• Geo
  • Eng
05.05.2018
რუსთავი - დინამო | მატჩამდე

საქართველოს 30- ე ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის მეათე ტურის შეხვედრას დინამო თბილისი მიხეილ მესხის სტადიონზე რუსთავის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 6 მაისს 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

 

 

ჩვენი მეტოქე

საფეხბურთო კლუბი რუსთავი 2015 წელს დაარსდა. გუნდის სიმბოლიკა წითელ, თეთრ და შავ ფერებშია გადაწყვეტილი. 2016 წლის გარდამავალ სეზონში რუსთაველებმა წარმატებით გაიარეს პირველი ლიგის მარათონი და 2017 წელს ეროვნული ლიგა 2- ში იასპარეზეს. რუსთაველებმა ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულეს და ეროვნული ლიგის საგზურიც მოიპოვეს. გუნდმა 36 ჩატარებული მატჩიდან 26 მოიგო, 5- ჯერ ფრედ ითამაშა და 5- ჯერ დამარცხდა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 72/25 ჰქონდა ლიგა 2- ის ჩემპიონს. მშობლიურ ქალაქში სტადიონის რეაბილიტაციამდე რუსთავი საშინაო შეხვედრებს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე ჩაატარებს. ეროვნული ლიგა 2- ში გამარჯვების შემდეგ კლუბში დიდი ცვლილებები მოხდა. კლუბში არაერთი ახალი ფეხბურთელი მივიდა.

 

 

მწვრთნელი

2018 წლის იანვრიდან რუსთავს რუსი ფეხბურთის სპეციალისტი - ვლადიმერ გაზაევი ხელმძღვანელობს. მისი თავკაცობით რუსთავმა მიმდინარე პირველობაზე ჩატარებული 9 ტურის შემდეგ 14 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე იმყოფება.

 

 

დინამომდე

რუსთავმა საიუბილეო პირველობის პირველ ტურში სწორედ დინამოს აჯობა 2:1. შემდეგ იყო მარცხი ტორპედოსთან 0:1 და იმავე ანგარიშით ჩიხურასთან. რუსთავმა 0:2 დათმო საბურთალოსთან და 2:0 იმარჯვა ბოლნისის სიონთან. ისევ გამარჯვება 2:0 ამჯერად ფოთის კოლხეთთან. ამას მოჰყვა ორი ყაიმი- 2:2 გორის დილასთან და 0:0 სამტრედიასთან. ბოლოს რუსთავმა ლოკომოტივს მოუგო 1:0.

 

 

ურთიერთშეხვედრები

დინამო და რუსთავი ერთმანეთს აქამდე მხოლოდ ორჯერ შეხვდნენ. 2017 წლის საქართველოს თასის გათამაშების ¼ ფინალში რუსთავში, ფოლადის სტადიონზე ჩატარებული მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, პენალტების სერიაში კი თბილისელებმა 3:0 დაამარცხეს მეტოქე. ეროვნული ლიგის 2018 წლის პირველ ტურში დინამო არენაზე რუსთაველებმა 2:1 იმარჯვეს. გოლი რუსთაველთა კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმით ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა.

 

 

მსაჯი და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

შეხვედრას გიორგი ვადაჭკორია წარუძღვება. მას ასისტენტობას ი. უკლება და ა. კოკაია გაუწევენ. მეოთხე მსაჯი შ. ქუხილავაა. დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას დინამოს ვიცე კაპიტანი - ლაშა თოთაძე გამოტოვებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024