• Geo
  • Eng
19.10.2013
დინამო–2 თელავის კახეთი დაამარცხა

პირველი ლიგის გათამაშების მერვე ტურის შეხვედრა დინამოელებმა შინ, ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემიის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გამართეს. დღევანდელ მატჩში დინამო–2 თელავის კახეთს დაუპირისპირდა. მალხაზ ჟვანიას გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს დიდი ანგარიშით – 6:0 მოუგო.

 

მატჩი თბილისელი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა. შეხვედრის პირველივე წუთებზე დინამოელებს გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდათ. მასპინძლებმა პირველივე წუთზე რეალური საგოლე ეპიზოდი გააცუდეს, ზუსტი დარტყმის შესრულება თენგიზ კიტოვანმა ვერ მოახერხა. ჩვენმა ფეხბურთელებმა მერვე წუთზე კიდევ ერთი შანსი ვერ გამოიყენეს, ამჯერად მეკარესთან პირისპირ გასულმა ნიკა დიასამიძემ ვერ დაარტყა ზუსტად და სტუმართა კიპერმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. სტუმართა იშვიათ შეტევას 28–ე წუთზე დინამოს კარის მიმართულებით დანიშნული ჯარიმა მოჰყვა. სტუმართა რიგებიდან საჯარიმო დარტყმა გოჩა ლომიძემ შეასრულა და ბურთი პირდაპირ კარისკენ გაგზავნა – თორნიკე ზარქუამ ურთულესი დარტყმული ლამაზ ნახტომში კუთხურზე მოიგერია. დაპირისპირების 30–ე წუთზე მალხაზ ჟვანიას შეგირდებმა ანგარიში გახსნეს. შეტევის მარცხენა ფლანგიდან ლაშა შერგელაშვილმა საჯარიმოში ჩააწოდა, ბურთი უმეთვალყურეოდ დარჩენილ ნიკა დიასამიძეს მიუვიდა და მანაც ზუსტად დაარტყა – 1:0.

 

მეორე ნახევარში დინამო–2 კიდევ აქტიურად უტევდა მეტოქეს. ტაიმის დებიუტში საჯარიმოში თამაშის წესების დარღვევისთვის მსაჯმა სტუმართა რიგებიდან გიორგი მურველაშვილი გააფრთხილა, თერტმეტმეტრიანი საჯარიმო დატყმის შესრულება კი ნიკა დიასამიძემ ითავა, რომელმაც 52–ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა – 2:0. დაპირისპირების 59–ე წუთზე სტუმართა გოლკიპერმა, გიგო აბულაშვილმა ბიძინა მახარობლიძის დარტყმული კუთხურზე მოიგერია. სტანდარტიდან გათამაშებული ბურთი საჯარიმოში ლაშა შერგელაშვილმა ჩააწოდა, ბურთს კი თავი ოთარ კაკაბაძემ დაუხვედრა და სხვაობა სამამდე გაზარდა – 3:0. დინამოელებმა მორიგი გოლი მატჩის 75–ე წუთზე გაიტანეს, მეკარესთან პირისპირ გასულმა ბიძინა მახარობლიძე ვიზავის გასცდა და ბურთი მეტოქის კარის ხაზამდე მიაცილა – 4:0. დაპირისპირების 88–ე წუთზე თავისი გოლი გაიტანა შეცვლაზე შემოსულმა ბუდუ ზივზივაძემ – 5:0. მატჩის საფინალო ანგარიში კი 89–ე წუთზე ნიკა დიასამიძემ დააფიქსირა, რომელმაც ჰეთთრიქი შეასრულა – 6:0 დინამო–2 სასარგებლოდ.

 

დინამო–2 6:0 კახეთი

გოლები: 1:0 დიასამიძე 30’

2:0 დიასამიძე 52’ (პენ.)

3:0 კაკაბაძე 60’

4:0 მახარობლიძე 75’

5:0 ზივზივაძე 88’

6:0 დიასამიძე 89’

 

დინამო–2: ზარქუა, კაკაბაძე, გიორგი ლობჟანიძე, სამხარაძე, შერგელაშვილი, სარიშვილი, მახარობლიძე, კიტოვანი (ჭეჭელაშვილი 68’), ჯიშკარიანი (საბა ლობჟანიძე 46’), დიასამიძე, შინდაგორიძე (ზივზივაძე 59’)

 

კახეთი: აბულაშვილი (ბიწკინაშვილი 80’), მურველაშვილი, ლომიძე, ვარდუაშვილი, ნატროშვილი (ხუციშვილი 72’), ჩიტალაძე, ბაგალიშვილი, მურადაშვილი, ნონიაშვილი (ცისკარაული 66’), ტყეშელაშვილი

 

გაფრთხილება: მურველაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024