• Geo
  • Eng
03.08.2018
დინამომ პირველობა გამარჯვებით განაახლა

დღეს ეროვნული ლიგის საიუბილეო გათამაშება განახლდა. დინამომ საკუთარ არენაზე რუსთავს უმასპინძლა. კახი კაჭარავამ გუნდის შემადგენლობაში რამდენიმე სიახლე შეიტანა. კარს სტეპან სიკაჩი იცავდა, ხოლო შეტევაში ბუდუ ზივზივაძეს მათე ვაწაძე შეუწყვილა. შეხვედრის პირველი სახიფათო მომენტი მათე ვაწაძემ მეექვსე წუთზე შექმნა. მისი შორი მანძილიდან დარტყმული ოდნავ აცდა კონსტანტინე სეფიაშვილის კარს. მასპინძლებმა მალევე მოიპოვეს სათამაშო უპირატესობა. მათე ვაწაძე, აკაკი შულაია და ბუდუ ზივზივაძეს აქტიურობას კი საწყის წუთებში შედეგი არ მოჰყოლია. ანგარიში მე- 19 წუთზე აკაკი შულაიამ გახსნა, მან დავით კობოურის გადაცემა ზუსტად გამოიყენა. 27- ე წუთზე დინამომ ხელიდან გაუშვა კარის აღების რეალური შანსი. ბუდუ ზივზივაძემ ითამაშა ტექნიკურად, შეიჭრა საჯარიმოში, დარტყმული კი სანტიმეტრებში აცდა კარს. თბილისელებმა კიდევ ერთი სწრაფი შეტევა განახორციელეს, მარჯვენა ფრთაზე კარგად ითამაშა ბუდუ ზივზივაძემ, მან ზუსტი პასით ნიკუა ნინუა იპოვა, რომელმაც ანგარიში 2:0 გახადა. პირველი ტაიმი დინამოს გამარჯვებით დასრულდა. მეორე ნახევრის საწყისი პერიოდი გუნდებმა დაბალ რიტმში ჩაატარეს, ტერიტორიულ უპირატესობას კი მასპინძლები ფლობდნენ. 65- ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გაისროლა ძლიერად, ბურთი კი რუსთაველთა კარის ხარიხამ მოიგერია. რუსთაველებმა ერთი გოლის გატანა თამაშის ბოლოს მოახერხეს. სწრაფი კონტრშეტევისას თავი ელგუჯა ლობჯანიძემ გამოიჩინა. საბოლოოდ მატჩი დედაქალაქელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

 

დინამო  2:1  რუსთავი

 

გოლი: 1:0 შულაია 19’  2:0 ნინუა 34’  2:1 ლობჯანიძე 90’ 

გაფრთხილება: ლობჯანიძე 39’  კირკიტაძე 48’  კობოური 92’

 

დინამო: სიკაჩი, რუხაია, თოთაძე, ლოჩოშვილი, კობოური, ნინუა (ზარია 78), ივანისენია, ხარაბაძე, შულაია, ვაწაძე (ქარდავა 60), ზივზივაძე (ერგემლიძე 86)

რუსთავი: სეფიაშვილი, კირკიტაძე, ვ. კილასონია, ღონღაძე, გუჯაბიძე (სიჭინავა 67), პაპავა, თარხნიშვილი, მარცვალაძე (კვარაცხელია 46), ციცქიშვილი (ჩოგაძე 67), ბუგულოვი, ლობჯანიძე

 

მსაჯი: გ. ვადაჭკორია

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024