• Geo
  • Eng
03.07.2020
ჩემპიონი პირველ ადგილს დაუბრუნდა

დინამო არენაზე ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა რომელშიც დინამომ ლოკომოტივს უმასპინძლა. პირველი სახიფათო მომენტი მე- 15 წუთზე გიორგი ქიმაძისა და გიორგი კუციას კომბინაციას მოჰყვა. კუციას მიერ ნახევარბრუნში შესრულებული დარტყმა საბოლოოდ კუთხურით დასრულდა.  რამდენიმე წუთში კი გიორგი კუციამ ტექნიკური თამაშით მაღალ სიჩქარეზე რამდენიმე მეტოქეს ჩაურა, საბოლოოდ კი დარტყმული ბურთი ოდნავ ძლიერი აღმოჩნდა და კარს აცდა. 22- ე წუთზე ისევ კუცია და ამჯერად სტუმართა კარი ხარიხამ იხსნა. ცოტახანში ბრაზილიელი პერნამბუკუ ჩვეული ფინტებით ამწვავებდა შეტევას, დავით უბილავამ კი საჯარიმოს ხაზთან აკრძალული ილეთით შეაჩერა შეტევა. დინამოელთა სათამაშო უპირატესობას კიდევ ერთი სახიფათო შეტევა მოჰყვა, პერნამბუკუს ტექნიკურად დარტყმული ლუკა შეროზიამ მოიგერია, დამატებაზე კი თორნიკე კაპანაძეს დარტყმა არ გამოუვიდა. კიდევ ერთი საგოლე მომენტი მასპინძელთა შესრულებით და ამჯერად პერნამბუკუს არ გამოუვიდა დარტყმა. მე- 40 წუთზე უკვე როინ კვასხვაძემ იხსნა მასპინძელთა კარი. შეხვედრის 42- ე წუთზე პერნამბუკუზე უბილავამ იუხეშა, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. პირველი ტაიმი ესეც დასრულდა. მეორე ტაიმი ისევ დინამოელთა აქტიურობით განახლდა. ირაკლი ბუღრიძის გადაცემას ანზორ მექვაბიშვილი ასრულებდა, ბურთი მეკარემ მოიგერია. დინამოელთა კოლოსალური სათამაშო უპრატესობა ანგარიშში საბოლოოდ დავით კობოურმა შორი დარტყმით ასახა და მასპინძლები დააწინაურა. ამის შემდეგ საჯარიმოს მისადგომებიდან პერნამბუკუმ უძლიერესად გაისროლა, ბურთი მცირედით აცდა ლოკომოტივის კარს. 72- ე წუთზე დინამომ მეორე გოლი გაიტანა. თორნიკე კაპანაძე აკრძალული ილეთით შეაჩერეს, თერთმეტმეტრიანი კი მან თავადვე გაიტანა. შვიდ წუთში პერნამბუკუს აქტიურობა თორნიკე კირკიტაძის ავტო გოლით დასრულდა 3-0. ამის შემდეგ კიდევ ერთი რეალური საგოლე მომენტი არფან დაფემ გაუშვა ხელიდან. შეხვედრის ბოლო წუთზე აქტიურმა პერნამბუკუმ დასწრებაზე ითამაშა კარგად და სადებიუტო გოლით საბოლოო წერტილი დასვა. დინამომ ამ გამარჯვებით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე აინაცვლა. მომდევნო მატჩს კახა ჩხეტიანის გუნდი ქუთაისში 12 ივლისს გამართავს.

 

დინამო  4-0  ლოკომოტივი

 

გოლი: 1-0 კობოური 61’  2-0 კაპანაძე (პენ) 72’  3-0 თ. კირკიტაძე (ა.გ.)  4-0 პერნამბუკუ 90’   

გაფრთხილება: უბილავა 23’  ტრუბოჩკინი 25’  უბილავა 42’

გაძევება: უბილავა 42’

 

დინამო: კვასხვაძე, ტრუბოჩკინი, ლოჩოშვილი, კობოური, ქიმაძე, მექვაბიშვილი (დაფე 78), პაპავა, ბუღრიძე (ქავთარაძე 60), პერნამბუკუ, კუცია, თ. კაპანაძე

ლოკომოტივი: შეროზია, გურეშიძე, ჭანტურია, შონია, სამურკასოვი (არველაძე 73), დ. კირკიტაძე (თ. კირკიტაძე), გაბაძე, კობახიძე (ც. კაპანაძე 45), ძებნიაური, უბილავა, სიხარულიძე

 

მსაჯი: გ. კიკაჩეიშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2020