• Geo
  • Eng
09.04.2016
ცხინვალი - დინამო | მატჩამდე

დინამო თბილისი საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატის 24- ე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბ ცხინვალის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 10 აპრილს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე 16.00 საათზე დაიწყება. დაპირისპირების პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა ჩვენი კლუბის ვებ გვერდზე შეგეძლებათ.

 

 

ჩვენი მეტოქე

ცხინვალის საფეხბურთო კლუბმა, რომელიც 1936 წელს დაარსდა, არსებობის მანძილზე რამდენჯერმე შეიცვალა სახელწოდება. კლუბი სპარტაკის სახელით ასპარეზობდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატში და თასის გათამაშებაზე. ასევე ამიერკავკასიისა და სხვა და სხვა ზონების შეჯიბრებებში მონაწილეობდა. საბჭოთა პერიოდში ცხინვალის სპარტაკის საუკეთესო სეზონი 1987 წლით თარიღდება – ცხინვალელმა ფეხბურთელებმა საქართველოს საბჭოთა თასის გათამაშება ტრიუმფით დაასრულეს- სპარტაკმა ფინალურ შეხვედრაში ოზურგეთის მერცხალს  1:0 სძლია. საქართველოს დამოუკიდებელ საფეხბურთი ჩემპიონატებში ცხინვალის კლუბი თავდაპირველად (1990–2003 წლებში) ლიახვის სახელით ასპარეზობდა, 2003–2007 წლებში გუნდი ცხინვალის სახელით გამოდიოდა. 2007 წლიდან გუნდს კვლავ სპარტაკი ეწოდება, ხოლო 2015 წლიდან დაიბრუნეს ძველი სახელწოდება და კლუბს ცხინვალი დაერქვა. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ცხინვალისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი 2014-15 წლების სეზონი გამოდგა. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა და საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშების ნახევარფინალში იასპარეზა. ცხინვალი არსებობის მანძილზე პირველად მოხვდა ევროთასებზე. უეფას ევროპა ლიგაზე თავისთვის სადებიუტო ასპარეზობის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ცხინვალი რუმინულ ბოტოშანს დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში 2:4 დამარცხდა.

სამაჩაბლოში განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდეგ, გუნდმა დისლოკაციის ადგილი შეიცვალა და საშინაო შეხვედრებს ცხინვალის ნაცვლად გორში ატარებდა, თუმცა უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ცხინვალი საშინაო შეხვედრებს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე მართავს.

 

 

მწვრთნელი და სპარტაკი

ცხინვალის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2013 წლის ნოემბრიდან ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი- კახა კაჭარავა მუშაობს. წინა სეზონი გუნდმა 53 ქულით მეოთხე ადგილზე დაასრულა (საუკეთესო შედეგი კლუბის ისტორიაში). მიმდინარე ტურნირში 23 ჩატარებული მატჩიდან ჩვენი მომავალი მეტოქე დაგროვილი 38 ქულით მეექვსე ადგილზე იმყოფება.

 

 

დინამომდე...

ცხინვალმა გათამაშების მეორე წრე მიჯრით ნათამაშები ოთხი ყაიმით განაგრძო. საბურთალოსთან 2:2, მერანთან და ზუგდიდთან 1:1, ხოლო გორის დილას გატანილი გოლების გარეშე დაცილდა. შემდეგ იყო მარცხი ბათუმის დინამოსთან 0:2 და ორი უგოლო ფრე ქუთაისის ტორპედოსთან და ფოთის კოლხეთთან. ბოლოს ცხინვალი საჩხერის ჩიხურასთან 1:2 დამარცხდა.

 

 

ცხინვალი - დინამო

ურთიერთშეხვედრებში დინამოელთა უპირატესობა აშკარაა. ეროვნულ ჩემპიონატში დინამო და ცხინვალი ერთმანეთს 20– ჯერ დაუპირისპირდნენ 14 მოგება, 4 ფრე და  2 მარცხი. 47 გატანილი ბურთის საპასუხოდ მიღებული 16 გოლი – ასეთია დედაქალაქელთა მონაგარი.

 

ცხინვალთან ურთიერთშეხვედრებში დინამომ პირველი მარცხი ოცდამეერთე ჩემპიონატის ოცდამეათე ტურში განიცადა. 2010 წლის 18 აპრილს ჩატარებული შეხვედრა, ჩვენი მეტოქის სასარგებლოდ ანგარიშით 2:1 დასრულდა. მტკვრისპირელებმა დიდი ანგარიშით რამდენჯერმე იმარჯვეს. გასვლაზე გორში ორჯერ დაამარცხეს ცხინვალი ანგარიშით 3:0. 2007 წლის 15 სექტემბერს მეცხრამეტე ჩემპიონატის მეხუთე ტურში და 2008 წლის 29 ნოემბერს მეოცე ჩემპიონატის მეცამეტე ტურში. თბილისში კი 2009 წლის 16 აგვისტოს ოცდამეერთე ჩემპიონატის პირველ ტურში დინამომ გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 აჯობა მეტოქეს. ასევე დიდი ანგარიშით იმარჯვა დინამომ ამ გუნდების წინა საჩემპიონატო დაპირისპირებაში. 2014 წლის 24 ოქტომბერს დინამო არენაზე ჩვენმა გუნდმა 6:1 მოუგო ცხინვალს. გიორგი პაპუნაშვილის ჰეთ თრიქს თითო გოლი ლაშა პარუნაშვილმა, ირაკლი ძარიამ და მათე ცინცაძემ მიამატეს. ასევე დიდი ანგარიშით 4:1 ამჯერად ცხინვალმა იმარჯვა და ეს იყო მათი მეორე წარმატება დედაქალაქურ გუნდთან. 2015 წლის 24 აპრილს გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი მათე ცინცაძემ გაიტანა.

უკანასკნელი მატჩი დინამოსა და ცხინვალს შორის 23 ოქტომბერს დინამო არენაზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. გოლები ცხინვალის კარში გიორგი ქვილითაიამ და ოთარ კაკაბაძემ გაიტანეს.

 

დისკვალიფიცირებული და ტრავმირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო ცხინვალის ფეხბურთელი- ბაქარ ქარდავა გამოტოვებს. მიკელ ალვარო და რენე ფერეირა კი მატჩს ტრავმების გამო გამოტოვებენ.

 

 

ცხინვალი - დინამო | მსაჯი

საქართველოს ჩემპიონატის ოცდამეოთხე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი ცხინვალის წინააღმდეგ გამართავს– აბდულა ბასლეჰლო განსჯის. მას ასისტენტობას დ. გაბისონია და ლ. თოდრია გაუწევენ. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი გ. ავაზაშვილი შეასრულებს.

უკანასკნელი მატჩი, რომელიც აბდულა ბასჰლელომ იმსაჯა, 4 აპრილსს პირველ ლიგაში გამართული იმერეთი 0:1 სამეგრელო გახლავთ. აღნიშნულ მატჩში სირიელმა არბიტრმა ექვსჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები და ერთხელაც გააძევა.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით აბდულა ბასლეჰლომ უკანასკნელად 2015 წლის 1 ნოემბერს თბილისში გამართული დინამო 2:0 ჩიხურა იმსაჯა. აღნიშნულ მატჩში აბდულა ბასლეჰლომ ორი ფეხბურთელი გააფრთხილა და ერთი წითელი ბარათი გამოიყენა. 

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, აბდულა ბასლეჰლოს მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

აბდულა ბასლეჰლო
დაბადების თარიღი: 1976 წლის 8 მარტი
===========================================
უმაღლესი ლიგა - 37 თამაში / 167 ყვითელი / 7 წითელი / 9 პენალტი

პირველი ლიგა - 26 თამაში / 123 ყვითელი / 10 წითელი / 16 პენალტი

მეორე ლიგა – 20 თამაში / 82 ყვითელი / 7 წითელი / 9 პენალტი

საქართველოს თასი – 5 თამაში / 27 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

 

ცხინვალის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით ხვალინდელ დაპირისპირებაში, ცხინვალელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

ნადირაძე - კაკუბავა, ბაჩიაშვილი, მაისაშვილი, ცერცვაძე - ლექვთაძე, ქოჩლაძე, მახარობლიძე, ლობჯანიძე, ბეჭვაია - ივანიშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024