ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონმა მორიგ ქართულ დერბის უმასპინძლა. ამჯერად ტორპედო და დინამო საქართველოს თასის მეოთხედფინალში დაუპირისპირდა ერთმანეთს. თავიდანვე აღსანიშნავია, რომ პლეი-ოფის პირველი მატჩი ძლიერი წვიმის თანხლებით წარიმართა, რამაც გუნდების ასპარეზობაში თავისი კორექტივები შეიტანა. დებიუტი სახიფათო მომენტების გარეშე ჩამთავრდა, მატჩის მე- 12 წუთზე თბილისელებმა გოლიც გაიტანეს, თუმცა არბიტრმა გიორგი გველესიანის თავური თამაშგარე სიტუაციის გამო არ ჩათვალა. ტაიმის განმავლობაში ორივე გუნდი ცდილობდა ტერიტორიული უპირატესობის მოპოვებას, მაგრამ მატჩი ძირითადად მოედნის ცენტრში და ოდნავ ხისტად წარიმართა. შეხვედრის 42- ე წუთზე ტაიმის ყველაზე რეალური მომენტი ბაჩანა არაბულს შეექმნა, მისი ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი კი რევაზ თევდორაძემ კუთხურზე მოიგერია. ჩამოწოდებულ კუთხურს გიორგი გველესიანის არაზუსტი თაური დარტყმა მოჰყვა. მომდევნო შეტევაში კი ბაჩანა არაბულის მიერ კარისკენ ჩაწოდებულ ბურთს ოდნავ აცდა ალექსანდრე იაშვილი. მეორე ტაიმის დასაწყისში იგივე მომენტი განმეორდა გიორგი გურულისა და ბაჩანა არაბულის შემთხვევაში. თამაში ხისტად და დაძაბულად გაგრძელდა. შეხვედრის 78- ე წუთზე დინამოელთა სწრაფი შეტევა მარჯვენა ფრთიდან ოთარ კაკაბაძის ჩაწოდებით და შეცვლაზე ორიოდე წუთის შემოსული გიორგი ქვილითაიას ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა. ათიოდე წუთში ჯაბა ჯიღაურის გოლი და ისევ თამაშგარე. მატჩის ბოლოს მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გიორგი ქვილითაიას კიდევ ერთხელ შეეძლო ქუთაისელთა კარის აღება, თუმცა ერთი ერთზე გასულმა არაზუსტად დაარტყა. საბოლოოდ მეოთხედფინალის პირველი ბატალია თბილისელთა სასარგებლოდ 1:0 დასრულდა. ნახევარფინალისტი კი 16 დეკემბერს, დინამო არენაზე გაირკვევა. მომდევნო მატჩს გია გეგუჩაძის გუნდი 6 დეკემბერს, თბილისში ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავს.
ტორპედო 0:1 დინამო
გოლი: 0:1 ქვილითაია 78’
გაფრთხილება: შინდაგორიძე 57’
ტორპედო: თევდორაძე, ტაბატაძე, ქიმაძე, ნერგაძე, ბრეგვაძე (სიჭინავა 46), კლიმიაშვილი, კირკიტაძე, კუხიანიძე, ბაბუნაშვილი (მამასახლისი 57), შინდაგორიძე (კვერნაძე 78)
დინამო: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, გველესიანი, რენე, გურული, ცინცაძე, პარუნაშვილი, ჭანტურიშვილი, კიტეიშვილი (ჯიღაური 72), არაბული (ქვილითაია 75), იაშვილი (ჯანელიძე 82)
მსაჯი: ჯ. ხორავა