• Geo
  • Eng
11.03.2017
ლოკომოტივი 1:0 დინამო

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისური დერბი გაიმართა. ლოკომოტივმა დინამოს უმასპინძლა. მატჩის პირველი სახიფათო მომენტი ბექა მიქელთაძის დარტყმულს მოჰყვა. საჯარიმოს მისადგომებიდან გასროლილი ბურთი რევაზ თევდორაძემ მოიგერია. 23- ე წუთზე სტუმრებმა მწვავედ შეუტიეს. ბაქარ ქარდავა შეიჭრა საჯარიმოში, გაცდა მეტოქის მცველს, მაგრამ გადაცემას სიზუსტე დააკლდა და სახიფათო მომენტი განიმუხტა. მომდევნო შეტევისას მასპინძელთა კარს შორი მანძილიდან ბოგდან მიშენკო ემუქრებოდა, ისიც არაზუსტად. შემდეგ ეპიზოდში ბექა მიქელთაძემ ითამაშა კარგად, ბურთი მეტოქეს აართვა, ზუსტი პასიც გააკეთა გიორგი ჩაკვეტაძის მიმართულებით, მაგრამ ამ უკანასკნელის დარტყმა არაზუსტი გამოდგა. საპასუხოდ ირაკლი სიხარულიძე ამწვავებდა თამაშს, ბურთი სერგეი ლიტოვჩენკომ კუთხურზე უკუაგდო. შეხვედრის 36- ე წუთზე მას შემდეგ რაც ღონღაძემ კიტეიშვილზე იუხეშა, ლოკომოტივის კარის მიმართულებით სახიფათო საჯარიმო დაინიშნა. ბურთი ტექნიკურად, მაგრამ მცირედით არაზუსტად გიორგი პაპუნაშვილმა დაარტყა.

მეორე ნახევრის დებიუტში დინამომ ორი ძალიან სახიფათო შეტევა განახორციელა. პირველ შემთხვევაში გიორგი პაპუნაშვილი ემუქრებოდა თევდორაძის კარს, მეორედ კი გიორგი ჩაკვეტაძის გადაცემის შემდეგ ბაჩანა არაბული ამწვავებდა შეტევას. ორივე შემთხვევაში ლოკომოტივის მეკარემ ივარგა. 54- ე წუთზე უკვე სტუმართა კარი გადარჩა აშკარა ხიფათს, როდესაც მამია გავაშელიშვილმა ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა. ლოკომოტივმა მომდევნო შეტევისას გახსნა ანგარიში. შედეგიანი დარტყმა ნოდარ ქავთარაძის ანგარიშზეა. ამის შემდეგ სახიფათო მომენტი კვლავ მასპინძლებმა შექმნეს. გიორგი კიკნაძის თავური ლიტოვჩენკომ ხელებში გააქვავა. 81- ე წუთზე დინამოელებმა სწრაფი შეტევა განახორციელეს. ბაქარ ქარდავას გადაცემის შემდეგ შეცვლაზე შემოსული გიორგი კუცია გადიოდა მეკარესთან პირისპირ, იგი საჯარიმოს ხაზთან აკრძალული ილეთით შეაჩერეს. საკმაოდ საკამათო სიტუაცია შეიქმნა. დინამოს ფეხბურთელები თერთმეტმეტრიანს ითხოვდნენ, თუმცა არბიტრმა მხოლოდ საჯარიმო დანიშნა. გასაკვირია, რომ ბოლო იმედის ჯარიმისთვის, რომლითაც მეტოქემ საგოლე იერიში ჩაშალა და რისთვისაც ის წითელ ბარათს იმსახურებდა შეხვედრის არბიტრმა მცველი არც კი გააფრთხილა. საჯარიმო დარტყმა ოთარ კიტეიშვილმა არაზუსტად შეასრულა. დინამოელები მასირებულ შეტევებზე გადავიდნენ. ისევ კიტეიშვილი ურტყავდა შორიდან, მაგრამ დარტყმულს სიძლიერე დააკლდა. საბოლოოდ აღარაფერი შეცვლილა და დინამო 0:1 დამარცხდა. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 15 მარტს, საქართველოს თასის 1/16 ფინალში მარნეულის ალგეთთან გამართავს.

 

ლოკომოტივი  1:0  დინამო

 

გოლი: 1:0 ქავთარაძე 56’ 

გაფრთხილება: სიხარულიძე 31’  ჭანტურია 40’  გველესიანი 48’  გავაშელიშვილი 66’  ღონღაძე 87’ 

 

ლოკომოტივი: თევდორაძე, ჭანტურია (ჩიტეიშვილი 61), სიხარულიძე, ქავთარაძე, გავაშელიშვილი (სამურკასოვი 67), დიასამიძე, კომახიძე (კიკნაძე 72), ღონღაძე, გაბაძე, რეხვიაშვილი, უბილავა

დინამო: ლიტოვჩენკო, ლოჩოშვილი, თოთაძე, გველესიანი, მიშენკო (ზარია 87), ქარდავა, კიტეიშვილი, მიქელთაძე, პაპუნაშვილი (კუცია 73), ჩაკვეტაძე, არაბული (კვერნაძე 64)

 

მსაჯი: ლ. სილაგავა

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024