• Geo
  • Eng
27.01.2019
ჩვენი მეტოქე - ლოკომოტივი პლოვდივი

დინამო თბილისი თურქულ შეკრებაზე პირველ ამხანაგურ შეხვედრას ხვალ გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე ბულგარეთის უმაღლესი ლიგის მიმდინარე გათამაშების მერვე ადგილოსანი - პლოვდივის ლოკომოტივი იქნება.

რკინიგზელების გუნდი 1926 წელს დაარსდა და არაერთხელ შეიცვალა სახელი. თავიდან ერქვა სპორტკლუბი, 1945 წლიდან სპორტკლუბი პარჩევიჩი 45, 1946 წელს სლავია გადაერქვა, 1947 წელს სლავია ჩენგელოვი, 1949 წელს ისევ სლავია დაერქვა და იმავე წელს ტორპედოზე შეუცვალეს სახელი. 1951 წლიდან კი უკვე ლოკომოტივი დაერქვა. პლოვდიველები 13 000- იან ლოკომოტივის სტადიონზე თამაშობენ, საკლუბი ფერებით თეთრი, შავი და წითელი.

ლოკომოტივისთვის დასამახსოვრებელი და ტიტულოვანი 2003/2004 სეზონი გამოდგა, როდესაც ბულგარელებმა ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტულთან ერთად სუპერთასიც მოიპოვეს. მიმდინარე ჩემპიონატში კი 20 ჩატარებული მატჩიდან დაგროვილი 25 ქულით სატურნირო ცხრილში მერვე ადგილს იკავებენ.

ბულგარელები რამდენიმე დღეა რაც თურქულ შეკრებაზე იმყოფებიან. მანამდე ჩვენმა მეტოქემ 3 ამხანაგური მატჩი ჩაატარა. 17 იანვარს ლოკომოტივმა 4:0 მარიცა პლოვდივი დაამარცხა. 20 იანვარს რკინიგზელებმა ორიაჰოვიცას 2:0 აჯობეს და 24 იანვარს 7:0 ჩერნომორეც ბალჩიკი დაჯაბნეს. პლოვდიველთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2017 წლიდან ბოსნიელი ფეხბურთის სპეციალისტი ბრუნო აკრაპოვიჩი მუშაობს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024