დინამო არენაზე მეთერთმეტე ტურის მატჩი გაიმართა. თბილისელებმა ფოთის კოლხეთს უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით 5:2 მოუგეს სტუმრებს.
მატჩი ორივე გუნდმა საშუალო ტემპში დაიწყო. საწყის წუთებში თბილისელები შეეცადნენ მოედნის ცენტრის მოგებას, რაც გამოუვიდათ და მე- 17 წუთზე გიორგი გურულის ფლანგურ გარღვევას და გადაცემას, მეტოქის საჯარიმოში ჯაბა ჯიღაური გამოეხმაურა, რომლის თავურმაც შეხვედრაში ანგარიში გახსნა. გატანილი გოლის შემდეგ ალექსანდრე იაშვილი ორჯერ ამწვავებდა სიტუაციას, თუმცა მისი თავური დარტყმები არაზუსტი გამოდგა. სამაგიეროდ 34- ე წუთზე მის ჩაწოდებას გიორგი ქვილითაიას გოლი მოჰყვა - 2:0. ტაიმის ბოლოს 42- ე წუთზე ოთარ კიტეიშვილი კოლხეთის საჯარიმოში აკრძალული ხერხით შეაჩერეს, რასაც თერთმეტმეტრიანის დანიშვნა მოჰყვა. პენალტი ალექსანდრე იაშვილმა შეასრულა, მაგრამ მისი დარტყმული კოკა სეფიაშვილმა მოიგერია. ორიოდე წუთში დინამომ მაინც გაიტანა მესამე გოლი - გიორგი ქვილითაიამ ერთი შეხებით და ძლიერი დარტყმით დუბლი შეასრულა. საგოლე პასი კი მას ოთარ კიტეიშვილმა მიაწოდა. ბოლო წუთზე იაშვილმა კიდევ ერთხელ ითამაშა ტექნიკურად, დარტყმა კი ოდნავ ასცდა ფოთელთა კარს. მეორე ტაიმი სტუმრებმა ორმაგი ცვლილებით, რამდენიმე სახიფათო საჯარიმო დარტყმით და ზურაბ თევზაძის გოლით განაახლეს. შეხვედრის 61- ე წუთზე მოჭრილი დარტყმით უკვე ჯაბა ჯიღაურმა გაიფორმა დუბლი - 4:1. ოთხ წუთში კიტეიშვილი შეიჭრა საჯარიმოში, მისი გადაცემა და ქვილითაიას ჰეთ-თრიქი. ცოტახანში იაშვილმა კიდევ ერთი სახიფათო მომენტი შექმნა რასაც კუთხური მოჰყვა, შემდეგ კი ალექსანდრე კოშკაძის საჯარიმოდან დარტმული ბურთი დინამოელთა კარის ხარიხამ მოიგერია. 87- ე წუთზე თბილისელთა შეუთანხმებელ თამაშს თამაზ ჟიშკარიანის გოლი მოჰყვა 5:2. დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა დინამოელებმა მორიგი სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში და 11 ტურის შემდეგ ერთპიროვნულად ლიდერობენ სატურნირო ცხრილს.
მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი დინამო არენაზე 21 ნოემბერს სამტრედიის წინააღმდეგ გამართავს.
დინამო 5:2 კოლხეთი
გოლი: 1:0 ჯიღაური 17’ 2:0 ქვილითაია 34’ 3:0 ქვილითაია 44’ 3:1 თევზაძე 51’ 4:1 ჯიღაური 61’ 5:1 ქვილითაია 65’ 5:2 ჟიშკარიანი 87’
გაფრთხილება: ჩაკვეტაძე 32’ გველესიანი 49’ გოგონაია 53’
დინამო: ჰრდლიჩკა, გურული, რენე, გველესიანი, კაკაბაძე, ცინცაძე (ჭანტურიშვილი 66), პარუნაშვილი, ჯიღაური, კიტეიშვილი (არაბული 66), იაშვილი, ქვილითაია (ჯანელიძე 72)
კოლხეთი: სეფიაშვილი, თევზაძე, კოშკაძე, ლ. კაკულია (სიჭინავა 46), პოლიულიუახი, ჟიშკარიანი, ქებურია (კვარაცხელია 66), ჩაკვეტაძე, ლემონჯავა (თ. კაკულია 46), გოგონაია, გურეშიძე
მსაჯი: გ. კიკაჩეიშვილი