ჩვენი კლუბის იურიდიული განყოფილების უფროსი– ლევან ზუხბაია, გერმანიის ქალაქ მიუნჰენში ევროპის საფეხბურთო კლუბების ასოციაციის (ECA), იურიდიული ფირმა– მარტენსის და მიუნჰენის ბაიერნის ორგანიზებით მოწყობილ სამუშაო შეხვედრაზე იმყოფებოდა.
ლევან ზუხბაია– ამ სამუშაო შეხვედრის თემა, სპორტული (საფეხბურთო) დავების გადაწყვეტის საკითხები იყო. დღევანდელ საფეხბურთო სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა სწორედ დავების გადაწყვეტაა. კერძოდ– საფეხბურთო საზოგადოება ერთხმად მივიდა აზრამდე, რომ ფიფა დავებს განიხილავს ძალიან ნელ ტემპში და კონკრეტული საკითხი შეიძლება 3–4 წელიწადიც გაიწელოს. დავებს ასევე სპორტული არბიტრაჟიც განიხილავს. მთავარი პრობლემა კი ამ დროს არის გამოტანილი გადაწყვეტილებების გაჭიანურებული ვადები და აღსრულება. ხშირ შემთხვევაში გადაწყვეტილება აღუსრულებელი რჩება, რამაც უკვე უკიდურესად დაძაბა ურთიერთობა კლუბებსა და ფეხბურთელებს შორის. მოცემული სამუშაო შეხვედრა ამ პრობლემების მარტივად გადასაჭრელი გზების ძიებას ისახავდა მიზნად. კარლ–ჰაინც რუმენიგე (ECA– ს თავმჯდომარე) აქტიურადაა ჩართული ამ პრობლემების მარტივად მოგვარების საქმეში. ასევე მოწვეული კლუბების იურიდიული სამსახურის წარმომადგენლებმა (ბაიერნი, ბარსელონა, არსენალი, რეალი, მანჩესტერ სიტი, დინამო კიევი და ა.შ.) შესაბამისი გამოცდილება გაუცვალეს ერთმანეთს.