• Geo
  • Eng
25.07.2023
დასანანი მარცხი მალტაზე

დღეს მალტური ტა’ ქალის ეროვნულ სტადიონზე უეფას ევროპის კონფერენციის ლიგის, მეორე ეტაპის პირველი მატჩი გაიმართა, რომელშიც ჰამრუნ სპარტანსმა დინამო თბილისს უმასპინძლა.

 

მატჩი ორივე გუნდმა საშუალო რიტმში დაიწყო, პირველი სახიფათო მომენტი კი დინამოელებმა შექმნეს, მე-4 წუთზე კარისკენ იმრან ულად ომარმა დაარტყა, მეკარე ადგილზე დახვდა ბურთს. მეოცე წუთისთვის უკვე მასპინძლებს ჰქონდათ სახიფათო შეტევა, რომელიც საბოლოოდ ჯიმი ტაბიძემ განმუხტა. მატჩის 35-ე წუთზე იმრანმა და გიორგი ხარაიშვილმა კუთხური გაითამაშეს, ხარაიშვილმა ტექნიკურად ჩაახვია, მაგრამ ბურთი ოდნავ აცდა კარს. საბოლოოდ ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მეორე ნახევარი მასპინძლებმა ცვლილებით, სტუმრებმა კი სახიფათო შეტევით განაახლეს, უსმანე კამარას აქტიურობას საბოლოოდ გიორგი მაისურაძე ასრულებდა, მაგრამ მცველებმა ჩაჭრეს შეტევა. 51-ე წუთზე დინამოელებმა რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს, მეკარესთან პირისპირ ბარნს ოსეი გავიდა, დარტყმა კი არაზუსტი გამოუვიდა. აღნიშნულ შეტევაში ჩვენი გუნდის კაპიტანმა ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე ზორან მარუშიჩი შევიდა. მატჩის დაწყებიდან ერთი საათის თავზე სწორედ მარუშიჩი რჩება მეკარესთან პირისპირ და სერბმა ფორვარდმა თბილისელები დააწინაურა. ცოტახანში ისევ მარუშიჩის დარტყმა და ამჯერად სპარტანსის კარი ძელმა იხსნა. მე-80 წუთზე დინამოს კარში ჯარიმა დაინიშნა, რომელიც გიორგი ლორიამ მოიგერია, თუმცა დამატებაზე ჯოზეფ მბონგმა გაიტანა გოლი 1-1. 88-ე წუთზე უსმანე კამარა დარჩა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ფედერიკო მარკეტის ვერ აჯობა. კუთხურის მერე ისევ ზორან მარუშიჩი და სამწუხაროდ ისევ ძელი. ცოტახანში კამარას ჩაწოდება და მარუშიჩის თავური სანტიმეტრებში ცდება სპარტანსის კარს. მატჩის 98-ე წუთზე ფლანგიდან ჩამოწოდების შემდეგ ჯოზეფ მბონგის დარტყმა და მასპინძლები წინ გადიან 2-1. ამით შეხვედრაც დასრულდა.

 

საპასუხო შეხვედრას სპარტანსთან დინამოელები საკუთარ სტადიონზე 3 აგვისტოს გამართავენ, მანამდე კი 29 ივლისს ჩვენი გუნდი, საქართველოს თასის მერვედფინალში თანაქალაქელ ლოკომოტივს შეხვდება. თბილისური დერბი მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართება.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024