• Geo
  • Eng
22.11.2017
ფრე საბურთალოსთან

დღეს თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის ბოლოს წინა, ოცდამეთხუთმეტე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საბურთალომ დინამოს უმასპინძლა. შეხვედრა მაღალ ტემპში დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მთელი თამაშის მანძილზე საკმაოდ ძლიერი ქარი ქროდა, რომელსაც თავისი კორექტივები შეჰქონდა ორივე გუნდის ასპარეზობაში. პირველი სახიფათო მომენტი შეხვედრის მე- 18 წუთზე შეიქმნა, ოთარ კიტეიშვილი საჯარიმოს მისადგომებიდან არტყავდა, მაგრამ არაზუსტად. ერთ წუთში კი დინამოელებმა რეალური მომენტი ვერ გამოიყენეს. ლაშა ქოჩლაძის ჩაწოდებას ბექა ქავთარაძე ერთი შეხებით ასრულებდა, თუმცა ლაზარე კუპატაძემ ბურთი ბოლო წამს მოიგერია. კიდევ ერთი სახიფათო მომენტი 20 წუთის შემდეგ ისევ საბურთალოს კართან, ამჯერად ლაშა ქოჩლაძეს ხელსაყრელი სიტუაციიდან აეჭრა ბურთი. პირველი ტაიმი ესეც დასრულდა. მეორე ნახევარი ორი სახიფათო შეტევით განახლდა. ჯერ ბექა მიქელთაძემ საგოლე სიტუაციიდან არაზუსტად დაარტყა, საპასუხოდ კი ლაშა შინდაგორიძის სახიფათო შეტევა სერგი ლიტოვჩენკომ მოიგერია. 53- ე წუთზე საბურთალოს კარი კიდევ ერთხელ გადაარჩინა კუპატაძემ, მან ლევან გეგეჭკორის ძლიერად დარტყმული ბურთი უკუაგდო. დინამოელები მასირებულ შეტევებზე გადავიდნენ. კახი კაჭარავამ მოედანზე ახალგაზრდა ზუკა დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია შემოუშვა. 74- ე წუთზე კიდევ ერთხელ გადარჩა მასპინძელთა კარი. კიტეიშვილი სწრაფად შეიჭრა მეტოქის საჯაირმოში, დაარტყა და ისევ მეკარე. დინამოელები ბოლო წუთამდე უტევდნენ, მაგრამ გოლის გატანა ვეღარ შეძლეს და მატჩი ფრედ 0:0 მორჩა. ასე რომ ეროვნული ლიგის ბოლო, 36- ე ტურში გადაწყდება საქართველოს ჩემპიონის ვინაობა. ქართული დერბი 26 ნოემბერს დინამო არენაზე 17.00 საათზე დაიწყება.

 

საბურთალო  0:0  დინამო

 

გაფრთხილება: ნადარაია 69’  ვოლკოვი 90’  თოთაძე 90’  კიტეიშვილი 92’

 

საბურთალო: კუპატაძე, ჩაბრაძე, მარგველაშვილი, ნადარაია, გრიგალაშვილი, ტერა (მამუჩაშვილი 60), თარხნიშვილი, ხარაიშვილი ©, მუეცი, შინდაგორიძე (გვარაძე 60), ვოლკოვი

დინამო: ლიტოვჩენკო, გეგეჭკორი, სალუქვაძე, თოთაძე, კობოური, კუცია (ლილუაშვილი 88), კიტეიშვილი ©, ქოჩლაძე (დავითაშვილი 60), შულაია, მიქელთაძე, ქავთარაძე (კვარაცხელია 67)

 

მსაჯი:  გ. ყრუაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024