• Geo
  • Eng
30.06.2013
პეტერ გრაიციარი – შეგვწევს უნარი, რომ ევროასპარეზზე წარმატებულად გამოვიდეთ

ავსტრიაში მიმდინარე შეკრების დასკვნითი მატჩის წინ  დინამოს ოფიციალური გვერდისთვის კომენტარი გუნდის სლოვაკმა ლეგიონერმა– პეტერ გრაიციარმა  გააკეთა.

როგორ მიმდინარეობს მოსამზადებელი ეტაპი ავსტრიაში?

ყველაფერი ბრწყინვალედ მიდის. მთებში ვართ, რაც ძალიან კარგი და სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის. აქტიურად მიდის ფიზიკური კონდიციების ამაღლება. ყოველდღიურად ვვარჯიშობთ და ვფიქრობ მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდებით ახალ სეზონს. თავად გარემოც და პირობებიც შესანიშნავი გვაქვს.

რას იტყოდი შეკრებაზე ჩატარებულ მატჩებზე?

ჩვენ კარგი ხარისხის თამაშები ვაჩვენეთ საკმაოდ ძლიერ გუნდებთან. გუნდებთან, რომლებიც ყოველ წელს ასპარეზობენ ჩემპიონთა და ევროპის ლიგის ჯგუფში. კიევთან სამწუხაროდ დავმარცხდით, თუმცა გვქონდა კარგი მომენტები და შეიძლებოდა მარცხის თავიდან აცილება. შახტართან კარგი თამაშიო ვაჩვენეთ და ვფიქრობ დამსახურებულად ვიმარჯვეთ, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამხანაგური სტატუსის მიუხედავად საკმაოდ დაძაბული და საინტერესო მატჩი გამოდგა. კლუჟთანაც სასარგებლო სპარინგი გამოგვივიდა და ფრეც ალბათ ორივე გუნდისთვის მისაღები შედეგი იყო.

ბოლო მატჩი რუმინულ კლუჟთან გუნდმა შენს გარეშე ჩაატარა. რა იყო ამის მიზეზი?

თამაშამდე ორი დღით ადრე კუნთში ვიგრძენი ტკივილი. დუშან უჰრინთან შეთანხმებით  გადაწყდა, რომ გამომეტოვებინა კლუჟთან შეხვედრა და რისკის ქვეშ არ დავმდგარიყავი. ეხლა თავს მშვენივრად ვგრძნობ და  მზად ვარ კრასნოდართან საასპარეზოდ.

როგორ ფიქრობ, რამდენად მზადაა გუნდი ევროთასებზე საასპარეზოდ?

ჩვენ ვემზადებით, ვეთამაშებით ძლიერ კლუბებს და მგონი ცუდად არ გამოვიყურებით ამ თამაშებში. ვფიქრობ, შეგვწევს უნარი, რომ ძლიერ გუნდებს ტოლ–სწორად ვეთამაშოთ და ევროასპარეზზე წარმატებულად გამოვიდეთ.

როგორ გრძნობს პეტერი თავს გუნდში?

ძალიან მოხარული ვარ, რომ დინამო თბილისის ოჯახის წევრი ვარ. წელს დუბლი შევასრულეთ და ეს ბრწყინვალე შედეგია, თან როგორც ვიცი ასეთი შედეგი გუნდს ბოლოს ათი წლის წინ ჰქონდა. გუნდში ყველასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ჩემი დიდი სურვილია წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე  ან  ევროპის ლიგის ჯგუფში ვიასპარეზოთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024