• Geo
  • Eng
28.08.2015
დინამო vs საბურთალო - მატჩამდე

საქართველოს 27- ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მესამე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი დინამო არენაზე ლიგის დებიუტანტ- საბურთალოს წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 18.00 საათზე დაიწყება და მის რეპორტაჟს დინამოს ვებ გვერდი შემოგთავაზებთ.

 

 

ჩვენი მეტოქე

საფეხბურთო კლუბი საბურთალო 1999 წელს დაარსდა. ბენდელას სტადიონი, რომელიც საბურთალოს საშინაო არენად ითვლება, 2000 მაყურებელზეა გათვლილი. საკლუბო ფერები წითელი და თეთრია. 2013/2014 სეზონში საბურთალოს დებიუტი ჰქონდა საქართველოს პირველ ლიგაში. 2014/2015 სეზონში იმარჯვა კიდევაც პირველი ლიგის პირველ ჯგუფში და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. 36 შეხვედრაში ჩვენმა მომავალმა მეტოქემ 87 ქულა დააგროვა და მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა. გუნდმა 92 გოლი გაიტანა და 25 მიიღო.

 

 

მწვრთნელი და საბურთალო

2014 წლის მარტიდან საბურთალოს ახალგაზრდა ფეხბურთის სპეციალისტი- გიორგი ჭიაბრიშვილი ხელმძღვანელობს. მისი თავკაცობით საბურთალომ უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. გიორგი ჭიაბრიშვილი 2011-2012 წლებში ზესტაფონს წვრთნიდა. გუნდთან ერთად ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა და სუპერთასიც მოიგო.

 

 

დინამომდე

საბურთალომ საზაფხულო მოსამზადებელი ეტაპი ქუთაისის ტორპედოსთან მატჩით დაიწყო, რომელსაც 3:1 აჯობა. შემდეგ დაამარცხა თერჯოლის საპოვნელა 5:1 და თავად დამარცხდა დინამოსთან 1:4. შემდეგ იყო გამარჯვება ცხინვალთან და რუსთავთან, შესაბამისად 2:1 და 4:2. სადებიუტო პირველობა საბურთალომ გამარჯვებით გახსნა, მოუგო რა ცხინვალს 2:1. თასის 1/16 ფინალის პირველი მატჩი ვიტ ჯორჯიასთან 0:2 დათმო საბურთალომ. მეორე ტურში საჩხერის ჩიხურას მოუგო ჩვენმა მომავალმა მეტოქემ 1:0, ხოლო თასის საპასუხო შეხვედრაში ფრედ 1:1 ითამაშა და გამოეთიშა გათამაშებას.

 

 

დინამო VS საბურთალო

დინამო და საბურთალო აქამდე ოფიციალურ შეხვედრებში ერთმანეთს არ დაპირისპირებიან. 24 ივლისს დინამოს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ამ გუნდებს შორის სპარინგ მატჩი შედგა, რომელიც დინამომ 4:1 დაასრულა. ალექსანდრე იაშვილმა ორი გოლი გაიტანა. თითოჯერ ჯაბა ჯიღაურმა და ვახტანგ ჭანტურიშვილმა გამოიჩინეს თავი. საბურთალოს შემადგენლობიდან ზუსტი დარტყმით გიორგი ხორხელი გამოირჩა.

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას ორივე გუნდი დისკვალიფიცირებული ფეხბურთელების გარეშე ხვდება.

 

 

დინამი VS საბურთალო – მსაჯი

საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მესამე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი დინამო არენაზე საბურთალოს წინააღმდეგ გამართავს- გიორგი ყრუაშვილი განსჯის. გიორგი ყრუაშვილს ასისტენტობას ლ. ვარამიშვილი და ა. კოკაია გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი გ. ვადაჭკორია შეასრულებს.

ჩვენი გუნდის თამაში გიორგი ყრუაშვილმა უკანასკნელად 2015 წლის 14 მარტს იმსაჯა. შეხვედრაში, რომელშიც დინამომ შუქურა 1:0 დაამარცხა, მსაჯმა სამი ყვითელი ბარათი გამოიყენა.  

ბოლო შეხვედრა, რომელიც გიორგი ყრუაშვილმა იმსაჯა, 22 აგვისტოს საქართველოს პირველობაზე გამართული საპოვნელა 2:3 სამტრედია გახლავთ. გიორგი ყრუაშვილმა აღნიშნულ შეხვედრაში შვიდი ფეხბურთელი გააფრთხილა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, გიორგი ყრუაშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

გიორგი ყრუაშვილი

დაბადების თარიღი: 1986 წლის 29 მაისი

===========================================

უმაღლესი ლიგა – 35 თამაში / 124 ყვითელი / 4 წითელი / 5 პენალტი

პირველი ლიგა – 27 თამაში / 82 ყვითელი / 12 წითელი / 7 პენალტი

მეორე ლიგა – 3 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

საქართველოს თასი –  8 თამაში / 15 ყვითელი / 0 წითელი / 3 პენალტი

უეფას U17 ელიტრაუნდი - 2 თამაში / 8 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფას U21 საკვალიფიკაციო - 1 თამაში / 6 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფას ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი - 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

 

 

 

 

საბურთალოს სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში საბურთალოს სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

ქურდაძე - ჩაბრაძე, თოთაძე, მარგველაშვილი, ნადარაია - ბიძინაშვილი, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, ხარაიშვილი - გოშთელიანი, დვალი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024