• Geo
  • Eng
20.09.2015
დინამო უდანაკარგოდ

დღეს დინამო არენამ საქართველოს პირველობის მეხუთე ტურის შეხვედრას უმასპინძლა. ერთმანეთის პირისპირ დინამო და ზუგდიდი წარდგნენ. მატჩი მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით ანგარიშით 3:1 დასრულდა.

შეხვედრა დინამოელთა სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით დაიწყო. მე- 18 წუთზე ოთარ კიტეიშვილმა კუთხური ჩამოაწოდა, გიორგი გველესიანმა კი დასწრებაზე ითამაშა კარგად და თაური დარტყმით ანგარიში გახსნა 1:0. მატჩის 25- ე წუთზე აღსანიშნავია ლაშა პარუნაშვილის ტექნიკური დარტყმული, რომელიც დინამოს ნახევარმცველმა მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან შეასრულა. ბურთი ზუგდიდელთა კარის ხარიხამ მოიგერია. მეორე ნახევარი გიორგი თევზაძის მიერ შესრულებული სახიფათო საჯარიმო დარტყმით გაიხსნა. ბურთი ოდნავ აცდა სტუმართა კარს. ტაიმის დაწყებიდან ათიოდე წუთში თბილისელებმა საგოლე კომბინაცია გაითამაშეს. გიორგი თევზაძე შეტევის მარცხენა ფრთიდან შეიჭრა საჯარიმოში, ბურთი გადააწოდა გიორგი ქვილითაიას და მანაც დინამოელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. 62- ე წუთზე დინამომ კიდევ ერთი გოლი გაიტანა ზუგდიდის კარში. კომბინაცია ალექსანდრე იაშვილმა წამოიწყო. პასით საჯარიმოში ვახო ჭანტურიშვილი შეიყვანა, ამ უკანასკნელმაც ერთი შეხებით გიორგი ქვილითაია იპოვა და ანგარიში 3:0 გახდა. ათ წუთში სტუმრებმა ერთი გოლის გატანა მოახერხეს. ცოტნე სამუშიამ კარგად ისარგებლა მასპინძელ მცველთა შეუთანხმებელი თამაშით - 3:1. ცოტახანში ვახო ჭანტურიშვილს შეეძლო გატანა, მაგრამ მის თავით დარტყმულს სიძლიერე დააკლდა. საბოლოოდ დინამომ მიჯრით მეხუთე შეხვედრაში იმარჯვა.

შემდეგ მატჩს გია გეგუჩაძის გუნდი 26 სექტემბერს გორში დილას წინააღმდეგ გამართავს.

დინამო  3:1  ზუგდიდი

გოლი: 1:0 გველესიანი 18’  2:0 ქვილითაია 56’  3:0 ქვილითაია 62’  3:1 ც. სამუშია 71’ 

გაფრთხილება: ჯანელიძე 73’  ჭანტურიშვილი 78’  ბულია 85’ 

დინამო: ბეგაშვილი, თევზაძე, გველესიანი, ჭელიძე, კაკაბაძე, ცინცაძე (ჯიღაური 65), პარუნაშვილი, კიტეიშვილი (იაშვილი 57), ჭანტურიშვილი, არაბული (ჯანელიძე 62), ქვილითაია

ზუგდიდი: ჯომიდავა, თიბილაშვილი (ნარმანია 67), გავაშელიშვილი, ზ. მალანია, ჯავაშვილი, ქანთარია, ტყემალაძე (ს. მალანია 63), ქირია (თუთბერიძე 57), წყაროზია, ც. სამუშია, ბულია

მსაჯი: გ. კიკაჩეიშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024