• Geo
  • Eng
20.08.2015
ლოკომოტივი vs დინამო - მატჩამდე

საქართველოს 27- ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეორე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლოკომოტივის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 20.00 საათზე დაიწყება და მის რეპორტაჟს დინამოს ვებ გვერდი შემოგთავაზებთ.

 

 

ჩვენი მეტოქე

საფეხბურთო კლუბი ლოკომოტივი 1936 წელს დაარსდა. იგი რკინიგზის ტრანსპორტის მუშაკთა საკავშირო ნებაყოფლობით სპორტულ საზოგადოებას წარმოადგენდა, რომელშიც გაერთიანდნენ დარგის მუშაკები, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, რკინიგზის წარმოება-დაწესებულებათა, სატრანსპორტო მშენებლობისა და მეტროპოლიტენის მოსამსახურეები. აგრეთვე, რკინიგზის სამინისტროს სისტემაში შემავალი უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების სტუდენტები და მოსწავლეები.

ლოკომოტივი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მართავს საშინაო მატჩებს, რომელიც 25 000 მაყურებელს იტევს. გუნდის ფერები კი ტრადიციული წითელი და თეთრია. ლოკომოტივს 1988-1989 წლებში ომც ლოკომოტივი ერქვა, 1990-1993 წლებში თბილისელები მერანის სახელით ასპარეზობდნენ, ხოლო 1993-1995 წლებში ჩვენს მომავალ მეტოქეს მერანი-ბაჩო ერქვა. ლოკომოტივი სსრკ- ს უმაღლეს (1938 და 1940), პირველ (1939, 1946-1948, 1959-1970) და მეორე ლიგებში (1936-1937, 1981-1982, 1984-1986, 1988-1989) გამოდიოდა. საქართველოს უმაღლეს ლიგაში ლოკომოტივს დებიუტი 1997 წელს ჰქონდა. გუნდი არის საქართველოს თასის სამგზის მფლობელი 2000, 2002 და 2005 წლებში. პირველობის ვერცხლის მედალოსანი 2001 და 2002 წლებში და 1999 წლის პრიზიორი.

 

 

მწვრთნელი და ლოკომოტივი

2014 წლის იანვრიდან თბილისის ლოკომოტივს- ვასილ მაისურაძე ხელმძღვანელობს. მისი თავკაცობით ლოკომოტივმა უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. 36 მატჩიდან 68 ქულა დააგროვა და პირველი ლიგის პირველ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. გადათამაშებაში პენალტების სერიაში 4:2 აჯობა ბორჯომს, რომელთანაც მატჩის ძირითადი დრო, ფრედ 3:3 დასრულდა. უმაღლეს ლიგაში გადმოსასვლელად ლოკომოტივმა კიდევ ერთი ბარიერი გაიარა რუსთავის მეტალურგის სახით. თბილისელებმა გადამწყვეტ შეხვედრაში 5:0 აჯობეს რუსთაველებს. ვასილ მაისურაძე 2011-2013 წლებში დინამოს სარეზერვო და მეორე შემადგენლობას წვრთნიდა. დუბლებთან ერთად ჩემპიონის ტიტულიც მოიგო. იყო 17 და 19 წლამდელთა ნაკრები გუნდების მთავარი მწვრთნელი.

 

 

დინამომდე

ლოკომოტივმა  მოსამზადებელი ეტაპი ავსტრიაში გაიარა, სადაც რამდენიმე ტესტ მატჩი გამართა. 1:7 დამარცხდა თურქულ ესქიშეჰირსფორთან, 2:1 აჯობა მაქაბი ფეთაჰ თიქვას და დამარცხდა ალ ჯაზირასთან 1:3. შემდეგ თბილისელმა ფეხბურთელებმა მოუგეს სლოვენიურ ცელიეს 5:1 და ფრედ 2:2 ითამაშეს დინამო ზაგრების მეორე გუნდთან. საქართველოში დაბრუნებულებმა სიონს 3:1 მოუგეს სპარინგში. ჩემპიონატის პირველ ტურში ლოკომოტივი ივანწმინდაში მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა მასპინძელ ჩიხურასთან. ბოლო მატჩი კი ლოკომოტივმა საქართველოს თასზე გამართა და ცხინვალის ლიახვთან 0:1 დათმო ორმატჩიანი პაექრობის პირველი დუელი.

 

 

დინამო VS ლოკომოტივი

დინამო და ლოკომოტივი ტრადიციული მეტოქეები გახლავთ, რაზეც მათ მიერ ჩატარებული მატჩების სტატისტიკაც მეტყველებს. უმაღლეს ლიგაში ეს გუნდები ერთმანეთს 39- ჯერ დაუპირისპირდნენ. 22- ჯერ წარმატება დინამოელებს დარჩათ, 11 მატჩი ყაიმით დასრულდა და 6 შეხვედრა ლოკომოტივმა მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 54/21 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ.

ყველაზე დიდი სხვაობით დინამომ ორჯერ დაამარცხა მეტოქე. 1997 წლის 30 აპრილს, ამ გუნდების სადებიუტო შეხვედრაში ლურჯ- თეთრებმა 4:0 აჯობეს თეთრ-წითლებს. დავით მუჯირმა ჰეთ თრიქი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი გიორგი კიკნაძის ანგარიშზეა. მეორედ დინამომ 4:0 1999 წლის 19 სექტემბერს დააფიქსირა. მიხეილ აშვეთიას დუბლს თითო გოლი კლიმენტი წიტაიშვილმა და რობერტ ზირაქიშვილმა მიამატეს. დიდი ანგარიშით დინამო ერთხელ, 2000 წლის 23 სექტემბერს დამარცხდა. ლოკომოტივმა 3:0 მოიგო. ყველაზე მეტი გოლი ამ გუნდების დაპირისპირებაში 2008 წლის 10 მაისს გავიდა. ჩვენმა გუნდმა პირველობის ბოლო ტურში, უკვე ჩემპიონის სტატუსით 6:5 მოუგო ლოკომოტივს. მათე ვაწაძემ და მიხეილ ხუციშვილმა დუბლი შეასრულეს. თავის გამოჩენა ასევე ჯორჯ აკირემმა და ლევან ხმალაძემ მოახერხეს. ყველაზე პოპულარული ანგარიში გუნდების დუელში გახლავთ 1:0, რომელიც 13- ჯერ დაფიქსირდა. 11 ნათამაშები ყაიმიდან კი 10 უგოლოდ დასრულდა. მათე ვაწაძეს დინამოელთაგან ყველაზე მეტი- 6 გოლი აქვს გატანილი ლოკომოტივის კარში.

ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება 2010 წლის 15 მაისს შედგა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი დინამომ სამი უპასუხო ბურთით მოიგო. დუბლი გაიფორმა მათე ვაწაძემ, ერთი გოლიც რობერტინიომ გაუტანა ჩვენს მომავალ მეტოქეს.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას წინა მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო, დინამოს ბრაზილიელი ლეგიონერი- რენე ფერეირა დააკლდება.

 

 

ლოკომოტივი VS დინამო მსაჯი

საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეორე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ლოკომოტივის წინააღმდეგ გამართავს- ლაშა სილაგავა განსჯის. ლაშა სილაგავას ასისტენტობას ბ. ჭიჭინაძე და ი. მაჩიტაძე გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი ბ. გლუშჩუკი შეასრულებს.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ლაშა სილაგავამ იმსაჯა 14 აგვისტოს, დინამო ბათუმისა და ზუგდიდის დაპირისპირება გახლავთ, რომელშიც ზღვისპირელებმა 5:0 იმარჯვეს. სილაგავამ მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს 3 ყვითელი ბარათი უჩვენა.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით ლაშა სილაგავამ ბოლოს 2015 წლის 17 მაისს იმსაჯა ლანჩხუთში გურიას წინააღმდეგ 2:2 დასრულებულ შეხვედრაში, მატჩის მთავარმა არბიტრმა სამი ყვითელი ბარათი გამოიყენა.

ლაშა სილაგავა

დაბადების თარიღი: 1976 წლის 27 ივლისი
===========================================
უმაღლესი ლიგა - 148 თამაში / 502 ყვითელი / 20 წითელი / 22 პენალტი

პირველი ლიგა - 9 თამაში / 29 ყვითელი / 0 წითელი / 5 პენალტი

საქართველოს თასი - 26 თამაში / 74 ყვითელი / 2 წითელი / 1 პენალტი

საქართველოს სუპერთასი - 2 თამაში / 6 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

უეფა. ჩემპიონთა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი – 2 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფა. ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი – 3 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 2 პენალტი

უეფა. ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი - 5 თამაში / 36 ყვითელი / 4 წითელი / 2 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21.საკვალიფიკაციო ეტაპი - 4 თამაში / 8 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U19.საკვალიფიკაციო ეტაპი - 6 თამაში / 30 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი

 საერთაშორისო ამხანაგური მატჩი – 1 მატჩი / 5 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

 მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი – 1 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

მალტის ჩემპიონატი – 1 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

 

 

ლოკომოტივის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ლოკომოტივის სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

კუპატაძე - ჩიტიშვილი, გეთიაშვილი, ხიდეშელი, უბილავა - ქიქავა, სამურკასოვი, დიასამიძე, თექთურმანიძე, ბენაშვილი - გავაშელიშვილი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024