• Geo
  • Eng
13.08.2016
დინამომ გურიას 3:0 მოუგო

დღეს დინამო არენაზე საქართველოს 28- ე პირველობის მეორე ტურის მატჩი გაიმართა. დინამოსა და გურიას დაპირისპირებას წინ უძღოდა საქართველოს ჰიმნი. მატჩის დებიუტში მეშვიდე წუთზე სახიფათო ჯარიმა დაინიშნა ჩვენს კარში, ბიძინა ცინცაძის დარტყმული ბურთი კედელს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა. მე- 13 წუთზე ვახო ჭანტურიშვილმა შეუტია სახიფათოდ მარცხენა ფლანგიდან, მისი ჩაწოდებული კი გურიას მეკარემ მოიგერია. შეხვედრის 26- ე წუთზე ანგარიში გაიხსნა. მიკელ ალვაროს კარგ თამაშს მარცხენა ფლანგზე და მის ჩაწოდებას გიორგი პაპუნაშვილი ზუსტი დარტყმით გამოეხმაურა. ოთხ წუთში დინამოელებმა მეორედ აიღეს გურიას კარი. ვახო ჭანტურიშვილმა ძლიერი და ზუსტი დარტყმით საჯარიმოს მისადგომებიდან ულამაზესი გოლი გაიტანა. ერთ წუთში ვახოს კიდევ შეეძლო გოლის გატანა, მისი დარტყმული ოდნავ აცდა სამიზნეს. 35- ე წუთზე დედაქალაქელებს კიდევ მართებდათ გოლის გატანა. მიკელ ალვარომ ახლო მანძილიდან თავით დაარტყა, რატი იმერლიშვილმა კი შესაშური რეაქცია გამოავლინა და თავისი გუნდი მესამე გოლისგან იხსნა. ტაიმი ასეც დასრულდა. მეორე ნახევარი პირველთან შედარებით დაბალ რიტმში წარიმართა. 58- ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილი სოლო რეიდით შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში ტექნიკურად დაარტყა, გურიას კარი კი ხარიხამ გადაარჩინა. ორიოდე წუთში მატია შპიჩიჩმა მიიღო ტრავმა და მოედანი საკაცით დატოვა, მის ნაცვლად კი გიორგი თევზაძე შევიდა სათამაშოდ. ცოტახანში მის გადაცემას მესამე გოლი მოჰყვა გურიას კარში. ზუსტი დატყმა ჯაბა ჯიღაურმა შეასრულა 3:0. დაპირისპირებაში აღარაფერი შეცვლილა და მიმდინარე ჩემპიონატში დინამომ პირველი გამარჯვება მოიპოვა. მომდევნო მატჩს თბილისელები დინამო არენაზე 18 აგვისტოს ჩაატარებენ. უეფას ევროპა ლიგის ფლეი-ოფის შეხვედრა პაოკის წინააღმდეგ 20.00 საათზე დაიწყება.

 

დინამო  3:0  გურია

გოლი: 1:0 პაპუნაშვილი 26’  2:0 ჭანტურიშვილი 30’  3:0 ჯიღაური 65’

გაფრთხილება: თევზაძე 90’

 

დინამო: სკრიბე, შპიჩიჩი (თევზაძე 62), რენე, ჭელიძე, ლობჟანიძე, მ. ცინცაძე, პარუნაშვილი, ჭანტურიშვილი, ჯიღაური (კურიე 68), ალვარო (კიტეიშვილი 46), პაპუნაშვილი

გურია: იმერლიშვილი, ჭეიშვილი (დიასამიძე 69), ბ. ცინცაძე, ნოზაძე, ზ. თევზაძე, ჩადუნელი, მეგრელიშვილი, ჭეჭელაშვილი (სტეფნიაშვილი 46), ფელიპე, დენიზი, ჭედია (მოროზენკო 38)

მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024