თურქული შეკრების უკანასკნელ სპარინგ მატჩს დინამოელები ხვალ, უკრაინის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეათეადგილოსან, ლუგანსკის ზარიასთან გამართავენ. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და დაპირისპირების ტექსტური რეპოტაჟის ხილვა ტრადიციულად, ჩვენი გუნდის ოფიციალურ ვებ–გვერდზე შეგეძლებათ.
ლუგანსშკი, 1923 წელს დაარსებულმა საფეხბურთო კლუბმა, რომელსაც თავდაპირველად მეტალურგი ერქვა, სახელწოდება რამდენჯერმე შეიცვალა. 1996 წლიდან შავ–წითელ–თეთრები ზარიას სახელით ასპარეზობენ. ჩვენი მომავალი სპარინგ მეტოქე საშინაო შეხვედრებს სტადიონ ავანგარდზე მართავს, რომელიც 22 288 მაყურებელს იტევს. ყველაზე მეტი მატჩი ზარიას ისტორიაში ანატოლი კუკსოვს აქვს ჩატარებული, მან 517 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი კი ალეკსანდრ მალიშენკო არის, რომელმაც ლუგანსკელთა სასარგებლოდ 121 გოლი გატანა.
საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ცამეტგზის მონაწილე ზარიამ 1972 წელს ჩემპიონობა მოიპოვა. ლუგანსკის გუნდი1974 და 1975 წლებში, ზედიზედ ორჯერ დაეუფლა სსრკ თასს. ამავე პერიოდში ზარია სამჯერ გახდა უკრაინის ჩემპიონი.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ზარიამ უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატში გააგრძელა ასპარეზობა. სადებიუტო გათამაშება გუნდმა მეშვიდე საფეხურზე დაასრულა. უკრაინის უმაღლეს ლიგაში ზედიზედ ხუთი ნათამაშები სეზონის შემდეგ, ჩვენმა მომავალმა სპარინგ მეტოქემ 1996/1997 წლების სეზონი რანგით მეორე ლიგაში დაიწყო. 1997/1998 წლების სეზონის შემდეგ გუნდი კვლავ დაქვეითდა. ფინანსური პრობლემების მიუხედავად ზარიამ ეტაპობრივად გაიარა უმღლესი ლიგისკენ მიმავალი გზა და 2006/2007 წლების სეზონში უკრაინის საფეხბურთო ელიტას დაუბრუნდა.
დამოუკიდებელი უკრაინული ფეხბურთის ისტორიაში ზარიას განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევია. საბჭოთა კავშირის საფეხბურთო შეჯიბრებებზე მოპოვებულ ჯილდოებს, გუნდმა უკრაინის რანგით მესამე და მეორე ლიგის გამარჯვებულისთვის განკუთვნილი თასები შეჰმატა.
ევროასპარეზზე ზარიამ ერთადერთხელ, შორეულ 1973 წელს ითამაშა. ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაზე ლუგანსკის გუნდმა ტურნირის პირველ ეტაპზე კვიპროსულ აპოელ–ს სძლია. მეორე ეტაპზე კი გუნდი სპარტაკ ტრნავასთან ორმატჩიან დაპირისპირებაში 0:1 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი მომავალი მეტოქის შემადგენლობაში რვა ლეგიონერი ირიცხება, აქედან ერთი კი ქართველი თავდამსხმელი, ჯაბა ლიპარტია არის.
უკრაინის პრემიერ ლიგის გასულ სეზონში ზარიამ 13 პოზიცია დაიკავა, მიმდინარე გათამაშებაში კი გუნდი მეათე საფეხურზე იმყოფება და დარჩენილ შეხვედრებში ევროსაგზურის მოსაპოვებლად იბრძოლებს. მოახერხებს თუ არა ზარია ჩემპიონატის საუკეთესო ხუთეულში მოხვედრას, ამას მოგვიანებით შევიტყობთ – მანამ კი ჩვენი ყურადღება თურქეთში გასამართ ხვალინდელ სპარინგს დავუთმოთ, რომელიც თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.