• Geo
  • Eng
09.11.2012
დინამო(თბ) vs დინამო(ბთ) – ურთიერთშეხვედრები

კვირას, 11 ნოემბერს დინამო თბილისი თავის არენაზე ბათუმელ სეხნიას დაუპირისპირდება. ეროვნული ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრა 17.00 საათზე დაიწყება. ორ დინამოს შორის ჩატარებული ყოველი მატჩი უკომპრომისო ბრძოლით და თავდადებული თამაშით აღინიშნება, მომავალი შეხვედრა კი ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირებაში 45– ე იქნება.

საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 44 მატჩიდან, 32-ჯერ მტკვრისპირელებმა იზეიმეს გამარჯვება, 7 შეხვედრა დასრულდა ფრედ, ხოლო 5 დაპირისპირებიდან ზღვისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. ბურთების შეფარდებაა 96/38 თბილისელთა სასარგებლოდ.

ურთიერთშეხვედრებში ყველაზე მეტჯერ– ექვსჯერ დაფიქსირდა ანგარიში 3:1 და 3:0. ხუთ–ხუთჯერ შეხვედრები 2:0 და 1:0 დასრულდა. ყველაზე უხვგოლიანი მატჩი 1994 წლის 18 სექტემბერს გაიმართა. ბათუმში ჩატარებულ შეხვედრაში რვა გატანილი გოლი ვიხილეთ. აჩის ჰეთ–თრიქს შოთის დუბლი მიემატა და თბილისელებმა 5:3 იმარჯვეს. დიდი ანგარიშით დინამო მეთექვსმეტე ჩემპიონატის მეცხრე ტურში დამარცხდა. 2004 წელს ჩატარებულ შეხვედრაში დედაქალაქელები 0:3 დამარცხდნენ. ყველაზე დიდი ანგარიშით მტკვრისპირელებმა მეტოქე 2007 წლის 29 სექტემბერს დაამარცხეს. მეცხრამეტე ჩემპიონატის მეშვიდე ტურში დინამომ შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა ბათუმელ სეხნიას. თავი კი გამოიჩინეს: კობახიძემ და აკირემმა დუბლებით, ხუციშვილმა, სპასოევიჩმა და ხმალაძემ კი თითო გოლით.

ბოლო შეხვედრა ამ გუნდებს შორის, რომელიც წელს 25 აგვისტოს ზესტაფონში გაიმართა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით 3–0 დასრულდა. იმ შეხვედრაში ჯაბა დვალმა, მიკელ ალვარომ და რობერტინიომ მოახერხეს თავის გამოჩენა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024