• Geo
  • Eng
10.04.2016
გამარჯვება ცხინვალთან

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ეროვნული პირველობის 24- ე ტურის შეხვედრაში ცხინვალმა დინამო თბილისს უმასპინძლა. მატჩი დინამოელთა უპირატესობით წარიმართა, შემდეგ მასპინძლებმა მოახერხეს ორბურთიანი ჰანდიკაპის  აღმოფხვრა, თუმცა შეხვედრის დასკვნითმა ნაწილმა მთლიანად სტუმართა კარნახით ჩაიარა და დინამომ 4:2 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ თბილისელებმა ტრავმების გამო მათე ცინცაძე, ოთარ კაკაბაძე, რენე ფერეირა და მიკელ ალვარო მოისაკლისეს.

 

მატჩის დებიუტში ალექსანდრე იაშვილმა ზუსტი პასით ნიკოლოზ გელაშვილი გაიყვანა მეკარესთან პირისპირ. დინამოს ფორვარდის დარტყმული ბურთი კი ცხინვალის კარის ძელმა მოიგერია. მე- 16 წუთზე სტუმრება ლამაზი კომბინაციითტ გახსნეს ანგარიში. ჯარიმა კაპიტანმა გაითამაშა, საჯარიმოში უჩა ლობჟანიძემ ითამაშა კარგად, ბურთი ვახო ჭანტურიშვილს გადააწოდა, რომელმაც ერთი შეხებით და ზუსტი დარტყმით გაიტანა გოლი. ორიოდე წუთში ვახო კიდევ ერთხელ, თუმცა არაზუსტად დაემუქრა გიორგი ნადირაძის კარს. შეხვედრის 24- ე წუთზე მსაჯმა გიორგი გველესიანზე უხეშობის გამო ცხინვალის კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა. ალექსანდრე იაშვილის დარტყმული გიორგი ნადირაძემ მოიგერია, თუმცა დამატებაზე ჩვენი გუნდის კაპიტანმა ივარგა და დინამო 2:0 დაწინაურდა. ცოტახანში მასპინძლებმა სწრაფი იერიში განახორციელეს, გიორგი ივანიშვილი არტყავდა ბურთს ძლიერად, ამ შემთხვევაში ლიბორ ჰრდლიჩკამ ითამაშა კარგად. მომდევნო იერიშში კი არბიტრმა უკვე დინამოს კარში დანიშნა პენალტი. თერთმეტმეტრიანი ზუსტად თორნიკე გორგიაშვილმა შეასრულა 1:2. შეხვედრის 38- ე წუთზე სლოვაკმა მეკარემ თორნიკე გორგიაშვილის დარტყმულის შემდეგ, ბოლო წამს იხსნა დინამოელთა კარი. მეორე ნახევარში პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლებმა შექმნეს. ლაშა ქოჩლაძის უძლიერესი დარტყმული ლიბორ ჰრდლიჩკამ უკუაგდო. ცხინვალმა სტატუს ქვოს აღდგენა 62- ე წუთზე მოახერხა. ზუსტი დარტყმა გიგა ბეჭვაიას ანგარიშზეა. მატჩის 74- ე და 76- ე წუთებზე შეცვლაზე შემოსულმა გიორგი ქვილითაიამ დუბლი შეასრულა. პირველ შემთხვევაში შორიდან ძლიერი და ზუსტი დარტყმით ისევ დააწინაურა დინამო, შემდეგ კი თავადვე მოიპოვა პენალტის დარტყმის უფლება და თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან მეორედ აიღო ცხინვალის კარი. ხუთ წუთში ლექვთაძემ ჩააწოდა საჯარიმო, გიგა ბეჭვაიამ კი საკმაოდ ხელსაყრელი მომენტი გაუშვა ხელიდან. 83- ე წუთზე უკვე ალექსანდრე იაშვილმა გაუშვა ხელიდან გოლის გატანის საკმაოდ ხელსაყრელი შანსი. მისი დარტყმული ზევიდან გადაცდა ცხინვალის კარს. ამ შემთხვევასი ქვილითაიას მკერდით დაგდებული პასია აღსანიშნავი. საბოლოოდ თბილისელებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვეს და 64 ქულას მოუყარეს თავი.

 

მომდევნო შეხვედრას თბილისელები ივანწმინდაში, საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ 16 აპრილს ჩაატარებენ.

 

ცხინვალი  2:4  დინამო

გოლი: 0:1 ჭანტურიშვილი 16’  0:2 იაშვილი 24’  1:2 გორგიაშვილი (პენ) 29’  2:2 ბეჭვაია 62’  2:3 ქვილითაია 74’  2:4 ქვილითაია (პენ) 76’  

გაფრთხილება: პარუნაშვილი 8’  კაკუბავა 22’  ამისულაშვილი 28’  ჭანტურიშვილი 31’  უ. ლობჟანიძე 44’  ნადირაძე 75’ 

ცხინვალი: ნადირაძე, გორგიაშვილი, ბეჭვაია, ლექვთაძე, მაისაშვილი, ჯაფარიძე, კაკუბავა, ბაჩიაშვილი, ქოჩლაძე, ნოზაძე (ისიანი 28), ივანიშვილი

დინამო: ჰრდლიჩკა, უ. ლობჟანიძე, ამისულასვილი, გველესიანი, თევზაძე (არაბული 67), ჭელიძე, პარუნაშვილი, კიტეიშვილი (ჯიღაური 60), ჭანტურიშვილი, იაშვილი, გელაშვილი (ქვილითაია 55)

მსაჯი: ა. ბასლეჰლო

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024