ეროვნული ლიგის საიუბილეო გათამაშების განახლებამდე დინამომ ამხანაგური მატჩი ითამაშა. თბილისელებმა დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ცხინვალი მიიღეს. სპარინგი კახი კაჭარავას გუნდის უპირატესობით წარიმართა და პირველი ნახევარი მისივე გუნდის გამარჯვებით 3:1 დასრულდა. პირველ ათ წუთში დუბლი მათე ვაწაძემ შეასრულა. მათემ ჯერ ერგემლიძის პასი შეირგო და გახსნა ანგარიში, შემდეგ კი პაატა კიტეიშვილის კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს ზუსტად შეაგება თავი. მესამე გოლი მე- 20 წუთზე გიორგი ივანიშვილმა გაიტანა, რომელმაც საჯარიმოში რამდენიმე მეტოქეს აუბნია თავგზა. ნახევარი საათის თავზე ერთი გოლი ზუსტი თერთმეტმეტრიანი დარტყმით შალამბერიძემ გაქვითა. მეორე ტაიმი ასევე მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მეტოქე რამდენჯერმე გადაურჩა ხიფათს. მატჩის ბოლოს კი კიდევ ერთი პენალტი, რომელიც ამჯერად მაღალდაძემ შეასრულა ზუსტად და 3:2. თბილისელთა კარში სტეპან სიკაჩი იდგა, მარჯვენა ფრთაზე კი სინჯებზე მყოფმა ლუკა გილმორმა ითამაშა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ 19 წლამდე დინამოს შემადგენლობაშიც ჩაატარა ამხანაგური მატჩი და გატანილი გოლით თავიც გამოიჩინა. ასევე ტრავმისგან გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს ახალგაზრდა ლუკა ქაფიანიძეც დაუბრუნდა. დინამოელები 3 აგვისტოს ეროვნული ლიგის მეცხრამეტე ტურში რუსთავს უმასპინძლებენ.
დინამო 3:2 ცხინვალი
დინამო: სიკაჩი, კობოური, თოთაძე, ქაფიანიძე, გილმორი, ქარდავა, კუცია, ერგემლიძე, პ. კიტეიშვილი, ივანიშვილი, ვაწაძე
მეორე ტაიმში შევიდნენ: ლოჩოშილი, დარცმელია, ქოჩლაძე, შულაია, ბაბუნაძე