• Geo
  • Eng
02.10.2021
დინამო - სამგურალი | ურთიერთშეხვედრები
საქართველოს 33- ე ეროვნული პირველობის 28- ე ტურის მატჩი დინამოსა და სამგურალს შორის წყალტუბოში, 3 ოქტომბერს გაიმართება. მატჩი 26 მაისის სახელობის სტადიონზე 15 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

დინამოსა და სამგურალის ურთიერთშეხვედრების ისტორია 22 მატჩს ითვლის. ამ შეხვედრებში უპირატესობა დედაქალაქელთა მხარესაა. დინამომ 15 მატჩი მოიგო და სამი დათმო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 66/16. დიდი ანგარიშით თბილისელებმა 10- ჯერ იმარჯვეს, ამათგან აღსანიშნავი კი პირველ ჩემპიონატში 16 ივნისს 7-1 მოგებული მატჩია. გია გურულმა და კახა კაჭარავამ დუბლი შეასრულეს, დანარჩენი გოლები კი გოჩა ჩიქოვანმა, ზაზა რევიშვილმა და კახი გოგიჩაიშვილმა გაიტანეს. დინამომ მეტოქე იმავე ანგარიშით 1999 წლის 19 ნოემბერსაც დაამარცხა. დუბლი ამ შემთხვევაში რატი ალექსიძემ და კლიმენტი წიტაიშვილმა გაიფორმეს, სამი გოლი კი მიხეილ აშვეთიამ, ირაკლი ვაშაკიძემ და გიორგი შენგელიამ გაიტანეს. ყველაზე დიდი სხვაობა დინამოსა და სამგურალის პაექრობაში 1995 წლის 22 მაისს დაფიქსირდა, როცა დედაქალაქელებმა შვიდი უპასუხო გოლით იმარჯვეს. ორი გოლი გიორგი დემეტრაძემ შეაგდო, თითო შედეგიანი დარტყმა კი ალექსანდრე იაშვილმა, გიორგი კიკნაძემ, გოჩა ჯამარაულმა, ლევან ყიფიანმა და ლევან ცქიტიშვილმა შეასრულეს. ანგარიშით 6-0 დინამომ ორი შეხვედრა დაასრულა. 1996 წლის 1 აგვისტოს სამი დუბლი ლევან კობიაშვილმა, ლევან ხომერიკმა და გელა ინალიშვილმა ჩაიწერეს აქტივში. ხოლო 1999 წლის 23 მაისს გოლები მიხეილ აშვეთიამ (2), გიორგი კიკნაძემ, ამირან მუჯირმა, რატი ალექსიძემ და ზურა ხიზანიშვილმა გაიტანეს. ასევე ორჯერ მოიგო დინამომ ანგარიშით 4-0. 1991 წლის 30 მაისს გია ჯიშკარიანმა, კახა კაჭარავამ, შოთა არველაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა გამოიჩინეს თავი. 1994 წლის 1 დეკემბერს ალექსანდრე იაშვილმა ჰეთ თრიქი გაიფორმა, ერთი გოლიც გოჩა ჯამარაულის ანგარიშზეა. დინამოს ორი მარცხიდან ერთი შორეული 1991 წლის 29 ნოემბრით თარიღდება. დედაქალაქელებმა მატჩი 1-2 დათმეს, გოლი კი მიხეილ ყაველაშვილის ანგარიშზეა. ყველაზე ხშირად (ოთხჯერ) ამ გუნდებს შორის სწორედ 2-1 ანგარიშია დაფიქსირებული.

ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს ამა წლის 23 ივნისს შეხვდნენ. თბილისში გამართული მატჩი სტუმართა სასარგებლოდ 2-1 დასრულდა.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024