• Geo
  • Eng
06.04.2022
დინამომ დილას 2-1 მოუგო

დღეს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის მე-4 ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დინამომ დილას უმასპინძლა. მოგეხსენებათ ეს მატჩი 14 მარტს დიდთოვლობის გამო არ შედგა.

 

მატჩი დედაქალაქელებმა აქტიურად დაიწყეს და სწრაფი გოლიც გაიტანეს. შეხვედრის მეორე წუთზე უსმანე კამარას აქტიურობას და ზუსტ გადაცემას დმიტრი ანტილევსკი გამოეხმაურა, ბელარუსი თავდამსხმელი გორელთა მეკარის პირისპირ გავიდა და ტექნიკური დარტყმით ანგარიში გახსნა. შეხვედრა დინამოელთა ტერიტორიული უპირატესობით გაგრძელდა, კახა ცხადაძის გუნდი ანგარიშის გამყარებას ცდილობდა რაც პირველივე ტაიმში მოახერხა. დილას საჯარიმოს მისადგომებთან დანიშნული საჯარიმო დარტყა ჩვენი გუნდის კაპიტანმა უზადოდ შეასრულა. გიორგი პაპავას ყუმბარისებული გასროლის შემდეგ ანგარიში 2-0 გახდა და ტაიმიც მალევე დასრულდა.

 

მეორე ნახევარში მეტოქემ უმატა შეტევებს, რასაც ერთი გოლის გაქვითვა მოჰყვა. თუმცა მანამდე მასპინძლებმა გაიტანეს, მაგრამ მსაჯმა ჯარიმა დააფიქსირა. 62-ე წუთზე ვანდერსონ სილვას ჩაწოდებული, ზუსტი თავურით ვაგნერ გონსალვეშმა დააგვირგვინა 2-1. ამის შემდეგ თბილისელებს რამდენიმე ეპიზოდში მართებდათ კიდევ უფრო დაწინაურება, ყველაზე რეალური მომენტი კი თბილისელებმა 85-ე წუთზე გაუშვეს ხელიდან. თორნიკე კირკიტაძის მიერ კარს გასწვრივ ჩაწოდებულ ბურთს ჯერ უსმანე კამარა აცდა, დამატებაზე კი სტანისლავ ბილენკიმ ხარიხას გაარტყა ბურთი. საბოლოოდ აღარაფერი შეცვლილა და დინამომ მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მომდევნო შეხვედრას კახა ცხადაძის გუნდი 10 აპრილს თელავში გამართავს.

 

მატჩის ოქმი და შემადგენლობა იხილეთ აქ:  https://erovnuliliga.ge/ge/game/6075-dtb-dil

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024