• Geo
  • Eng
26.01.2013
მეორე მეტოქე – პოლტავის ვორსკლა

თურქულ შეკრებაზე მყოფი დინამოელები მოსამზადებელი ეტაპის მეორე სპარინგ მატჩს უკრანის პრემიერლიგის, პოლტავის ვორსკლასთან გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

1955 წელს დაარსებული ვორსკლას (თავდაპირველად გუნდს– კოლხოზნიკი ერქვა) საკლუბო ფერები მწვანე და თეთრია. პოლტაველები საშინაო შეხვედრებს სტადიონ ვორსკლაზე მართავენ, რომელიც 24 800 მაყურებელს იტევს.

პოლტავის ვორსკლა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების გათამაშებაში ძირითადად მეორე ლიგაში ასპარეზობდა და თუ არ ჩავთვლით 1956 წელს მოგებულ უკრაინის თასს, ღირებულ წარმატებას ვერც აღწევდა.

უკრაინის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას ვორსკლა 1996/97 წლების სეზონში შეუერთდა და იმ გათამაშების ბრინჯაოს მედლებსაც დაეუფლა. 2009 წელს კი პოლტავის გუნდმა უკრაინის თასიც მოიგო.

ევროპულ ასპარეზზე უკრაინული გუნდის საუკეთესო მაჩვენებელი 2011/12 წლების სეზონით თარიღდება, როდესაც ვორსკლამ უეფას ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. B ჯგუფში პოლტაველებს მეტოქეობას კოპენჰაგენი, სტანდარტი და ჰანოვერი უწევდნენ. იმ მატჩებში ვორსკლამ ოთხი წაგების წილ, ორი ფრე გაახერხა.

ჩვენი მომავალი მეტოქე უკრაინის მიმდინარე ჩემპიონატში, 18 ჩატარებული შეხვედრიდან 20 ქულით მე– 13 ადგილზე იმყოფება. 5 მოგება, 5 ფრე, 8 წაგება და ბურთების ბალანსი 18/22.

პოლტავის ვორსკლა მეორე შეკრებაზე თურქეთში 24 იანვრიდან იმყოფება. უკრაინელებმა პირველ შეკრებაზე სამი მატჩი გამართეს და სამივეში იმარჯვეს, შესაბამისად– ტობოლთან 1:0, ურალთან 2:1 და ასტანასთან 4:0.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024