• Geo
  • Eng
20.04.2016
პირველ ნახევარფინალში დინამომ 3:0 იმარჯვა

დინამო არენამ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალს უმასპინძლა. დინამოელებმა საჩხერის ჩიხურა მიიღეს და პირველი შერკინება სატავისოდ, დიდი ანგარიშით 3:0 დაასრულეს. ნახევარფინალის პირველი სახიფათო მომენტი მაყურებელმა სტუმართა შესრულებით იხილა. მე- 5 წუთზე მარკო ვუკასოვიჩმა ძლიერად დაარტყა, ბურთი კი გიორგი ბეგაშვილმა კუთხურზე მოიგერია. ცოტა ხანში ნიკოლოზ გაბაძემ ასევე ხელსაყრელი საგოლე მომენტი გაუშვა ხელიდან. დებიუტი ჩიხურას აქტიურობით აღინიშნა, თუმცა დინმოელებმა ათი წუთის მერე ბურთზე კონტროლი დააწესეს და ხუთიოდე წუთში ვახო ჭანტურიშვილის შორი მანძილიდან ძლიერად და ზუსტად დარტყმული ბურთი სტუმართა კარის ბადეში გაეხვა. გოლის შემდეგ თამაშის სცენარმა მოედნის ცენტრში გადაინაცვლა. 39- ე წუთზე ჭანტურიშვილის ჩაწოდებული გიორგი ქვილითაიამ მკერდით დაუგდო ჯაბა ჯიღაურს, ამ უკანასკნელის ძლიერად დარტყმული კი დინო ჰამზიჩმა ნახტომში მოიგერია. ორიოდე წუთში გიორგი თევზაძემ სახიფათოდ შეასრულა საჯარიმო დარტყმა, მოგერიებულ ბურთს ვახო ჭანტურიშვილი ამატებდა, თუმცა მეკარემ ივარგა. მეორე ტაიმი ცვლილებებით და საჩხერელთა მიერ შესრულებული საკმაოდ სახიფათო საჯარიმო დარტყმით განახლდა. 57- ე წუთზე შეხვედრის მეორე გოლი გავიდა. დინამოელთა სწრაფი შეტევა გიორგი თევზაძის ფლანგური ჩაწოდებით და ჯაბა ჯიღაურის ბურთის დაუშვებლად დარტყმულით დასრულდა- 2:0. მატჩის 62- ე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა ითამაშა კარგად მეტოქის საჯარიმოში, ბურთი გიორგი ქვილითაიას გადააწოდა, დინამოს ბომბარდირმაც ერთი შეხებით ჩამოიცილა მცველი და აუღებლად დაურტყა დინო ჰამზიჩს 3:0. ბოლო წუთებში დავით მეგრელიშვილმა სახიფათოდ ჩააწოდება, მაგრამ ბურთს ადრესატი ვერ გამოეხმაურა. საბოლოოდ დინამომ დიდი ანგარიშით 3:0 იმარჯვა. თასის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრას ივანწმინდაში ცენტრალური სტადიონი 5 მაისს უმასპინძლებს.

 

დინამო  3:0  ჩიხურა

გოლი: 1:0 ჭანტურიშვილი 15’  2:0 ჯიღაური 57’  3:0 ქვილითაია 62’ 

გაფრთხილება: გველესიანი 6’  ქვილითაია 51’  იაშვილი 54’  მეგრელიშვილი 92’

დინამო: ბეგაშვილი, ამისულაშვილი, რენე, გველესიანი (უ. ლობჟანიძე 46), პარუნაშვილი, თევზაძე, ჭანტურიშვილი, ჯიღაური, კიტეიშვილი, იაშვილი (ალვარო 77), ქვილითაია (გელაშვილი 73)

ჩიხურა: ჰამზიჩი, მეგრელიშვილი, განუგრავა, კაშია, რეხვიაშვილი, გაბაძე (დეკანოიძე 46), კუჭუხიძე, კორიფაძე, ჭეჭელაშვილი (ლოვრეჩიჩი 46), ვუკასოვიჩი, ჩიკვაიძე (დ. კირკიტაძე 56)

მსაჯი: ლ. სილაგავა

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024