22 თებერვალს რუსთავში, ფოლადის სტადიონზე გაიმართება საქართველოს თასის მეოთხედფინალის პირველი შეხვედრა. დინამო თბილისი გასვლით შეხვედრაში რუსთავის მეტალურგს დაუპირისპირდება. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება.
შეიძლება ითქვას, რომ მეტალურგი სეზონის განახლებას სახეცვლილებით ხვდება. გუნდის თავკაცად ვარლამ კილასონია დაინიშნა, ხოლო შემადგენლობაში ძირეული ცვლილებები მოხდა. გუნდმა თურქეთში გაიარა შეკრება და ჩაატარა 4 სპარრინგ მატჩი. რუსეთის გაზოვიკი რუსთაველებმა 1:0 დაამარცხეს. რუმინეთის ტირგუ მორეში 2:0 დაჯაბნეს. თურქმენეთის ნებითჩისთან იმავე ანგარიშით დამარცხდა მეტალურგი, ხოლო მაკედონიის ტურნოვოსთან ფრე 1:1.
მეოთხედფინალამდე ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ორი ეტაპი გაიარა. ჯერ გაგრა დაამარცხეს რუსთაველებმა საერთო ანგარიშით 3:1 (შინ 2:0 და გასვლაზე 1:1), ხოლო მერვედფინალში ფოთის კოლხეთის ბარიერი გადალახეს საერთო ანგარიშით 5:1 (შინ გამარჯვება 2:0, გასვლაზე 3:1).
თასის გათამაშებაზე დინამო და მეტალურგი წინა სეზონშიც, ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. რუსთავში ჩატარებული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა, საპასუხო შეხვედრაში კი დინამოელებმა ხუთი უპასუხო ბურთით იმარჯვეს.
22 თებერვალს დინამოელებს ორი ოფიციალური მატჩი აქვთ ჩატარებული და ორივეში ერთნაირი ანგარიშით 1:0 აქვთ მოგებული. 2006 წელს თბილისელებმა კახეთს უმასპინძლეს და კობაიძის ავტოგოლით დაამარცხეს მეტოქე. 2012 წელს დინამომ ბოლნისის სიონს უმასპინძლა და შეხვედრის მიწურულს ირაკლი ძარიას გოლით იმარჯვა.