• Geo
  • Eng
30.11.2012
დინამო vs ჩიხურა – ურთიერთშეხვედრები და 2 დეკემბერი დინამოს ისტორიაში

კვირას 2 დეკემბერს, საქართველოს ჩემპიონატის მეთვრამეტე ტურში დინამო თბილისი საკუთარ არენაზე საჩხერის ჩიხურას დაუპირისპირდება. შეხვედრა 18.00 საათზე დაიწყება.

აქამდე ეს გუნდები ეროვნულ ასპარეზზე სულ სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. 2006 წლის 18 ნოემბერს დინამომ ანგარიშით 3–1 აჯობა მეტოქეს. გოლები  ხუციშვილმა, იაშვილმა და თავბერიძემ (საკუთარ კარში) გაიტანეს. მეორე მატჩი 2007 წლის 16 მაისს გაიმართა და ჩვენმა გუნდმა ხუთი უპასუხო ბურთით იმარჯვა. თავის გამოჩენა მოახერხეს: ფეიქრიშვილმა, იაშვილმა, მერებაშვილმა, ხუციშვილმა და გურამ კაშიამ. ბოლო მატჩი ამ გუნდებს შორის 26 სექტემბერს საჩხერეში შედგა და უგოლოდ დასრულდა.

ეროვნულ ჩემპიონატში 2 დეკემბერს დინამო თბილისმა ორი შეხვედრა გამართა. 1992 წელს, მეოთხე ჩემპიონატში თბილისელებმა გურჯაანის ალაზანს უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით 4–1 აჯობეს მეტოქეს. ორი გოლი ინალიშვილმა გაიტანა, თითო გოლი კი ყაველაშვილმა და არჩილ არველაძემ ჩაიწერეს თავის ანგარიშზე. 2007 წელს მეცხრამეტე ჩემპიონატში დინამომ გორის დილა ხუთი უპასუხო ბურთით დაამარცხა. შეხვედრაში მერებაშვილმა ჰეთ–თრიქი გაიფორმა, ხუციშვილმა კი დუბლი შეასრულა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024