვილითაია – ხიდეშელი, ჭელიძე, უბილავა, სანდოხაძე – კაპანაძე, კუხიანიძე, ცინცაძე, გოროზია, გიგაური – საბანაძე

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024