• Geo
  • Eng
18.02.2016
საპოვნელა vs დინამო - ურთიერთშეხვედრები

პარასკევს 19 თებერვალს, ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი, საქართველოს 27- ე ჩემპიონატის მეთექვსმეტე ტურის მატჩს უმასპინძლებს. დინამო თბილისი თერჯოლის საპოვნელას დაუპირისპირდება. მატჩი 14.00 საათზე დაიწყება.

ისტორიაში ეს გუნდები სულ ხუთჯერ შეხვედრიან ერთმანეთს. ოთხი მატჩი დედაქალაქელთა გამარჯვებით დასრულდა, ერთხელაც თერჯოლელმა ფეხბურთელებმა იმარჯვეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 19/6 დინამოს სასარგებლოდ.

პირველი პაექრობა 1993 წლის 24 სექტემბერს თერჯოლაში შედგა და თბილისელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. გამარჯვების გოლი გიორგი ანჩაბაძის ანგარიშზეა. იმავე წლის 11 დეკემბერს საპოვნელამ თბილისში იმარჯვა 2:1. თბილისელთაგან გოლი ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა. საერთოდ აღსანიშნავია, რომ ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებში იაშვილი 6 გოლით რეკორდსმენია. დინამოსა და საპოვნელას შემდეგი შეხვედრა 1994 წლის 24 ნოემბერს თერჯოლაში გაიმართა. დუბლი შეასრულა ალექსანდრე იაშვილმა, ასევე ორი გოლი გაიტანა მიხეილ ყაველაშვილმა და ერთი შედეგიანი დარტყმაც მურთაზ შელიას ანგარიშზეა. თბილისელებმა 5:2 დაამარცხეს მეტოქე. მეოთხედ ეს გუნდები ერთმანეთს 1995 წლის 19 მაისს დაუპირისპირდნენ და დინამო არენაზე გამართული მატჩი მასპინძლებმა 8:2 მოიგეს. დუბლი შეასრულეს ალექსანდრე იაშვილმა, გოჩა ჯამარაულმა და ლევან ყიფიანმა. თითო გოლი გიორგი დემეტრაძის და გიორგი ქინქლაძის ანგარიშზეა. ბოლოს დინამო და საპოვნელა ერთმანეთის პირისპირ 2015 წლის 14 აგვისტოს წარდგნენ. მასპინძლებმა უმაღლეს ლიგაში ახალაღზევებულ მეტოქეს ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანეს. სტუმრებს ორი გოლი ჯაბა ჯიღაურმა გაუტანა, ერთი ბურთი ალექსანდრე იაშვილის ანგარიშზეა და ერთი გოლიც თერჯოლელებმა საკუთარ კარში გაიტანეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024