• Geo
  • Eng
04.05.2019
დამაჯერებელი გამარჯვება სიონთან

დღეს დინამო არენაზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე- 11 ტურის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დაწყებამდე სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივარი დინამო თბილისის 15 წლამდე შემადგენლობას მიესალმა. მოგეხსენებათ ვახტანგ იაგორაშვილის გუნდმა რამდენიმე დღის წინ დარასელიას თასი მოიპოვა. კოკისპირული წვიმის მიუხედავად, თამაში მაღალ რიტმში დაიწყო. დინამოელთა პირველივე შექმნილ სახიფათო მომენტს კი ბოლნისელთა კარის აღება მოჰყვა. ზუსტი დარტყმით ლევან კუტალია მეოთხე წუთზე გამოირჩა. საპასუხოდ სიონს შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ დავით კირკიტაძის დარტყმული გუჯა რუხაიამ მოიგერია. რიტმი არც ამის შემდეგ დავარდნილა და ორწუთიან მონაკვეთში ორი გოლიც იხილა მაყურებელმა. ჯერ ნიკა ნინუას ჩაწოდების შემდეგ გიორგი პაპავამ ზუსტი თავურით აიღო სტუმართა კარი, შემდეგ კი ვილი ისიანმა შორი მანძილიდან დარტყმით შეამცირა სხვაობა. მატჩის 38- ე წუთზე ბოლნისელთა კარი ხარიხამ იხსნა, ძლიერ დარტყმას გიორგი კუხიანიძე ასრულებდა. რამდენიმე წუთში ისევ ხარიხა და ისევ ბოლნისელთა კარი გადარჩა. ამჯერად სტუმრებს ლევან შენგელია ემუქრებოდა. მეორე ტაიმი ისევ თბილისელთა აქტიურობით დაიწყო და მესამე გოლისგან სტუმართა კარი მცველმა იხსნა, რომელმაც ცარელა კარიდან ბოლო წამს გამოიტანა ლევან კუტალიას დარტყმული ბურთი. მეორე ნახევარი მთლიანად პირველის დარად გაგრძელდა. ამინდის მიუხედავად თამაშის მაღალი რიტმი არ დაცემულა. დინამოელებმა კიდევ ერთი გოლის გატანა 61- ე წუთზე მოახერხეს. კუტალია-შენგელია-კუტალია და ანგარიში ხდება 3:1. მომდევნო ეპიზოდში გიორგი კუხიანიძეს შეეძლო გატანა, მაგრამ ისევ კიპერმა მოიგერია ბურთი. მეოთხე გოლისგან სტუმრები გოლკიპერმა აკაკი შულაიას ჩახვეული დარტყმის შემდეგ იხსნა. მატჩის 83- ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ფრან კარბიამ ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე ირაკლი აზაროვი შევიდა. თბილისელებმა მეოთხე გოლი მაინც გაიტანეს. ბაქარ ქარდავამ 85- ე წუთზე კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს თავი ზუსტად შეაგება. მატჩის საფინალო ანგარიში კი ასევე ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ ვიქტორ მონხილმა დააფიქსირა, რომელმაც დინამოს ფორმით სადებიუტო გოლი გაიტანა. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 11 მაისს ბათუმში, ადგილობრივ დინამოსთან გამართავს.

 

დინამო  5:1  სიონი

 

გოლი: 1:0 კუტალია 4’  2:0 პაპავა 25’  2:1 ვ. ისიანი 27’  3:1 კუტალია 61’  4:1 ქარდავა 85’  5:1 მონხილი 91’

გაფრთხილება: უგულავა 12’  ხმალაძე 34’  ჩაჩუა 89’

 

დინამო: პერალესი, რუხაია, მონხილი, მეჯუბი, იაშვილი, ნინუა, პაპავა, შენგელია (კარბია 73, აზაროვი 83), კუხიანიძე (ქარდავა 78), შულაია, კუტალია

სიონი: ლ. ისიანი, თომაშვილი, აფაქიძე, ჩაჩუა, სუხიაშვილი, ხმალაძე (რაჟამაშვილი 72), თარხნიშვილი, ქიქავა (მაქაცარია 63), კირკიტაძე (თარგამაძე 46), ვ. ისიანი, უგულავა

 

მსაჯი: ი. კვირიკაშვილი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024