დინამო არენაზე ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში დინამომ საჩხერის ჩიხურას უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა მეტოქე. შეხვედრა მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და პირველი სახიფათო მომენტი უკვე მესამე წუთზე შექმნეს. ბაჩანა არაბულის დარტყმული სანტიმეტრებში აცდა დინო ჰამზიჩის კარს. საპასუხოდ ნიკა გელაშვილი ამწვავებდა სიტუაციას, მაგრამ საბოლოოდ ლაშა სალუქვაძის კარგი თამაშის შემდეგ სიტუაცია განიმუხტა. მატჩის მე- 11 წუთზე სერგეი ლიტოვჩენკომ ითამაშა კარგად, როდესაც გიორგი განუგრავას სახიფათო დარტყმული კუთხურზე უკუაგდო. მომდევნო შეტევაში კი თბილისელებმა ლამაზი და სწრაფი კომბინაცია გაითამაშეს. მარჯვენა ფრთიდან ბექა მიქელთაძე შეიჭრა სტუმართა საჯარიმოში, ბურთი გიორგი ჩაკვეტაძეს გადააწოდა, რომელმაც ძლიერი დარტყმით სადებიუტო გოლი გაიტანა. ერთ წუთში დინამოს დაწინაურებაც შეეძლო, მაგრამ მიქელთაძემ არაზუსტად დაარტყა. ტაიმის შუაში სათამაშო რიტმი ოდნავ დაეცა და ბრძოლამაც ძირითადად მოედნის ცენტრში გადაინაცვლა. 37- ე წუთზე მასპინძლებმა წამოიწყეს შეტევა, ბაჩანა არაბული გაცდა ერთ მეტოქეს და კარგი პოზიციიდან ურტყამდა, თუმცა მცველმა კუთხურზე მოიგერია. პირველი ნახევრის ბოლო წუთებზე სერიოზული აღარაფერი მომხდარა და ტაიმიც დასრულდა. მეორე ნახევარი დინამოელებმა ცვლილებით დაწყეს. გოლის ავტორი გიორგი პაპუნაშვილმა შეცვალა. 65- ე წუთზე თორნიკე გორგიაშვილის დარტყმული, ლიტოვჩენკომ გააქვავა. ოთხ წუთში კი შეცვლაზე შემოსულმა გიორგი ივანიშვილმა ზუსტი დარტყმით წონასწორობა აღადგინა 1:1. დინამოელებმა ბოლო 15 წუთი მასირებულ შეტევებში გაატარეს და შედეგი 85- ე წუთზე მიიღეს. საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი სტუმართა მცველებმა უხეიროდ გამოიტანეს, ბურთთან პირველი გიორგი ზარია გაჩნდა, ტექნიკურად და ძლიერად გაისროლა და ჩიხურას კარის ცხრიანში გაახვია ბურთი 2:1. მსაჯმა შეხვედრას 5 წუთი დაამატა, კომპენსირებულ დროში არაბული თამაშობდა სახიფათოდ, მისი ჩაწოდებული ბურთი კი ადრესატამდე ვერ მივიდა, არადა პაპუნაშვილი გადიოდა მეკარესთან პირისპირ. საბოლოოდ დინამომ იმარჯვა და მორიგი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში. ჩვენი გუნდი მომდევნო შეხვედრას 9 აპრილს, ქობულეთში, ბათუმის დინამოს წინააღმდეგ გამართავს.
დინამო 2:1 ჩიხურა
გოლი: 1:0 ჩაკვეტაძე 12’ 1:1 ივანიშვილი 69’ 2:1 ზარია 85’
გაფრთხილება: გელაშვილი 55’ თოთაძე 57’ სარდალიშვილი 84’ ჩიკვაიძე 88’ ჭელიძე 89’
დინამო: ლიტოვჩენკო, თოთაძე, სალუქვაძე, ლოჩოშვილი, მიშენკო, ქარდავა, კიტეიშვილი, ლობჟანიძე, მიქელთაძე (ზარია 77), ჩაკვეტაძე (პაპუნაშვილი 46), არაბული (კუცია 90+4)
ჩიხურა: ჰამზიჩი, მირცხულავა, განუგრავა (ივანიშვილი 61), გეგეჭკორი (სარდალიშვილი 61), გაბედავა, კაკუბავა, ჩიკვაიძე, ჭელიძე, კაშია, გორგიაშვილი (დობროვოლსკი 84), გელაშვილი
მსაჯი: ჯ. ხორავა