• Geo
  • Eng
10.05.2017
დინამომ თბილისური დერბიც მოიგო

დღეს დინამო არენაზე თბილისური დერბი გაიმართა. პირველადგილოსანმა დინამომ მეორეადგილოსან ლოკომოტივს უმასპინძლა. მატჩის მეორე წუთზე მასპინძლებმა სახიფათო შეტევა განახორციელეს. საბა ლობჟანიძის აქტიურობას ოთარ კიტეიშვილი ძლიერი დარტყმით აგვირგვინებდა, ბურთი ოდნავ აცდა სტუმართა კარს. საპასუხოდ ნოდარ ქავთარაძე თამაშობდა აქტიურად, მაგრამ უშედეგოდ. პირველივე წუთებიდან აქტიური მატჩი გაჩაღდა. მე- 14 წუთზე კიტეიშვილმა ჩააწოდა, ბექა მიქელთაძემ დასწრებაზე კარგად ითამაშა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. შეხვედრის 28- ე წუთზე დინამოელთა შეტევებმა საბოლოოდ შედეგიც გამოიღო. მარჯვენა ფრთიდან ბექა მიქელთაძემ ითამაშა კარგად, საჯარიმოში ჩააწოდა, ბურთთან გიორგი პაპუნაშვილი გაჩნდა, რომელმაც მასპინძლები ზუსტი დარტყმით დააწინაურა. მასპინძლებმა რვა წუთში თავისი უპირატესობა ორამდე გაზარდეს. საბა ლობჟანიძე მოედნის ცენტრში გაცდა მეტოქეს და ბურთი კიტეიშვილს გადააწოდა, დინამოს კაპიტანმა დაახლოებით 30 მეტრიდან უძლიერესი დარტყმით აიღო რევაზ თევდორაძის კარი. 43- ე წუთზე დინამომ მეტოქის კარის აღების კიდევ ერთი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან. გიორგი პაპუნაშვილის ტექნიკური დარტყმა მცირედით არაზუსტი გამოდგა. მეორე ტაიმი ისევ დინამოელთა შეტევით განახლდა და კიტეიშვილს დააკლდა მცირედი გოლის გასატანად. საპასუხოდ ლოკომოტივს ჰქონდა რეალური შანსი, მაგრამ ქავთარაძის დარტყმული სერგეი ლიტოვჩენკომ ხელებში გააშეშა. 57- ე წუთზე დინამომ სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო, ბაჩანა არაბულის ძლიერი დარტყმული რევაზ თევდორაძემ მოიგერია, დამატებაზე საბა ლობჟანიძეს არ გაუმართლა. დინამომ მესამე გოლი შეხვედრის 64- ე წუთზე გაიტანა. ბექა მიქელთაძის ტექნიკური გადაცემით, ბაჩანა არაბული გავიდა მეკარესთან პირისპირ, მისი დარტყმული ჯერ თევდორაძეს მოხვდა, შემდეგ თომაშვილს და კარში გავიდა. მატჩის ბოლოსკენ კიდევ ერთხელ გადარჩა ლოკომოტივი გაშვებულ გოლს. მიქელთაძის დარტყმული ისევ სტუმართა კიპერმა მოიგერია. საბოლოოდ დინამომ ჩემპიონატში მიჯრით მერვე შეხვედრა მოიგო და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი განიმტკიცა. მომდევნო შეხვედრას დინამოელები 14 მაისს გორში, ადგილობრივ დილასთან გამართავს.

 

დინამო  3:0  ლოკომოტივი

 

გოლი: 1:0 პაპუნაშვილი 28’  2:0 კიტეიშვილი 36’  3:0 თომაშვილი ა.გ. 64’ 

გაფრთხილება: კუცია 76’ 

 

დინამო: ლიტოვჩენკო, კუცია, გველესიანი, ლოჩოშვილი, თოთაძე, ქარდავა, კიტეიშვილი, პაპუნაშვილი (მესხი 91), მიქელთაძე, ლობჟანიძე (თევზაძე 82), არაბული (ჩაკვეტაძე 75)

ლოკომოტივი: თევდორაძე, ქავთარაძე, კიკნაძე (დიასამიძე 50), კომახიძე, ხიდეშელი, თომაშვილი (ჭანტურია 78), რეხვიაშვილი, უბილავა, არდაზიშვილი (არველაძე 53), გავაშელიშვილი, სიხარულიძე

 

მსაჯი: გ. კიკაჩეიშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024