დინამო თბილისის თურქული შეკრება დასრულდა. ჩვენი გუნდი ბელეკში 30 იანვრიდან იმყოფებოდა და ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისთვის ემზადებოდა. შეკრებაზე თბილისელებმა 5 სპარინგ-მატჩიც გამართეს და აქედან ოთხი გამარჯვებით დაასრულეს, ბოლოს კი ფრედ ითამაშეს. შესაბამისად 1:0 სპლიტთან, 2:0 ბატესთან, 2:1 ვოივოდინასთან, 5:2 სლოვანთან და 3:3 კარპატთან. შეკრების ბოლოს ჩვენი ვებ გვერდი დინამოელთა სლოვაკი თავკაცის- იურაი იარაბეკის ინტერვიუს გთავაზობთ, რომელიც შეაჯამებს ამ ორ კვირას და თავის მიზნებზეც გვესაუბრება.
პირველი შთაბეჭდილება გუნდზე
სულ ორიოდე კვირაა რაც ერთად ვართ შეკრებაზე. პირველი შთაბეჭდილება, რაც შემიძლია ვთქვა დინამოზე არის- კარგი და ტექნიკური ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კლუბი. გუნდში მაღალ დონეზეა დისციპლინა. მე აქამდეც აღვნიშნე, რომ დინამოს დიდი პოტენციალი აქვს. შეკრებაზე გავიცანი ბიჭები არა მხოლოდ სათამაშო, არამედ პიროვნული მხრიდანაც. ვნახე როგორ ვარჯიშობენ, როგორი ხასიათი აქვთ.
მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს სტაფს და გუნდის უფროსს, ფეხბურთელებთან და ხელმძღვანელობასთან დამყარებული კარგი კომუნიკაციისთვის.
დადებითი და უარყოფითი მხარეები
დინამო მაღალტექნიკური გუნდია. ტაქტიკური თამაშის მხრივ არ შემხვედრია პრობლემა. 4-4-2 იქნება თუ 4-4-1-1 ფეხბურთელებს კარგად აქვთ ათვისებული ეს წყობა და ნათლად ესმით ამოცანა. ვითხოვ უფრო სწრაფ თამაშს და პრესინგს. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდები და გამოცდილი ფეხბურთელები კარგად ავსებენ ერთმანეთს. ყველა პოზიციაზე მაღალი კონკურენციაა. რამდენიმე სპარინგ შეხვედრის რიგ ეპიზოდებში და გარკვეულ ფაზებში ფეხბურთელებმა დაკარგეს კონცენტრაცია. საჭიროა პირველიდან ბოლო წუთამდე მთლიანი მობილიზირება და ამ საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობთ.
მოსამზადებელი ეტაპი და შეკრება
შეკრებაზე მშვენიერი პირობები დაგვხვდა. სასტუმრო, მოედნები, აღდგენა, კვება და სპარინგები. რაც გვჭირდებოდა აბსოლიტურად ყველაფერი მაღალ დონეზე იყო. აღვნიშნავ, რომ გუნდში მთელი სტაფი, განურჩევლად მოვალეობისა პროფესიონალურად და ევროპულ დონეზე მუშაობს. აქვე დავამატებდი, რომ თავისი საწვრთნელი ბაზით, მოედნებით, აკადემიით, სტადიონით და საერთოდ ინფრასტრუქტურით, დინამო თბილისი მაღალი დონის ევროპული კლუბია.
სპარინგებზე
ხუთი საკმაოდ საინტერესო თამაში ჩავატარეთ. სპლიტი, ბატე, ვოივოდინა, სლოვანი, კარპატი... ყველა მეტოქე ევროპული, საკმაოდ მაღალი დონის გუნდია და მათ დახასიათებას ცალკე აღარ შეუდგები. რეზულტატების გარდა ჩვენ საკმაოდ კარგი თამაში ვაჩვენეთ. ვითამაშეთ კომბინაციური ფეხბურთი, დაცვისა და თავდასხმის ხაზის მონაცველობის საკმაოდ კარგი რიტმით და ამაზე კიდევ ვაგრძელებთ მუშაობას. ასევე ყველა ფეხბურთელი ვნახე საქმეში. კონკურენცია მაღალია და ეს ავტომატურად უზრუნველყოფს მათ პროგრესს.
გუნდის გაძლიერება
მე გუნდში თავიდანვე ვთქვი, რომ თუ გავძლიერდებით ლეგიონერით- ის აუცილებლად უნდა სჯობდეს ადგილობრივ მოთამაშეს. ჩვენ საკმაოდ ხარისხიანი ქართველი ფეხბურთელები გვყავს და შესაბამისად თუ ლეგიონერს მოვიყვანთ, იგი აუცილებლად მაღალი დონის უნდა იყოს. დრო გვიჩვენებს, რომელი პოზიცია უფრო მეტად საჭიროებს გაძლიერებას.
დინამოს მიზნები
მიზანი საქართველოს ჩემპიონობა და თასის მოპოვებაა. აი შემდეგ კი უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში მოვხვდეთ. ეს არის ჩვენი უმთავრესი მიზანი და ვთვლი, რომ ჩემს გუნდს აქვს ამის პოტენციალი.