• Geo
  • Eng
16.04.2016
მარცხი ჩიხურასთან

ივანწმინდაში საქართველოს პირველობის 25- ე ტურის მატჩი შედგა. საჩხერის ჩიხურამ დინამო თბილისს უმასპინძლა. შეხვედრის პირველი სახიფათო მომენტი სტუმრებმა შექმნეს. მე- 14 წუთზე ბაჩანა არაბულმა ითამაშა კარგად, ბურთი ვახო ჭანტურიშვილს გადააწოდა, საჯარიმოს კუთხიდან მისი დარტყმული კი დინო ჰამზიჩის კარის ძელმა მოიგერია. ერთ წუთში ოთარ კიტეიშვილი აქტიურობდა, თუმცა ბურთი მიზანს ააცილა. თამაში ორმხრივ იერიშებში გაგრძელდა. ათიოდე წუთში ლიბორ ჰრდლიჩკამ მუშტებით მოიგერია ლაშა ჩიკვაიძის ძლიერად დარტყმული საჯარიმო. მე- 40 წუთზე თბილისელებმა არაბული-ჯიღაური-კიტეიშვილის შესრულებით ლამაზი კომბინაცია გაათამაშეს, ამ უკანასკნელს კი ოდნავ სიზუსტე დააკლდა. მიუხედავად მატჩამდე არსებული არასასიამოვნო მეტეოროლოგიური პირობებისა, მთელი ტაიმი მაღალ ტემპში და საინტერესოდ წარიმართა. მეორე ნახევარიც ასევე აქტიურად დაიწყო. ლაშა ჩიკვაიძემ და ჯაბა ჯიღაურმა კარში დარტყმები გაცვალეს, რენე ფერეირამ კი ბოლო წამს დაასწრო ლაშა კუჭუხიძეს და განმუხტა სახიფათო სიტუაცია. 61- ე წუთზე გიორგი განუგრავას სახიფათო თაური დარტყმა გიორგი გველესიანმა გამოიტანა ცარიელი კარიდან. ცოტახანში თბილისელთა შეტევა გამოდგა სახიფათო. ჯაბა ჯიღაურის დარტყმული მცველმა მოიგერია, დამატებაზე კი გიორგი ქვილითაიამ ითამაშა, თუმცა მეკარემ იხსნა კარი. ორიოდე წუთში ჩიხურას მეკარემ ჯაბა ჯიღაურის ტექნიკური დარტყმული მოიგერია კუთხურზე. მატჩის ბოლოს დინამოს კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. მიშა სარდალიშვილის დარტყმული ლიბორ ჰრდლიჩკამ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ივარგა სარდალიშვილმა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ეს გუნდები 20 აპრილს დინამო არენაზე, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

 

ჩიხურა  1:0  დინამო

გოლი: 1:0 სარდალიშვილი 89’

გაფრთხილება: რენე 67’ 

ჩიხურა: ჰამზიჩი, განუგრავა, გაბაძე (ჭანკოტაძე 21), კუჭუხიძე, კორიფაძე, ჭეჭელაშვილი (ვუკასოვიჩი 46), სარდალიშვილი, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, კაშია ©, რეხვიაშვილი

დინამო: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე (გურული 56), უ. ლობჟანიძე, რენე, გველესიანი ©, ჭელიძე, ჯიღაური, კიტეიშვილი (თევზაძე 87), ჭანტურიშვილი, არაბული (ს. ლობჟანიძე 69), ქვილითაია

მსაჯი: გ. კიკაჩეიშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024