• Geo
  • Eng
15.08.2011
დინამო, ჩვე­ნი კლუ­ბი

"რეიკიავიკთან" "დინამოს" მასტერკლასის შემდეგ "დინამო" ისევ შეიცვალა.

უკეთესი და თანამედროვე გახდა. "დინამო" სულ იცვლება. რაც მახსოვს, სულ შეცვლილია და სულ რაღაცას აპირებს. "დინამო" არაქართულად, მომგების ფსიქოლოგიით, მშვიდად იწყებს და ამთავრებს. ქართული ფეხბურთი ემოციის უაზროდ დაკარგვაა. ქართული ფეხბურთი პროფესიონალივით დაწყება და დილეტანტივით დამთავრებაა.

ქართული ფეხბურთი წარსულის გახსენება და პერსპექტივის, ასათვისებლის იგნორირებაა. ალეხანდრო გარსია "დინამოდან" გავიგეთ და სულ "დინამოდან" გვეცოდინება. ესპანელია, ესპანელივით აზროვნებს და "დინამოს" არაქართულად ათამაშებს. ეს უკვე კარგია. ცდილობს გაიგოს ქართული მენტალიტეტის კომპლექსები და ეცდება ამ კომპლექსებისგან ბიჭები შეამსუბუქოს. "დინამო" არაქართულად აზროვნებს და ჯერ იგებს.

"დინამოს" აზროვნების, ალეხანდრო გარსიას, კიდევ ოთხი ესპანელის, თითო ჩეხისა და ბრაზილიელის და დანარჩენი ქართველების შეკვრაზე კლუბის გენერალური დირექტორი ზურაბ პოლოლიკაშვილი მუშაობს. პატარა, კოხტა, საქმიანი კაბინეტიდან ამუშავებს "დინამოს". "დინამოც" ამუშავდა. "დინამოში" დინამოელები არიან და რაღაც კარგი უკვე დაიძრა. პოლოლიკაშვილთან საუბარიც კარგი, მეგობრული, საინტერესო იყო.

მოსაგვარებელი და გასაკეთებელი

"დინამო" შეიცვალა. ზედაპირულად, უკეთესი, მოქნილი ორგანიზაცია და არა წარსულში ჩარჩენილი ტრადიცია დარჩა. პოლოლიკაშვილის "დინამო" სუნთქავს. წინა "დინამო" ინერციით იყო, დღევანდელი გუნდი უფრო აზრზეა მოსული. კლუბის გენერალური დირექტორი თავიდან იხსენებს ყველაფერს.

ზურაბ პოლოლიკაშვილი: "დინამოში" იყო პრობლემები... ფინანსური, სხვა სახის პრობლემებიც და ყველაფერი ერთად კლუბის პროგრესს აჩერებდა. არა მარტო "დინამოში", ნებისმიერ კლუბში არის მეპატრონე, რომელიც კლუბს ინახავს. და არის პერსონალი, რომელიც მეპატრონის ფინანსურ და ადამიანურ შესაძლებლობებს ავითარებს, ქაღალდიდან რეალობაში გადააქვს. ამ ორი სფეროს ბალანსი ხელს უწყობს კლუბის განვითარებას და "დინამოში" ეს ბალანსი არ ირღვევა. ტრადიცია ბევრისთვის ზედაპირული სიტყვაა. ტრადიციის შენარჩუნებაზე საუბარი პოპულარული თემაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად უმოქმედო პროცესთან გვაქვს საქმე. "დინამოში" ტრადიციებს უფრთხილდებოდნენ და დღეს ამ ტრადიციებით კლუბის ყველა თანამშრომელი ერთმანეთზე ზრუნავს, ერთმანეთს აზღვევს, ერთმანეთი გააქვს. მოედანზე მოთამაშეები ერთმანეთს აზღვევენ და ეს დაზღვევა დროული და მწვრთნელისთვის მოსაწონი რომ იყოს, კლუბის სხვა წევრებიც ერთი ოჯახივით უნდა იყვნენ. ალბათ, ვართ კიდეც და ეს მსიამოვნებს. ბალანსის შენარჩუნება ყველაფერში აუცილებელია.

"დინამო" არა მხოლოდ რეგიონულად უნდა განვითარებულიყო. კომფორტული ბაზა, სწორი სელექცია, კლუბისთვის შესაფერისი დონის და კვალიფიკაციის თანამშრომლები  ყველაფერი ეს აუცილებელია. რომან ფიფიასთვის "დინამო", საფეხბურთო საქმეებში ჩართვა ახალი ნამდვილად არ იყო. ჩვენი მფლობელი მანამდე რუსეთში, "სოკოლის" წინსვლას უწყობდა ხელს და იცის, სად, რა დონეზე, რა დატვირთვებით უნდა გაკეთდეს ყველაფერი.

"დინამოში" ორი ძირითადი გეგმა დავისახეთ.

პირველი  მოკლევადიანი. ეს გულისხმობს შიდა ჩემპიონატში მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას და ევროპაში კლუბისთვის შესაფერისი ფეხბურთის დემონსტრირებას. არ გვქონდა ილუზია, რომ პირველივე სეზონზე საერთაშორისო დონეზე დიდ წარმატებას მივაღწევდით და ორმაგად სასიამოვნოა, როცა ეს წარმატება მოდის. "დინამო" ევროპის ლიგის ფლეიოფშია, გავიარეთ რამდენიმე წრე და ეს დამაიმედებელია.

"დინამო" ინტელექტუალურად უნდა ვითარდებოდეს. ყველა პროცესი ერთმანეთის პარალელურად და ერთმანეთზე გათვლით უნდა მიდიოდეს. ზოგადად, ფეხბურთში სწორი სელექცია, კარგი მწვრთნელები და მაღალი დონის მოთამაშეები განაპირობებენ წარმატებას. გადავწყვიტეთ ალექს გარსიას აყვანა, რაც, გარკვეულწილად, რისკი იყო. საქართველოში არაქართველი მწვრთნელები ყოველთვის ვერ ამართლებდნენ. თუ ლეგიონერ ფეხბურთელს ლოკალური მასშტაბის მოთამაშეზე ორჯერ მეტს ვთხოვთ, ასეთივე მოთხოვნა უნდა გვქონდეს მწვრთნელებთანაც.

გარსია კარგი მწვრთნელი და დადებითი პიროვნებაა. აქვს შედეგი და ეს შედეგი მოკლე დროში თითქმის უცნობი მოთამაშეებით აიღო. "დინამოს" მწვრთნელი კომუნიკაბელური ადამიანია. თქვენც შეამჩნევდით, რომ მოთამაშეებთან უშუალო, მეგობრული და ოდნავ მკაცრი ურთიერთობა აქვს. გუნდში დადებითი აურის შექმნას ნიჭი და ამის სურვილი უნდა. გარსიას ორივე აქვს. ალექსი მეგობრობს "დინამოს" გულშემატკივრებთან, ბაზაზე ნებისმიერ ადამიანთან მივა, მოიკითხავს და ამას ბუნებრივად აკეთებს. მოთამაშეებმა ალღო აუღეს მის საწვრთნელ პროცესს და ალექსის მუშაობის სტილი მოსწონთ. მათთვის ეს ახალია.

პირველივე შეკრების შემდეგ გამოიკვეთა კლუბის ძლიერი და სუსტი წერტილები, ის ნიუანსები, რომლებსაც მწვრთნელიც, მეც და კლუბის მფლობელიც უფრო ყურადღებით უნდა დავკვირვებოდით.

დავიმატეთ ოთხი ლეგიონერი. "დინამო" ქართველებითაც გაძლიერდა, მაგრამ ახალი შემადგენლობით ერთბაშად შედეგის მიღწევა მაინც ძნელი იყო. გარსიამ ეს გააკეთა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ "დინამოში" "დინამოსთვის" საჭირო მწვრთნელი ალაგებს ყველაფერს.

მადლობას ვუხდი ყველა იმ ქართველ მოთამაშეს, რომელიც დღეს "დინამოშია". ოდიკაძეს, ბერაიას... ყველას, რომ ბოლომდე გვერდში დაგვიდგნენ და სხვაგან უკეთესი პირობები "დინამოზე" არ გაცვალეს. ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ფეხბურთელის ნიჭი იგებს მატჩს, მაგრამ მისი ადამიანური თვისებები ამ ნიჭის გამოვლენას ხელს უწყობს. "დინამოში" კლუბის ერთგული ხალხი თამაშობს. ჩვენი მიზანია "დინამო" ევროპის საშუალო დონის კლუბი გახდეს. ამის მიღწევა შეიძლება. უბრალოდ, ერთმანეთის ერთგულები უნდა ვიყოთ. სიმართლით, მონდომებით და ლტოლვით ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

გრძელვადიანი გეგმა

"დინამოს" გენერალურ დირექტორთან საუბრის დაწყებამდე ათიოდე წუთი მქონდა. კლუბის პრესსამსახურის ხელმძღვანელთან, ჩვენს მეგობარ გიგა გვენცაძესთან ერთად კლუბის ბაზა შემოვიარე. ყველაფერი ისევ იქ არის, სადაც ფიფიამდე, პოლოლიკაშვილამდე, გარსიამდე იყო. სატრენაჟორო დარბაზიც, მოედანიც, საშხაპეებიც, ყველაფერი იქ არის. უბრალოდ, ყველაფერი ახალია და არა ერთჯერადი. ეს სიახლეა, რომელიც ძალიან გსიამოვნებს. პერსპექტივას გრძნობ და ამ პერსპექტივაზე პოლოლიკაშვილიც ყვება.

ზ.პ: "დინამოს" განვითარების მეორე გეგმა გრძელვადიანია. ჩვენი ბავშვთა აკადემია კლუბის ზრდის პირველი ხელშემწყობი უნდა იყოს. "დინამოს" ბავშვთა აკადემიაში ყველა ვერ მოხვდება. იქ მხოლოდ განსაკუთრებული ბავშვები ივარჯიშებენ, მანამდე კი სელექციის რამდენიმე ეტაპს გაივლიან. ახლა აკადემიაში რვა ასაკობრივი ჯგუფია, სადაც მუშაობს სპეციალისტი, რომელსაც "ბარსელონას" კანტერაში ასეთივე დატვირთვა ჰქონდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ იქნება მასაზე გათვლილი აკადემია. აკადემიის მიზანი მარტო ჩვენი კლუბის შევსება არ არის. "დინამოს" ყველაზე კარგ პროდუქტს მიიღებს საქართველოს ნაკრებიც. კლუბი მის მეპატრონეს ეკუთვნის, ნაკრები კი მთელ საქართველოს. ყველა კლუბი ჩვენი ნაკრების წარმატებისთვის, ქვეყნის პრესტიჟის დასაცავად მუშაობს. "დინამოში" ეს ესმით, ამას ყველა ხვდება და ითვალისწინებს. ყველაფერი ეტაპობრივად, ჯაჭვურად ხდება.

სექტემბრიდან ალექს გარსია ყველა ასაკობრივ ჯგუფს მიაქცევს ყურადღებას. აქამდე ის თითქმის მთლიანად დიდ გუნდზე იყო გადართული. დავრწმუნდით, რომ სანდო და საინტერესო, შედეგის მომტანი მწვრთნელია და მისი მუშაობის არეალი გაფართოვდება, მისი სამუშაო უფრო საინტერესო, ოდნავ დამღლელი და საპასუხისმგებლო იქნება. "ბარსელონა" მოდელად, წარმატების მიღწევის საუკეთესო თანამედროვე მაგალითად ავირჩიეთ და გარსიას "ბარსელონაში" აქვს ნამუშევარი. გარსიამ "ბარსელონას" ნაწილი "დინამოში" წამოიღო. შედეგებს ორი წლის თავზე ველით. იმედი მაქვს, პროგრესი უფრო შესამჩნევი და ბუნებრივი იქნება.

"დინამოში" გაუმჯობესდება სასელექციო პროცესი. საკუთარი აკადემია და რამდენიმე ლეგიონერი არ გამორიცხავს სხვა ქართული კლუბებიდან შევსებას. ცხადია, ქართული კლუბებიდან ქართველი მოთამაშეების დამატებას ვგულისხმობ. სამწუხაროდ, საქართველოს რეგიონებში სელექცია არასწორად ტარდება. აუცილებელია ზონირებული სელექცია, რომელსაც სწორი, მაქსიმალურად დატვირთული და აუცილებელი ინფორმაციული ბაზა შეუწყობს ხელს. "დინამოში" სელექციონერთა ჯგუფს ორი კარგი სპეციალისტი  თემურ უგრეხელიძე და გია ჯიშკარიანი ხელმძღვანელობს.

თუ საჭიროა, საჭირო იქნება

"დინამო" ჩვენი დანარჩენი კლუბებისთვის მაგალითია. "დინამოში" ტრადიცია არ ყვირის და ასაკში შესული ბაბუასავით მშვიდად გესალმება. ტრადიციას უფრთხილდები და იცი, რომ ის ტრადიცია უფრო დიდია, ვიდრე გგონია. "დინამოში" შეცდომაც ბევრი იყო. შეცდომები "ბარსელონაშიც" იყო და ნებისმიერ სხვა სოლიდურ ორგანიზაციაშიც. შეცდომის გარეშე მოტივაციის, ლტოლვის, აზარტის შენარჩუნება ძნელია. მოტივირებულია გარსია, მოტივირებულია პოლოლიკაშვილიც. მოტივირებულია მთელი კლუბი.

ზ.პ: "ცხადია, ყველა მოტივირებულია. გარსია "დინამოში" თავისი ჩამოყალიბებული კრიტერიუმებით მოვიდა. სპეციფიკაზე გათვლილი, შედეგის მომტანი, საერთო კრიტერიუმებით, და როგორც გითხარით, მის აზრს ყველა ითვალისწინებს. ქართულ კლუბებში არ არსებობს სწორი როტაცია, ცალკეულ მოთამაშეებზე იქმნება სუბიექტური, ერთი კონკრეტული ადამიანის აზრი, რომელიც ხშირად არასწორი და მიკერძოებულია. "დინამოში" არა მარტო მოთამაშესთან, ნებისმიერ ნიუანსთან დაკავშირებით საერთო აზრამდე მივდივართ და მხოლოდ ამის შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას. ასე სწორია. ასე სანდოა და ასე იქნება.

ალექს გარსიას თავიდან ეგონა, რომ სადაც ჩადიოდა, იქ იმაზე დაბალი დონის ჩემპიონატი, მოთამაშეები დახვდებოდა, ვიდრე რეალურად იყო. "დინამოში" ის ყველაფრით კმაყოფილია. მწვრთნელს ვეთანხმები, რომ უნდა შეიქმნას უკეთესი ინფრასტრუქტურა და სწორი მუშაობით ჩამოყალიბდეს წარმატებული და სწორი კლუბი. გარსია ნაკლები მოლოდინით ჩამოვიდა და მეტი ენთუზიაზმით მუშაობს. მოკლედ, ესპანელმა კარგად მიიღო არსებული გარემო. არ ცდილობს, ამ გარემოზე გადაეწყოს ან ეს გარემო თავის თავზე გადააწყოს. ალექსი ამ გარემოს შეეგუა და საქართველოში ბევრი საინტერესო, მისთვის ახლო შეხების წერტილი ნახა. ერთერთი წერტილი "დინამოა". ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის.

თუ საჭირო იქნება და თუ ეს საქართველოს ნაკრების ინტერესებში შევა, ალექს გარსია თავის გამოცდილებას ნაკრებსაც გაუზიარებს. თემურ ქეცბაია არაჩვეულებრივი პიროვნება და ძალიან ძლიერი, გამოცდილი სპეციალისტია. საქართველოს ნაკრები წინ მიდის. პოლონეთთან წავაგეთ, მაგრამ ვუტევდით, გულშემატკივრისთვის სასიამოვნო ფეხბურთი ვითამაშეთ და საბოლოოდ, შედეგის გარდა, ყველაფრით კმაყოფილი ვიყავით. ქეცბაია და გარსია აეკთან შეხვედრამდე გაესაუბრებიან ერთმანეთს. თემური იქ იქნება და რჩევებით დაგვეხმარება  ქეცბაია ბერძნულ ფეხბურთს კარგად იცნობს."

კრუიფი, ზიდანი,  სუხიშვილები

ზ.პ: "საერთოდ, "ბარსელონას" გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ალბათ მალე "რეალზე" გადავალ. "ბარსელონა" ისედაც ყველაფერს იგებს, ალბათ, უკვე დამღლელიც არის... ბავშვობიდან საფრანგეთის ნაკრების გულშემატკივარი ვარ. მომწონდა მიშელ პლატინი, შემდეგ  ზინედინ ზიდანი. ყოველთვის მომწონდა "ბარსელონა".

ცხადია, "დინამოს" "ბარსელონას" მოდელზე გადასვლა მაღალი დონის შემსრულებლებზე დაყრდნობასაც ითვალისწინებს. შედეგის მომტანი ფეხბურთი შედეგის მომტანმა მოთამაშემ უნდა ითამაშოს. ეს შედეგი მწვრთნელმა უნდა მოიტანოს და მწვრთნელის შერჩევა კლუბის ხელმძღვანელების პრეროგატივაა.

რა სტილი და ტაქტიკაც არ უნდა აირჩიოს "ბარსელონამ", მესის, ხავის და ინიესტას გარეშე ვერ მოიგებს, ფერებს დაკარგავს. "დინამოშიც" მაღალი დონის შემსრულებლები უნდა გვყავდეს. "დინამო" თამაშობს და, ალბათ, ითამაშებს 433 ტაქტიკით, რაც შემტევ, გახსნილ, სწრაფ ფეხბურთს გულისხმობს. ეს ფეხბურთი საინტერესო საყურებელია. დღეს ყველას სურს დაემსგავსოს "ბარსელონას".

"ბარსელონა" შედეგია. "დინამოს" სურვილიც ეს არის. მანამდე უნდა აეწყოს ინფრასტრუქტურა, ამუშავდეს (ისე, როგორც გვსურს) "დინამოს" აკადემია და შედეგი მოვა. დღევანდელი "ბარსელონას" აგება წლების წინ კრუიფმა დაიწყო და გვარდიოლამ დაასრულა. ეს არის საფეხბურთო სასახლე, სადაც ყველას არ უშვებენ. "დინამოც" განსაკუთრებული უნდა იყოს.

"დინამო" ქართული ბრენდია. "დინამო" ჩვენი ისტორია და წარსულია. ამ კლუბის ისტორიასა და წარსულზე აშენდება საბრენდო და სამარკეტინგო პოლიტიკა. საქართველოში ჩამოდიხარ და ეცნობი ქართულ სიმდიდრეს, ძველ თბილისს, სუხიშვილებს, ჩვენს მდიდარ ისტორიას. ხალხი დაბრუნდება სტადიონებზე. არა მარტო "დინამოზე". გულშემატკივარი სხვა კლუბებსაც უნდა დაუბრუნდეს.

ძალიან მინდა დაბრუნდეს ის დრო, როდესაც მშობელს შვილი დაჰყავდა არა მარტო რუსთაველის თეატრში ან სუხიშვილების კონცერტზე, მშობელს შვილი "დინამოზე" დაჰყავდა. "დინამო" ჩვენი ქვეყნის, საქართველოს დიდი ისტორიის ნაწილია.

ერთ თვეში გავხსნით "დინამოს" ბაზას. თქვენი გაზეთის საშუალებით დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესში გვეხმარებოდა და გვეხმარება.

"დინამო" ყველა ქართველის კლუბი და ჩვენი სიამაყეა."

სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/sport/football/20110815/19260.html

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024