• Geo
  • Eng
27.01.2015
ჩვენი მეტოქე - შტურმი

ხვალ დინამოელები თურქულ შეკრებაზე პირველ სპარინგ მატჩს ჩაატარებენ. ჩვენი მეტოქე გრაცის შტურმი იქნება. შტურმი ისევე როგორც ბუქარესტის სტიაუა და ბელგრადის პარტიზანი, შეკრებაზე იმავე სასტუმროში ცხოვრობს, რომელშიც დინამო დაბინავდა.

ავსტრიული კლუბი 1909 წელს დაარსდა. გუნდის ოფიციალური ფერებია შავი და თეთრი. საშინაო შეხვედრებს კი შტურმი UPC Arena- ზე მართავს, რომლიც ტევადობაც 15 400 მაყურებელზეა გათვლილი. გრაცელებმა ავსტრიის ჩემპიონობა სამჯერ იზეიმეს- 1998, 1999 და 2011 წლებში. ავსტრიის თასი ოთხჯერ მოიგო შტურმმა- 1996, 1997, 1999 და 2010 წლებში. სუპერთასი კი სამჯერ აღმართა ჩვენმა ხვალინდელმა მეტოქემ- 1996, 1998 და 1999 წლებში.

შტურმი ავსტრიის ჩემპიონატში მეხუთე პოზიციაზე იმყოფება, მაგრამ მეორეადგილოსანს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. ავსტრიაში პირველობა 14 თებერვალს განახლდება და შტურმს გასვლითი მატჩი ელის გრიოდიგთან. გრაცელები ანტალიაში რამდენიმე დღეა იმყოფებიან და სამი სპარინგის გამართვაც მოასწრეს. 24 თებერვალს მათ ორი შემადგენლობით ითამაშეს შვეიცარულ სენტ-გალენთან (1:2 და 3:3). ასევე უხვგოლიანი ფრე 3:3 დაფიქსირდა ლიხტენშტეინის ვადუცთან შეხვედრაში.

დინამოს გულშემატკივარს კარგად ახსოვს ავსტრიელებთან დაპირისპირება 2010 წლის ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, როდესაც ორრაუნდიან ორთაბრძოლაში მეტოქემ იმარჯვა (2:0 ავსტრიაში და 1:1 საქართველოში). დინამოელები შტურმს 2011 წელს საზაფხულო შეკრებაზეც დაუპირისპირდნენ. ავსტრიაში გამართული მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

ხვალინდელი დაპირისპირება თბილისის დროით 21.00 საათზე დაიწყება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024