კვირას, 19 აპრილს დინამო თბილისი ეროვნული პირველობის 24- ე ტურში ვიტ ჯორჯიას უმასპინძლებს. შეხვედრა დინამო არენაზე 16.00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს დინამოს საიტი უზრუნველყოფს.
19 აპრილს მტკვრისპირელებს თავის ისტორიაში 11 ოფიციალური მატჩი აქვთ გამართული. 7 შეხვედრა დედაქალაქელებმა მოიგეს, 2 მატჩი ყაიმით დასრულდა და ორჯერაც მეტოქემ იხეირა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 25/7 დინამოს სასარგებლოდ.
19 აპრილს საქართველოს ჩემპიონატში დინამოს აქამდე ხუთი მატჩი აქვს ჩატარებული. 1996 წელს თბილისელებმა გორში ადგილობრივი დილა დიდი ანგარიშით 6:1 დაამარცხეს. იმ შეხვედრაში კახა გოგიჩაიშვილმა ჰეთ–თრიქი შეასრულა. თითო გოლი კი ლევან ხომერიკმა, ალექსანდრე იაშვილმა და გელა ინალიშვილმა გაუტანეს დილას მეკარეს. 2006 წელს თბილისურ დერბიში ჩვენმა გუნდმა ლოკომოტივს სამი უპასუხო გოლით აჯობა. თავის გამოჩენა მიხეილ ბობოხიძემ, მათე ვაწაძემ და ლადო ბურდულმა მოახერხეს. 2011 წელს დინამომ ზუგდიდის ბაიას უმასპინძლა. ლევან ხმალაძისა და ალექსანდრე კოშკაძის გოლებით თბილისელებმა 2:1 იმარჯვეს. 2013 წელს განმუხურში დინამომ ზუგდიდი დაამარცხა 2:0. გოლები გიორგი გველესიანმა და ლევან ხმალაძემ გაიტანეს. შარშან რუსთავში გაიმარჯვა ჩვენმა გუნდმა. მეტალურგთან 2:0 მოგებულ შეხვედრაში შედეგიანი დარტყმები ჩისკო მუნიოსმა და გიორგი პაპუნაშვილმა ჩაიწერეს თავის ანგარიშზე.
19 აპრილს სსრკ– ს პირველობაზე დინამომ ექვსი მატჩი გამართა. 1951 წელს დინამომ გორკის ტორპედოს უმასპინძლა და ხუთი უპასუხო ბურთით დაამარცხა. ორ–ორი გოლით ავთო პაიჭაძემ და ნიკოლოზ თოდრიამ გამოიჩინეს თავი. ერთი გოლიც ბასა ღოღობერიძის ანგარიშზეა. 1953 წელს თბილისელებმა მოსკოვის სპარტაკთან უგოლოდ 0:0 დაასრულეს მატჩი. ერთი წლის შემდეგ ჩვენმა გუნდმა მოსკოველ სეხნიებს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ერთადერთი გოლი ალიოშა კოტრიკაძის ანგარიშზეა. 1959 წელს დინამომ მოსკოვის სპარტაკი მიიღო და ფრედ 1:1 გაეყარა მეტოქეს. გოლი ზაურ კალოევმა გაიტანა. 1983 წელს მტკვრისპირელებმა დნეპროპეტროვსკის დნეპრი მიიღეს. რამაზ შენგელიას დუბლს ერთი გოლი გოჩა ჯოხაძემ მიამატა და თბილისელებმა სტუმრები 3:1 დაამარცხეს. 1989 წელს მინსკში გამართული დინამოელთა დერბი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.