• Geo
  • Eng
18.03.2023
დინამო - თელავი | მატჩამდე

35-ე ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრაში დინამო თბილისი თელავს შეხვდება. მატჩი კავკასიონი არენაზე 18.00 საათზე დაიწყება.

 

 

ჩვენი მეტოქე

საფეხბურთო კლუბი თელავი 2016 წლის 19 ივნისს დაარსდა. გუნდი საშინაო მატჩებს ლეგენდარული გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე ატარებს, თუმცა ამჯერად სტადიონზე რეკონსტრუქცია იგეგმება და კახელები მეტოქეებს თელავში, კავკასიონი არენაზე მასპინძლობენ. თელაველებმა ასპარეზობა რეგიონალ ლიგაში დაიწყეს და გარდამავალ ჩემპიონატში მესამე ლიგის საგზური მოიპოვეს. 2017 წელს მესამე ადგილზე დაასრულეს პირველობა და პლეი ოფის ორმატჩიან დუელში გურია (2-1, 1-1) დაამარცხეს. 2018 წელს თელაველებს პროგრესი არ შეუნელებიათ და მართალია ლიგა 2- ში საპრიზო ადგილი ვერ მოიპოვეს, თუმცა ისტორიაში პირველად საქართველოს თასის ნახევარფინალს უწიეს, სადაც ქუთაისის ტორპედოსთან მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდნენ. 2019 წელს თელავმა ეროვნული ლიგა 2- ის ბრინჯაო ირგუნა და პლეი ოფში რუსთავს ორივე შეხვედრა (1-0, 2-1) მოუგო. ამრიგად ახალგაზრდა გუნდმა უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა და 2006/2007 სეზონის შემდეგ, კახეთმა პირველად და საბოლოო შედეგებიდან გამომდინარე - ღირსეულად წარადგინა გუნდი ეროვნულ ლიგაში. 2020 და 2021 წლების გათამაშება კახელებმა მეექვსე ადგილზე დაასრულეს. 2022 წელს კი მეშვიდე ადგილი დაიკავეს.

 

 

მწვრთნელი და ურთიერთშეხვედრები

თელავის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2022 წლის ივლისიდან გიორგი ცეცაძე მუშაობს. მისი გუნდი 4 ჩატარებული მატჩიდან დაგროვილი 4 ქულით, სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე იმყოფება.

 

ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებს ხანმოკლე ისტორია აქვთ. სულ 10-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს თბილისელები და თელაველები. 5 მატჩი დინამომ მოიგო, 4 შეხვედრა ფრედ დასრულდა და ერთხელ კახელებმა იმარჯვეს. გატანილი და გაშვებული გოლების ბალანსია 15/6 დედაქალაქელთა სასარგებლოდ. 2020 წლის სეზონში ეს გუნდები ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორჯერვე გატანილი გოლების გარეშე დაცილდნენ. ნავსი 2021 წლის 20 მარტს გატყდა და დინამომ სამი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს. კავკასიონი არენაზე გამართულ შეხვედრაში თავი ზორან მარუშიჩმა, ფაბიან სპორქსლედემ და მილან რადინმა გაიტანეს. 16 მაისს დინამო არენაზე მასპინძლებმა საბა ხვადაგიანის გოლით 1-0 იმარჯვეს. 12 სექტემბერს თელაველებმა ისტორიაში პირველად დაამარცხეს დედაქალაქელები. კავკასიონი არენაზე მასპინძლებმა 1-0 იმარჯვეს. 2021 წლის 31 ოქტომბერს დინამოელებმა მილან რადინის, ლევან ხარაბაძის, ზორან მარუშიჩის და გიორგი მოისწრაფიშვილის გოლებით 4-0 დაამარცხეს მეტოქე. 2022 წლის 10 აპრილს ეს გუნდები თელავში შეხვდნენ ერთმანეთს და ფრედ 1-1 დაცილდნენ. გოლი მასპინძელთა კარში ანზორ მექვაბიშვილმა გაიტანა. 25 მაისს დინამო არენაზე დედაქალაქელებმა 3-2 მოიგეს. ვაჟა ფაცაციას ავტოგოლს ორი გოლი თორნიკე კირკიტაძემ და სტანისლავ ბილენკიმ მიამატეს. 5 სექტემბერს თელავში ჩატარებული შეხვედრა დინამომ იმრან ულად ომარის და თორნიკე კირკიტაძის გოლებით 2-1 მოიგო. 10 ნოემბერს ასევე იმრანის გოლი და დინამო არენაზე გამართული შეხვედრა 1-1 მორჩა.

 

 

მსაჯი და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

დღევანდელ შეხვედრას დავით ხარიტონაშვილი წარუძღვება. მას ასისტენტობას ბ. ჟვანია და დ. გაბისონია გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციას ი. იზორია შეასრულებს. მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ფეხბურთელები არ გამოტოვებენ.

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024