• Geo
  • Eng
16.12.2015
დინამომ წელიწადი მეოთხედფინალში მოგებით დაასრულა

დღეს დინამო არენამ საქართველოს თასის მეოთხედფინალის საპასუხო სეხვედრას უმაპინძლა. თბილისელებმა ტორპედო ქუთაისი მიიღეს. პირველ დაპირისპირება ქუთაისში 1:0 დინამოელთა სასარგებლოდ დასრულდა. შეხვედრის დებიუტში მასპინძლების კუთხურს, ირაკლი კლიმიაშვილმა კარში დარტყმით უპასუხა და პირველივე წუთებიდან აქტიური თამაში გაჩაღდა. მომდევნო შეტევაში ოთარ კაკაბაძე შეიჭრა საჯარიმოში და მისი დარტმული რევაზ თევდორაძემ მოიგერია, დამატებაზე კი გიორგი ქვილითაია თამაშობდა, მაგრამ არაზუსტად. მეათე წუთზე ალექსანდრე იაშვილმა ჩააწოდა საჯარიმოდან, ბურთს გიორგი ქვილითაია შეწვდა თავით, თუმცა სულ მცირედით ააცილა ტორპედოს კარს. ორიოდე წუთში კაკაბაძემ და კლიმიაშვილმა გაცვალეს სახიფათო დარტყმები. მატჩის მე- 18 წუთზე გიორგი ქვილითაიამ ტორპედოს კარში მორიგი გოლი გაიტანა და შეხვედრაში ანგარიში გახსნა. ქვილითაიამ ალექსანდრე იაშვილის ჩაწოდებულ ბურთს თევდორაძის კარში მიუჩინა ადგილი. 30- ე წუთზე გიორგი გურულმა შენიშნა ალექსანდრე იაშვილი, იაშკას დარტყმული კი გარედან მოხვდა ტორპედოს კარის ბადეს. სახიფათო შეტევა განახორციელა დათა სიჭინავამ, საჯარიმოს მისადგომებიდან კარისკენაც დაარტყა, მაგრამ ბურთს ლიბორ ჰრდლიჩკა დაეუფლა. ასევე სახიფათოდ შეუტია ჯაბა ჯიღაურმა, რომლის დარტყმულიც არაზუსტი გამოდგა. პირველი ტაიმი ალექსანდრე იაშვილის საჯარიმოთი დასრულდა, რომელიც რევაზ თევდორაძემ მოიგერია.

მეორე ნახევარის დებიუტში სტუმრებმა მოახერხეს წონასწორობის აღდგენა. ირაკლი კლიმიაშვილის ძლიერი დარტყმული კი მოიგერია ლიბორ ჰრდლიჩკამ, თუმცა უმეთვალყურეოდ დარჩენილმა გაბრიელ საღრიშვილმა თავით ზუსტად ითამაშა 1:1. 63- ე წუთზე თბილისელებმა სწრაფი შეტევა განახორციელეს, იაშვილმა შეცვლაზე შემოსულ საბა ლობჟანიძეს გადააწოდა ბურთი, მისი გასროლილი კი ტორპედოს კარის ძელმა მოიგერია. 69- ე წუთზე საჯარიმოდან იაშვილმა ჩაკიდა, ბურთი რენემ მიიღო თუმცა ანრი ჭიჭინაძემ აკრძალული მეთოდით შეაჩერა და მსაჯმაც პენალტი დანიშნა, სტუმართა მცველი კი გააზევა მოედნიდან. თერთმეტმეტრიანი მათე ცინცაძემ უზადოდ შეასრულა და დინამო ისევ დააწინაურა 2:1. ცოტახანში ქვილითაიას შეეძლო გატანა, მაგრამ მის დარტყმულს ბოლო მომენტში მცველი გადაეფარა. მატჩის 82- ე წუთზე ოთარ კაკაბაძე გავიდა მეკარესთან პირისპირ, დარტყმული კი არაზუსტი გამოუვიდა. აღსანიშნავია ალქსანდრე იაშვილის პასი მისი მისამართით.  87- ე წუთზე იაშვილის ნაცვლად მოედანზე დიდი ხნის პაუზის შემდეგ პირველად გამოჩნდა ნიკა ჭანტურია, რომელსაც ტრიბუნები ოვაციებით მიესალმა. 90- ე წუთზე ლაშა პარუნაშვილმა ითამაშა კარგად, თუმცა ბოლო მომენტში მცველებმა ბურთი კუთხურზე მოიგერიეს. საბოლოოდ დინამომ 2:1 მოიგო და პირველი წრე გამარჯვებით დაასრულა.

დინამო  2:1  ტორპედო

გოლი: 1:0 ქვილითაია 18’  1:1 საღრიშვილი 49’  2:1 ცინცაძე (პენ) 71’ 

გაძევება: ჭიჭინაძე 69’ 

დინამო: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, რენე, გველესიანი, გურული, ცინცაძე, პარუნაშვილი, ჯანელიძე (ლობჟანიძე 58), ჯიღაური, იაშვილი (ჭანტურია 87), ქვილითაია (არაბული 84)

ტორპედო: თევდორაძე, ტაბატაძე, ჭიჭინაძე, ბაბუნაშვილი, სიჭინავა, კუხიანიძე, კლიმიაშვილი, ნერგაძე, ქიმაძე, ბრეგვაძე, საღრიშვილი

მსაჯი: ლ. სილაგავა

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024