• Geo
  • Eng
16.09.2013
17 სექტემბერი დინამოს ისტორიაში

17 სექტემბერს დინამო თბილისი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის III ტურის გადადებულ შეხვედრას ცხინვალის სპარტაკის წინააღმდეგ გამართავს. დინამოელებს 17 სექტემბერს 17 ოფიციალური მატჩი (7 ეროვნულ ჩემპიონატში, 2 ევროთასებზე, 8 სსრკ პირველობაზე) აქვთ გამართული, საიდანაც ჩვენმა გუნდმა 8 თამაში მოიგო, 5 მატჩი ფრედ დაასრულა, 4 შემთხვევაში გამარჯვება მეტოქეს დარჩა. ბურთების შეფარდება 30:11–ზე არის.

 

ეროვნულ ჩემპიონატში დინამოელებმა 17 სექტემბერს პირველად 1991 წელს ითამაშეს. ჩვენი გუნდი გასვლით შეხვედრაში ზუგდიდის ოდიშს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით – 0:1 დამარცხდა.

 

1993 წლის 17 სექტემბერს დინამომ რუსთავში ადგილობრივ მეტალურგს 2:1 მოუგო. რუსთაველთა კარში გოლები გიორგი ქინქლაძემ და შოთა არველაძემ გაიტანეს.

 

1995 წლის 17 სექტემბერს დედაქალაქმა ქართულ კლასიკოს უმასპინძლა. თბილისში გამართული დინამო – ტორპედო ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 5:1 დასრულდა. ქუთაისელთა კარში ორი გოლი გაიტანა გიორგი დემეტრაძემ, თითო გატანილი ბურთით გამოირჩნენ კახი გოგიჩაიშვილი, როინ კერძევაძე და დავით მუჯირი.

 

2000 წლის 17 სექტემბერს ერთმანეთს თბილისელი და ბათუმელი თანაკლუბელები დაუპირისპირდნენ. ჩვენმა გუნდმა საშინაო შეხვედრაში ბათუმის დინამოს 2:0 მოუგო. ზღვისპირელთა კარში გოლები ლევან მიქაძემ და რევაზ ქემოკლიძემ გაიტანეს.

 

2001 წლის 17 სექტემბერს დინამომ დიდი ანგარიშით დაამარცხა მერანი–91. ჩვენმა ფეხბურთელებმა დინამო არენაზე მეტოქეს 6:0 სძლიეს. აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა მიხეილ ბობოხიძემ, თითო ბურთი გაიტანეს უმცროსმა ვიტალი დარასელიამ, კოკა მიკუჩაძემ, თორნიკე აფციაურმა და ნიკოლოზ თუთარაშვილმა.

 

2006 წლის 17 სექტემბერს საშინაო შეხვედრაში დინამოელებმა თელავის კახეთს 2:1 მოუგეს. გოლები დავით გიგაურმა და ამბროზიომ გაიტანეს.

 

2011 წლის 17 სექტემბერს დინამომ სტუმრად, ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ ითამაშა და მეტოქეს მშრალი ანგარიშით – 3:0 სძლია. ფოთელთა კარში თითო გოლი ნიკა კვეკვესკირმა, ალექსანდრე კოშკაძემ და ჯაბა ჯიღაურმა გაიტანეს.

 

ევროასპარეზზე დინამოელებმა 17 სექტემბერს პირველად 1980 წელს იასპარეზეს. თასების მფლობელთა თასის გათამაშების 1/16 ფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი ბერძნულ კასტორიას დაუპირისპირდა. სალონიკში კაფთაზოღლუზე გამართული მატჩი გატანილი გოლების გარეშე, ფრედ – 0:0 დასრულდა.

1987 წლის 17 სექტემბერს დინამოელებმა უეფას თასის გათამაშების 1/32 ეტაპის მატჩი სტუმრად სოფიის ლოკომოტივის წინააღმდეგ გამართეს. ჩვენი გუნდი ბულგარეთში 1:3 დამარცხდა, მეტოქის კარში რამაზ შენგელიამ გაიტანა.

 

17 სექტემბერს სსრკ პირველობაზე ჩვენმა გუნდმა პირველი მატჩი 1949 წელს ითამაშა. დინამომ საკუთარ მოედანზე სტალინოს (დონეცკის) შახტარს უმასპინძლა და მეტოქეს დიდი ანგარიშით – 5:0 სძლია. უკრაინული გუნდის კარში ორი გოლი გაიტანა ანდრო ზაზროევმა და რევაზ მახარაძემ, ერთი გატანილი ბურთით გამოირჩა ბასა ღოღობერიძე.

 

1950 წლის 17 სექტემბერს თბილისელმა ფეხბურთელებმა მოსკოველ თანაკლუბელებს უმასპინძლეს. დინამოზე გამართული მატჩი საყაიმო ანგარიშით – 2:2 დასრულდა. მოსკოვის დინამოს კარში თითო გოლი მიხეილ ჯოჯუამ და ბასა ღოღობერიძემ გაიტანეს.

 

1951 წლის 17 სექტემბერს დინამომ დონეცკის შახტარს უმასპინძლა. მატჩი ფრედ – 1:1 დასრულდა. უკრაინელთა კარში გოლი ვლადიმერ ვარდიმიადმა გაიტანა.

 

1959 წლის 17 სექტემბერს დინამო სტუმრად მოსკოვის ტორპედოსთან – 0:1 დამარცხდა.

 

1968 და 1982 წლის 17 სექტემბერს დინამოელები სტუმრად ვოროშილოგრადის ზარიას და დონის როსტოვის სკა–ს დაუზავდა. ორივე მატჩი გატანილი გოლების გარეშე – 0:0 დასრულდა.

 

1988 წლის 17 სექტემბერს დინამომ ვილნიუსის ჟალგირისი სტუმრად მინიმალური ანგარიშით – 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი კახი გოგიჩაიშვილმა გაიტანა.

 

1989 წლის 17 სექტემბერს დინამო დონეცკის შახტარის წინააღმდეგ სტუმრად 0:1 დამარცხდა.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024