• Geo
  • Eng
05.03.2016
დინამო - მერანი | მატჩამდე

6 მარტს, საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეცხრამეტე ტურის მატჩს ჩვენი გუნდი მარტვილის მერანის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება დინამო არენაზე 18.00 საათზე დაიწყება. მატჩის ვიდეო და ტექსტურ ლაივს ტრადიულად ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი განახორციელებს.

 

 

ჩვენი მეტოქე

მარტვილის საფეხბურთო კლუბი მერანი 1955 წელს დაარსებული სალხინოს ბაზაზე შეიქმნა. მარტვილის მერანი საქართველოს ჩემპიონატში 1997 წლიდან გამოჩნდა და მას შემდეგ გუნდი სტაბილურად ასპარეზობდა ქვეყნის პირველი ლიგის გათამაშებაში. მერანმა უმაღლეს ლიგაში აღსაზევებლად პირველად 2007–2008  წლების სეზონში გაიბრძოლა, თუმცა გუნდმა სატურნირო ცხრილში მესამე პოზიცია დაიკავა და მომდევნო სეზონიც პირველ ლიგაში დაიწყო. გუნდმა ანალოგიური შედეგი აჩვენა 2008-2009 და 2009-2010 წლების სეზონებში. 2009-2010 სეზონში მარტვილის მერანმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/2 ფინალურ ეტაპზე ითამაშა, სადაც ორი მატჩის ჯამში ვიტ ჯორჯიასთან 1:2 (1:0 / 0:2) დამარცხდა. 2010-2011 წლების სეზონში კი მარტვილის მერანმა საწადელს მიაღწია, გუნდმა პირველ ლიგაში მეორე პოზიცია დაიკავა და უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. დებიუტანტის კვალობაზე მერანმა შესანიშნავად ჩაატარა 2011-2012 წლების სეზონი და უმაღლეს ლიგაში მეხუთე ადგილი დაიკავა. მას შემდეგ მერანი უმაღლესი ლიგის უცვლელი წევრია.

 

 

მწვრთნელი და მერანი

2015 წლის ოქტომბრიდან მარტვილის მერანს ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი- ბადრი კვარაცხელია თავკაცობს. მისი ხელმძღვანელობით მერანი მიმდინარე ჩემპიონატში ჩატარებული 18 თამაშიდან დაგროვილი 11 ქულით სატურნირო ცხრილის მე- 14 ადგილზე იმყოფება.

 

 

დინამომდე...

27- ე ჩემპიონატის მეორე წრე მერანმა ქუთაისის ტორპედოსთან 2:1 გამარჯვებით გახსნა. შემდეგ იყო ფრე 1:1 ცხინვალთან და ისევ გამარჯვება, ამჯერად საჩხერის ჩიხურასთან 3:2. მანამდე მერანმა თურქული შეკრება გაიარა და ოთხი საკონტროლო მატჩიც ჩაატარა. მერანმა ფრედ 1:1 ითამაშა შვეიცარიის იანგ ბოიზის სარეზერვო შემადგენლობასთან, 2:3 დამარცხდა თურქულ ქინიქსფორთან, წაგება იმავე ანგარიშით ბულგარეთის პირინთან და ფრე 1:1 ასევე ბულგარეთის მონტანასთან.

 

 

დინამო vs მერანი

დინამოსა და მერანის ურთიერთშეხვედრებს ხანმოკლე ისტორია აქვს. ეს გუნდები ერთმანეთს სულ 11- ჯერ შეხვედრიან. ჩვენმა გუნდმა 11 თამაშიდან 7 მოიგო, 3 ფრედ ითამაშა და 1 მატჩი წააგო. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება 26/11 თბილისელთა სასარგებლოდ არის. დინამოსა და მერანის პირველი დაპირისპირება 2011 წლის 25 სექტემბერს შედგა. ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ბაზაზე გამართული პაექრობა ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვებით 2:1 დასრულდა. მარტვილელთა კარში გოლები ალექსანდრე კოშკაძემ და დავით ოდიკაძემ გაიტანეს.

დინამოსა და მერანს შორის უკანასკნელი დაპირისპირება 2015 წლის 11 სექტემბერს მარტვილში გაიმართა. შეხვედრა თბილისელებმა 4:1 მოიგეს, გოლები კი მარტვილელთა კარში გიორგი ქვილითაიამ (2), მათე ცინცაძემ და ჯაბა ჯიღაურმა გაიტანეს.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო მერანის მცველი- სერგი ორბელაძე გამოტოვებს.

 

 

დინამო - მერანი | მსაჯი

დინამოსა და მერანის შეხვედრას- ირაკლი კვირიკაშვილი განსჯის. მას ასისტენტობას ზ. ფიფია და მ. კუპატაძე გაუწევენ. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი ბ. გლუშჩუკი შეასრულებს.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით ირაკლი კვირიკაშვილმა 2015 წლის 18 მარტს რუსთავის მეტალურგთან 2:0 მოგებულ შეხვედრაში იმსაჯა. მთავარმა არბიტრმა ერთი ყვითელი ბარათი გამოიყენა.

ბოლო შეხვედრა კი, რომელიც მან განსაჯა 27 თებერვალს უმაღლეს ლიგაში გამართული შუქურა 0:0 სიონი გახლავთ. აღნიშნულ მატჩში ირაკლი კვირიკაშვილიმა სამჯერ გააფრთხილება ფეხბურთელები.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით მეტი თვალსაჩინოებისათვის ირაკლი კვირიკაშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

ირაკლი კვირიკაშვილი

დაბადების თარიღი: 1984 წლის 30 სექტემბერი

===========================================

უმაღლესი ლიგა - 23 თამაში / 103 ყვითელი / 6 წითელი / 3 პენალტი

პირველი ლიგა - 88 თამაში / 305 ყვითელი / 13 წითელი / 31 პენალტი

მეორე ლიგა - 47 თამაში / 158 ყვითელი / 18 წითელი / 16 პენალტი

საქართველოს თასი - 10 თამაში / 39 ყვითელი / 1 წითელი / 4 პენალტი

 

 

მერანის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში მარტვილელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

მამალაძე - გეგია, მელიავა, ციცხვაია, რუხაია - ტეიდი, ჯღამაია, აბელაშვილი, გაზდელიანი, ჯიქია - საბანაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024