კოლხეთის წინააღმდეგ დინამოელები საქართველოს თასის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრას ხვალ, სტუმრად გამართავენ. ფოთში მატჩი 14:00 საათზე დიაწყება და დაპირისპირების ტექსტური რეპორტაჟის ხილვა ჩვენი გუნდის ოფიციალური ვებ–გვერდის საშუალებით შეგეძლებათ.
ორი მატჩი – ორი გამარჯვება. მიმდინარე სეზონში დინამოელებმა ეროვნულ ჩემპიონატში კოლხეთს ორივე შეხვედრაში აჯობეს. დუშან უჰრინის შეგირდებმა თბილისში 5:0 მოიგეს, სტუმრად – 2:0. უმაღლესი ლიგის პირველი ეტაპი გუნდებმა განსხვავებულ პოლუსებზე დაასრულეს, დინამო ზამთრის ჩემპიონ გახდა – ფოთის კოლხეთმა კი ბოლო ადგილი დაიკავა.
ლურჯ–თეთრებმა თურქეთში ორი მოსამზადებელი შეკრება გაიარეს. სეზონის დასკვნითი ეტაპის დაწყებამდე, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში, დუშან უჰრინის კრებულს ახალი სახეები შეემატნენ. ახალი სახეები ფოთის კოლხეთშიც არიან, გუნდს ბრაზილიელი ლეგიონერი – ვიტორ როსინი შეუერთდა, რომელიც აქამდე სამშობლოში ვილა ნოვასა და გუარანში თამაშობდა.
ხვალინდელი შეხვედრა როგორც დინამოსთვის, ასევე კოლხეთისთვის 2013 წლის პირველი ოფიციალური მატჩი იქნება. საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8 ფინალური ეტაპით ქართული საფეხბურთო სეზონის დასკვნითი ეტაპი იწყება,
ეროვნულ ასპარეზზე დინამოსა და კოლხეთის ურთიერთდაპირისპირება პირველი ჩემპიონატიდან იღებს სტარტს. მას შემდეგ ჩვენი გუნდი კოლხებს 51–ჯერ დაუპირისპირდა. დინამომ 34–ჯერ მოახერხა კოლხეთის დამარცხება, 10 შეხვედრა ფრედ დასრულდა, 7 შემთხვევაში კი ფოთელებს დარჩათ გამარჯვება. ბურთების შეფარდება დედაქალაქელთა სასარგებლოდ 115:36–ზე არის.
თბილისელი ფეხბურთელებისთვის ხვალინდელ შეხვედრაში დამაკმაყოფილებელ შედეგად მხოლოდ გამარჯვება ჩაითვლება. დინამოელები მოედანზე ტრადიციულად – მოსაგებად გავლენ. რა თქმა უნდა, იოლად არც მასპინძლები დათმობენ არაფერს და ფოთელები საკუთარ მოედანზე ბრძოლას გააჩაღებენ.
ინტერესს იწვევს თუ როგორი იქნება ჩვენი მომავალი მეტოქის სასტარტო თერთმეტეული, ამას მათი მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს. ჩვენი ვარაუდით კი კოლხეთი ასეთი შემადგენლობით იასპარეზებს:
მიქაბერიძე, დათუნაიშვილი, ცხვიტარია, ფარულავა, კილასონია, ქებაძე, როსინი, ცხადაია, გოგონაია, კრასოვსკი, კვანტალიანი