• Geo
  • Eng
11.04.2013
ზესტაფონი vs დინამო – ურთიერთშეხვედრები

14 აპრილს ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეშვიდე ტურის შეხვედრა გაიმართება. ზესტაფონის ზესტაფონი დინამო თბილისს უმასპინძლებს. შეხვედრა 18.00 საათზე გაიმართება.

აქამდე  გუნდები ერთმანეთს ოცდაშვიდჯერ შეხვედრიან. აქედან ცამეტ შემთხვევაში მტკვრისპირელებმა დატოვეს მინდორი თავაწეულებმა, ექვსი შეხვედრა ფრედ დამთავრდა, ხოლო რვა მატჩში გამარჯვებულები ყვირილისპირელები დარჩნენ. ბურთების შეფარდება 34/25 თბილისელთა სასარგებლოდ. ამ გუნდების დაპირისპირებაში ყველაზე პოპულარული ანგარიში 1–0 არის, რომელიც ცხრა შეხვედრაში დაფიქსირდა. ექვსი შეხვედრა კი ანგარიშით 2–0 დასრულდა. დიდი ანგარიში მხოლოდ სამ შეხვედრაში დაფიქსირდა. 2009 წლის 10 აპრილს, თბილისელებმა გასვლაზე, ოთხი უპასუხო გოლით დაამარცხეს მოწინააღმდეგე. იმავე წლის 29 აგვისტოს, ოცდამეერთე ჩემპიონატის მეოთხე ტურში კი ზესტაფონელებმა   4–1 იმარჯვეს, ეს შეხვედრაც ფეროელთა ქალაქში გაიმართა. ასევე ზესტაფონში დაფიქსირდა მესამე დიდი ანგარიში ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებში. შარშან 14 დეკემბერს, პირველობის მეთხუთმეტე სათამაშო დღეს, ზესტაფონმა 5–1 დაამარცხა დინამო.

დინამოს ზესტაფონური გუნდებიდან, ასევე მარგვეთთან და მეტალურგთან უთამაშია. ამ შეხვედრებში თბილისელებს კოლოსალური უპირატესობა ჰქონდათ. ოცდაერთ ჩატარებულ მატჩში ზესტაფონელებმა მხოლოდ ორჯერ იმარჯვეს, სამი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო თექვსმეტ შემთხვევაში თბილისელებმა იზეიმეს გამარჯვება. ბურთების შეფარდება 82/15 დინამოს სასარგებლოდ. ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 1994 წლის 15 ოქტომბერს იმარჯვა. 1996 წლის 17 ნოემბერს დინამომ რვა უპასუხო ბურთი გაუტანა მარგვეთს. ანგარიშებით 6–0 და 6–1 კი, დინამომ სამ–სამჯერ იმარჯვა.

ამ გუნდების ბოლო შეხვედრა, რომელსაც ზესტაფონმა უმასპინძლა, მასპინძლების გამარჯვებით 2–1 დასრულდა. 23 დეკემბერს გამართული შეხვედრაში შოთა ბაბუნაშვილმა გახსნა ანგარიში, შემდეგ ალვარომ სტატუს ქვო აღადგინა, ხოლო ზესტაფონისთვის გამარჯვების მომტანი გოლი თეიმურაზ ღონღაძემ გაიტანა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024