დღეს დინამო არენაზე ბრინჯაოს პლეი ოფის საპასუხო შეხვედრა გაიმართა. დინამომ საბურთალოს უმასპინძლა. 30 ნოემბერს ამ გუნდებს შორის გამართული პირველი პაექრობა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. დინამომ შეხვედრა აქტიურად დაიწყო და პირველივე წუთებზე რამდენიმეჯერ სახიფათოდ შეუტია სტუმართა კარს. მერვე წუთზე საბურთალოს კარის მიმართულებით საკმაოდ სახიფათო საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, რომელიც მათე ცინცაძემ ტექნიკურად შეასრულა, ბურთი კი ძელს მოხვდა. მასპინძელთა შეტევებმა საბოლოოდ მატჩის 25- ე წუთზე გამოიღო შედეგი. გიორგი პაპუნაშვილის ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ, ბურთი, რომელიც მეტოქის მცველმა მოიგერია, გიორგი ზარიას მიუვიდა, მანაც ზუსტად ითამაშა და ანგარიში გახსნა. პირველი ტაიმის ბოლოს საბურთალოს სახიფათო შეტევაა აღსანიშნავი, როდესაც ვაგნერ გონსალვეში რამდენიმე მეტოქეს გაცდა, მისი დარტყმული ბურთი კი გარედან მოხვდა დინამოს კარის ბადეს. პირველი ნახევარი ესეც დასრულდა. მეორე ტაიმში პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლებს დარჩათ. გიორგი ზარიას კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს, თავი აკაკი ხუბუტიამ შეაგება, ბურთი მცირედით აცდა საბურთალოს კარს. კუთხურიდან 71- ე წუთზე უკვე საბურთალოს ფეხბურთელებმა მოაწოდეს სახიფათოდ. თედორე გრიგალაშვილის თავით დარტყმული ოდნავ აცდა ნუკრი რევიშვილის კარს. შეხვედრის ბოლოსკენ სტუმრები გააქტიურდნენ და მასიურ შეტევებზე გადავიდნენ. მატჩის 85- ე წუთზე გიორგი ხარაიშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტად ითამაშა და ხელიდან გაუშვა შეიძლება ითქვას რეალური საგოლე მომენტი. საბოლოოდ მეტად დაძაბული შეხვედრა დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს ჩემპიონატში ეს გახლდათ თბილისელთა მე- 600 წარმატებული მატჩი. ამრიგად 10 დეკემბერს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გარდამავალი პირველობის მცირე ფინალი გაიმართება, რომელშიც დინამო თბილისი და დინამო ბათუმი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
დინამო 1:0 საბურთალო
გოლი: 1:0 ზარია 25’
გაფრთხილება: გრიგალაშვილი 61’ ლოჩოშვილი 69’ ჯიღაური 87’
დინამო: რევიშვილი, ჭელიძე, ხუბუტია, რენე, ლოჩოშვილი, ცინცაძე, კიტეიშვილი, პაპუნაშვილი (ნინუა 86), ზარია (ჩაკვეტაძე 78), ჯიღაური, მიქელთაძე
საბურთალო: გოშაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, ჩაბრაძე, მამუჩაშვილი (კოხრეიძე 80), ტერა (ნადარაია 62), ხარაიშვილი, ვაგნერი, ფანცულაია (ხუანფრი 74), სანტი ხარა
მსაჯი: ჯენერი ხორავა