• Geo
  • Eng
30.04.2017
დინამომ ტორპედოს 2:0 მოუგო

დღეს ქუთაისში ეროვნული ლიგის მეცხრე ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა. ტორპედომ დინამოს უმსაპინძლა. 64- ე დერბი ორივე გუნდმა ფრთხილად დაიწყო. საწყის წუთებში თბილისელებმა ორი კუთხური მოაწოდეს, თუმცა ამ მომენტებს გამწვავება არ მოჰყოლია. შეხვედრის მე- 15 წუთისთვის ბოგდან მიშენკომ მიჯრით ორ მომენტში ითამაშა კარგად, საკმაოდ გამწვავდა შეტევაც, ოთარ კიტეიშვილი ურტყავდა მასპინძელთა კარისკენ, როინ კვასხვაძემ მოიგერია ბურთი. 25 წუთზე ტორპედო გადაურჩა გაშვებულ გოლს. მიქელთაძე-კიტეიშვილი-არაბულის ლამაზ კომბინაციას ეს უკანასკნელი ნახევარბრუნში ძლიერი დარტყმით ასრულებდა, ბურთი ბოლო წამს მეკარემ კუთხურზე უკუაგდო. 34- ე წუთზე ბექა ტუღუში არტყავდა საჯარიმოს მისადგომებიდან, ბურთი დიდი მანძილით აცდა დინამოს კარს. შეხვედრაში ანგარიში 41- ე წუთზე გაიხსნა. მარცხენა ფრთიდან გიორგი თევზაძემ ჩააწოდა, დასწრებაზე ბაჩანა არაბულმა ითამაშა ზუსტად და ტორპედოს კარში მორიგი გოლი გაიტანა. სამიოდე წუთში ბაჩანას დუბლის შესრულება შეეძლო. ისევ ერთი შეხებით თამაში და ბურთი ბოლო წამს ჭიჭინაძეს მოხვდა. ტაიმის ბოლო წუთზე ლაშა თოთაძემ საჯარიმოდან ყუმბარისებულად გაისროლა. ბურთი მეკარემ ცუდად მოიგერია, დამატებაზე კი მიქელთაძემ ვერ ითამაშა ზუსტად და მომენტიც განიმუხტა. ტაიმი დინამომ 1:0 მოიგო. თბილისელებმა მეორე ტაიმი საკმაოდ აქტიურად დაიწყეს. მეორე ნახევარი ორიოდე წუთის დაწყებული იყო, როდესაც ბოგდან მიშენკო მარჯვენა ფრთიდან სწრაფად შეიჭრა საჯარიმოში, ძლიერადაც დაარტყა, ბურთი გარედან მოხვდა ტორპედოს კარის ბადეს. მომდევნო შეტევაში გიორგი ჩაკვეტაძემ ლამაზად გადააწოდა ბურთი არაბულს, მისი დარტყმული კი კვასხვაძემ მოიგერია. ამის შემდეგ გიორგი თევზაძის დარტყმულის შემდეგ ქუთაისელთა კარი ხარიხამ იხსნა, დამატებაზე კი ჩაკვეტაძემ სანტიმეტრებში ააცილა ბურთი. 57- ე წუთზე არაბულმა კარგად მიიღო ბურთი, ცრუ მოძრაობით გაცდა მეტოქეს, დარტყმული კი ისევ ტორპედოს მეკარემ უკუაგდო. დინამოს უპირატესობა ამ მომენტში კოლოსალური გახდა. გიორგი თევზაძის მოჭრილი დარტყმა და ისევ არაზუსტად, ბურთი სულ მცირედით აცდა მიზანს. საპასუხოდ 61- ე წუთზე საბანაძის თავით დარტყმულია აღსანიშნავი, რომელიც ძალიან სახიფათო, მაგრამ უზუსტო გამოდგა. ამის შემდეგ ტორპედომ გამოასწორა თამაში და შეხვედრა ორმხრივ შეტევებში გაგრძელდა. 69- ე წუთზე დინამომ მეორედ აიღო მასპინძელთა კარი. გიორგი ჩაკვეტაძის ზუსტი გადაცემა და გიორგი თევზაძის ასევე ზუსტი დარტყმა. 79- ე წუთზე ტორპედომ გოლის გატანის ყველაზე რეალური მომენტი გაუშვა ხელიდან. მეკარესთან პირისპირ ნიკა საბანაძე გავიდა, მისი დარტყმული ბურთი კი სერგეი ლიტოვჩენკომ გააქვავა. მატჩის ბოლოსკენ ნინუას მართებდა გატანა. მისი ახლო მანძილიდან დარტყმული კიპერს მოხვდა. საბოლოოდ დინამომ 2:0 აჯობა ტორპედოს და მორიგი ქართული დერბი დედაქალაქელთა გამარჯვებით დასრულდა. მომდევნო შეხვედრას დინამო თბილისი 5 მაისს ფოთის კოლხეთთან ჩაატარებს.

 

ტორპედო  0:2  დინამო

 

გოლი: 0:1 არაბული 41’  0:2 თევზაძე 69’ 

გაფრთხილება: კიტეიშვილი 63’  ზარია 87’  პაპუნაშვილი 91’  დოლიძე 91’ 

 

ტორპედო: რ. კვასხვაძე, ჭიჭინაძე, ხურცილავა, მამასახლისი (ბაბუნაშვილი 46), კუხიანიძე (კაპანაძე 73), საბანაძე, გურული, დოლიძე, ქიმაძე, გიგაური, ტუღუში (ტაბატაძე 55)

დინამო: ლიტოვჩენკო, მიშენკო, გველესიანი, ლოჩოშვილი, თოთაძე, ქარდავა (ნინუა 83), კიტეიშვილი, თევზაძე, ჩაკვეტაძე (ზარია 71), მიქელთაძე, არაბული (პაპუნაშვილი 77)

 

მსაჯი: დ. ხარიტონაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024