11 ივლისს პოდგორიცაში უეფას კონფერენციის ლიგის პირველი საკვალიფკაციო ეტაპის პირველი მატჩი გაიმართა. დიჯი არენაზე მორნარმა დინამოს უმასპინძლა.
მატჩი თბილისელებმა აქტიურად დაიწყეს და პირველ 15 წუთში მეტოქის კარის აღების ორი რეალური შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან. მე-10 წუთზე ჯერ ოსკარ სანტისმა ვერ გამოიყენა ხელსაყრელი მომენტი და ერთი ერთზე გასულმა დარტყმა დაახანა, ხოლო მეორედ ნიკა ცეცხლაძეს შეეძლო ზუსტი დარტყმა, მაგრამ ბურთი აცდა კარს. ანგარიში მე-20 წუთზე გაიხსნა, მარკო ჯურიშიჩმა ძლიერად შეასრულა საჯარიმო დარტყმა, ბურთი კედელში მდგომ ფეხბურთელს მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და დინამოელთა კარში აღმოჩნდა. დინამოს და კერძოდ დაცვის ხაზის დაბნეულობით მალევე ისარგებლეს მასპინძლებმა და სამიოდე წუთში მილან ვუშუროვიჩმა ორი ბურთით დააწინაურა მორნარი. დინამომ ნელ-ნელა გამოასწორა თამაში, თუმცა პირველი ტაიმის მეორე ნახევარი შეიძლება ითქვას მასპინძელთა ტერიტორიული კარნახით ჩამთავრდა. მეორე ტაიმში ფერდინანდ ფელდჰოფერმა ცვლილებებს მიმართა. მოედანზე დავით სხირტლაძე და საბა სამუშია შევიდნენ. მათ დინამოს შემტევ პოტენციალს მეტი ენერგია შემატეს, სხირტლაძემ ჩვეულ სტილში მალევე შექმნა რამდენიმე სახიფათო მომენტი, სამუშიას დრიბლინგებს კი სულ უფრო გაჭირვებით უმკლავდებოდნენ მცველები. საბას რეალური საგოლე ეპიზოდიც შეექმნა, მაგრამ დარტყმის ნაცვლად დინამოელთა შემტევმა გადაცემა არჩია და მომენტიც განიმუხტა. მანამდე არბიტრს თერთმეტმეტრიანის დანიშვნაც შეეძლო, მასპინძლებმა საჯარიმოში დავით სხირტლაძეზე იუხეშეს, თუმცა მსაჯმა თამაშის გაგრძელება ბრძანა. შეცვლაზე მუხრან ბაგრატიონი და ჯადული იობაშვილიც შევიდნენ. შეიძლება ითქვას, რომ მეორე ტაიმი მთლიანად დინამოელთა კარნახით წარიმართა, გოლი კი თბილისელებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე გაიტანეს. საკმაოდ აქტიური ოსკარ სანტისის მიერ ჩაწოდებულ კუთხურს საჯარიმოში შერბენილი ნიკა უგრეხელიძე ზუსტი თავურით გამოეხმაურა და ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. დინამოელებს ერთი წუთი ჰქონდათ დარჩენილი და სტატუს ქვოს აღდგენაც შეეძლოთ, თუმცა ბოლო წამებზე საბა ხვადაგიანს არ გამოუვიდა დარტყმული, ბურთი მეტოქის კარის ხარიხას ზევიდან გადაცდა და მატჩიც მორჩა.
შეხვედრაში სარეკორდო ფაქტიც დაფიქსირდა. საბა ხარებაშვილი UEFA-ს საკლუბო ტურნირების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. თამაშის დროს საბა 15 წლის, 10 თვის და 8 დღის გახლდათ.
საპასუხო შეხვედრას ფერდინანდ ფელდჰოფერის გუნდი 18 ივლისს თბილისში, მიხეილ მესხი არენაზე გამართავს. მატჩი 21.00 საათზე დაიწყება.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი