• Geo
  • Eng
14.08.2015
დინამომ ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

დღეს დინამო არენაზე საქართველოს 27- ე ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი გაიმართა. თბილისელებმა თერჯოლის საპოვნელა მიიღეს და უმაღლესი ლიგის დებიუტანტი 4 უპასუხო გოლით დაამარცხეს.

სადებიუტო მატჩი სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. დინამოელებმა თავიდანვე მოიპოვეს ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა, თუმცა აღნიშვნის ღირსია თერჯოლელთა სახიფათო კონტრშეტევებიც. შეხვედრის 26- ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა ოთარ კაკაბაძის პასის შემდეგ ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში. 32- ე წუთზე გიორგი ბუხაიძის დარტყმის შემდეგ დინამოს კარი ძელმა იხსნა. მატჩი აქტიურად გაგრძელდა და 6 წუთში ალექსანდრე იაშვილმა ორამდე გაზარდა დინამოს უპირატესობა. საგოლე პასი კვლავ ოთარ კაკაბაძემ ჩაიწერა თავის ანგარიშზე. აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდის კაპიტანმა 20 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ დალაშქრა საპოვნელას კარი და ექვსამდე გაზარდა თერჯოლელთა კარში გატანილი გოლების პირადი აქტივი. მესამე გოლი თბილისელებმა მეორე ტაიმის დებიუტში შეაგდეს. ალექსანდრე იაშვილის აქტიურობას თორნიკე ჯიმშელაშვილის ავტო გოლი მოჰყვა 3:0. მატჩის მსვლელობისას ვახტანგ ჭანტურიშვილმა და მათე ცინცაძემ ვერ გამოიყენეს ხელსაყრელი მომენტები ანგარიშის გასაზრდელად. 64- ე წუთზე კი რენე ფერეირამ მიიღო მეორე ყვითელი ბარათი და დატოვა მინდორი. 2 წუთში ვახტანგ ჭანტურიშვილმა ზუსტი და შორეული პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა ჯაბა ჯიღაური, რომელმაც ერთი შეხებით ითამაშა და მატჩის საბოლოო ანგარიში 4:0 დააფიქსირა.

მომდევნო შეხვედრას დინამოელები 21 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისის ლოკომოტივთან გამართავენ.

დინამო  4:0  საპოვნელა

გოლი: 1:0 ჯიღაური 26’  2:0 იაშვილი 38’  3:0 ჯიმშელაშვილი (ა.გ.) 50’  4:0 ჯიღაური 66’

გაფრთხილება: რენე 18’ 64’

გაძევება: რენე 64’

დინამო: ჰრდლიჩკა (ბეგაშვილი 57), კაკაბაძე, ჭელიძე, რენე, თევზაძე, ცინცაძე, ჯიღაური, პარუნაშვილი, კიტეიშვილი (ჭანტურიშვილი 53), იაშვილი (გველესიანი 66), ქვილითაია

საპოვნელა: გიორგაძე, ჯიმშელაშვილი, რობაქიძე, ამბროლაძე (თავაძე 46), ბანძელაძე, ბუხაიძე, ტყეშელაშვილი, ბერუაშვილი, შუღლაძე (ცქიფურიშვილი 46), ენდელაძე, მაკარიძე (შალამბერიძე 75)

მსაჯი: ჯ. ხორავა

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024