• Geo
  • Eng
04.03.2015
დინამო vs ზესტაფონი - მატჩამდე

დინამო თბილისი საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეთვრამეტე ტურის შეხვედრას თბილისში, ზესტაფონის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართავს. 5 მარტის დაპირისპირებას დინამო არენა უმასპინძლებს. მატჩი 17.00 საათზე დაიწყება.

 

 

ჩვენი მეტოქე

ზესტაფონის საფეხბურთო კლუბი 2004 წლის 18 ივნისს შეიქმნა, ამავე წელს საქართველოს XIV ეროვნულ ჩემპიონატში ჩაერთო და მას შემდეგ უმაღლესი ლიგა არ დაუტოვებია. ზესტაფონი საშინაო მატჩებს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მართავს, რომელიც 4 600 მაყურებელს იტევს. კლუბის სიმბოლიკა ძირითადად ლურჯ და თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი. თავისი პირველი ტიტული ზესტაფონმა 2007/2008 წლების სეზონში მოიპოვა – იმერელმა ფეხბურთელებმა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გამართულ ფინალურ მატჩში თბილისის ამერი ანგარიშით – 2:1 დაამარცხეს და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელები გახდნენ. 2010/2011 წლების სეზონში ზესტაფონმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ამავე სეზონში მარგველმა ფეხბურთელებმა საქართველოს სუპერთასის მოგებაც მოახერხეს. ზესტაფონმა ჩემპიონობა უკანასკნელად 2011/2012 წლების სეზონში იზეიმა, გუნდმა ზედიზედ მეორედ მოახერხა ოქროს მედლების მოპოვება. 2013/2014 სეზონი სკ ზესტაფონმა ვიცე ჩემპიონის ტიტულით დაასრულა.

 

 

მწვრთნელი და ზესტაფონი

ზესტაფონის საფეხბურთო კლუბის მთავარ მწვრთნელად იანვრიდან გიორგი მიქაძე მუშაობს, რომელთან ერთადაც ზესტაფონმა ორი ოფიციალური მატჩი გამართა. დღეისათვის კლუბი 20 დაგროვილი ქულით სატურნირო ცხრილის მე- 11 ადგილზე იმყოფება.

 

 

დინამომდე...

პირველი წრის დასრულების შემდეგ საფეხბურთო კლუბ ზესტაფონში არაერთი ცვლილება განხორციელდა. კლუბში ბევრი ახალი ფეხბურთელი მოვიდა და ასევე შეიცვალა მთავარი მწვრთნელი. ზესტაფონმა შეკრება საქართველოში გაიარა და რამდენიმე სპარინგ მატჩიც გამართა. მოგება გაგრასთან 2:0, გამარჯვება სტუ-ნორჩ დინამოსთან 4:3 და ასევე წარმატება მეტალურგთან 2:0. განახლებულ ჩემპიონატში ზესტაფონმა ორი მატჩი გამართა. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ წააგო გურიასთან 0:1 და შემდეგ ფრედ 2:2 ითამაშა ჩიხურასთან.

 

 

დინამო VS ზესტაფონი

დღემდე დინამო თბილისი და ზესტაფონი ეროვნულ ასპარეზზე ერთმანეთს 34– ჯერ შეხვედრიან. დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა მეტოქე 19 შემთხვევაში დაამარცხეს, 6 მატჩი ფრედ დასრულდა, 9 შეხვედრაში კი ყვირილისპირებემა იმარჯვეს. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ– 51/33 არის.

დინამო – ზესტაფონის დაპირისპირებაში ყველაზე პოპულარული ანგარიში 1:0 არის, რომელიც 11 შეხვედრაში დაფიქსირდა. დიდი ანგარიშით ოთხი შეხვედრა დასრულდა. 2012/2013 სეზონის ბოლო ტურის მატჩში 18 მაისს, დინამომ მეტოქე ხუთბურთიანი სხვაობით– 6:1 დაამარცხა. 2009 წლის 10 აპრილს ჩვენმა გუნდმა გასვლით შეხვედრაში ზესტაფონს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. ამავე წლის 29 აგვისტოს თბილისელები ზესტაფონში მარგველ ფეხბურთელებთან 1:4 დამარცხდნენ. 2012 წლის 14 დეკემბერს კი დინამომ სტუმრად– 1:5 წააგო.

დინამოს ზესტაფონური გუნდებიდან, ასევე მარგვეთთან და მეტალურგთან უთამაშია. ამ შეხვედრებში თბილისელებს კოლოსალური უპირატესობა ჰქონდათ. 21 ჩატარებულ მატჩში ზესტაფონელებმა მხოლოდ 2– ჯერ იმარჯვეს, 3 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 16 შემთხვევაში თბილისელებმა იზეიმეს გამარჯვება. ბურთების შეფარდება 82/15 დინამოს სასარგებლოდ. ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 1994 წლის 15 ოქტომბერს- 10:1 იმარჯვა. 1996 წლის 17 ნოემბერს დინამომ 8 უპასუხო ბურთი გაუტანა მარგვეთს. ანგარიშებით 6:0 და 6:1 კი, დინამომ სამ–სამჯერ იმარჯვა.

უკანასკნელი შეხვედრა დინამოსა და ზესტაფონს შორის 2014 წლის 23 აგვისტოს ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. საკმაოდ საინტერესო და დაძაბული დაპირისპირება თბილისელთა გამარჯვებით– 3:2 დასრულდა. ზესტაფონელთა კარში გიორგი პაპუნაშვილმა და ირაკლი ძარიამ (2) გაიტანეს გოლები.

 

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ზესტაფონის ორი ფეხბურთელი- ოთარ ხიზანეიშვილი და მალხაზ გაგოშიძე გამოტოვებს.

 

 

დინამო VS ზესტაფონი – მსაჯი

უმაღლესი ლიგის მეთვრამეტე ტურის შეხვედრას, რომელსაც დინამო თბილისი თავის არენაზე ზესტაფონის წინააღმდეგ გამართავს- ლაშა სილაგავა განსჯის. შეხვედრის მთავარ არბიტრს ასისტენტობას . ფიფია და . გაბისონია გაუწევენ. სათადარიგო მსაჯი . ავაზაშვილი იქნება.

ლაშა სილაგავამ ჩვენი გუნდის მონაწილეობით უკანასკნელად 2014 წლის 16 მარტს რუსთავის მეტალურგთან გამართული მატჩი იმსაჯა. რუსთაველთა გამარჯვებით (1:0) დასრულებულ შეხვედრაში ლაშა სილაგავამ ოთხი მოთამაშე გააფრთხილა.

უკანასკნელი მატჩი, რომელიც ლაშა სილაგავამ იმსაჯა, 28 თებერვალს გამართული შუქურა 2:0 გურია გახლავთ. აღნიშნულ შეხვედრაში მატჩის მთავარმა არბიტრმა ფეხბურთელებს ოთხი ყვითელი ბარათი უჩვენა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, ლაშა სილაგავას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

ლაშა სილაგავა
დაბადების თარიღი: 1976 წლის 27 ივლისი

===========================================

უმაღლესი ლიგა - 136 თამაში / 456 ყვითელი / 18 წითელი / 18 პენალტი

პირველი ლიგა - 7 თამაში / 21 ყვითელი / 0 წითელი / 3 პენალტი

საქართველოს თასი - 26 თამაში / 74 ყვითელი / 2 წითელი / 1 პენალტი

საქართველოს სუპერთასი - 2 თამაში / 6 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

უეფა. ჩემპიონთა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი 2 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფა. ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი3 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 2 პენალტი

უეფა. ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი - 3 თამაში / 19 ყვითელი / 2 წითელი / 2 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21.საკვალიფიკაციო ეტაპი - 4 თამაში / 8 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U19.საკვალიფიკაციო ეტაპი - 6 თამაში / 30 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი

 საერთაშორისო ამხანაგური მატჩი – 1 მატჩი / 5 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

 მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 1 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

მალტის ჩემპიონატი – 1 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

 

ზესტაფონის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ზესტაფონელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

კუპატაძე – მთივლიშვილი, რობაქიძე, ლომაია, მჭედლიშვილი – ვასაძე, სიხარულია, რაჟამაშვილი, სიხარულიძე – ილურიძე, ჯერემია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024